რამდენიმე
დღის წინ გამოქვეყნდა X კლასის სახელმძღვანელო საქართველოს ისტორიაში (,,მოსწავლის
წიგნი’’). სახელმძღვანელოს ავტორები არიან ჯაბა სამუშია, გიორგი კალანდია და ალექსანდრე
ბოშიშვილი. აღნიშნული წიგნი სახელმძღვანელოთა სერიის პირველი ნაწილია (უნდა ველოდოთ,
რომ გამოქვეყნდება დანარჩენი სამი ნაწილიც) (გამოიცა მეშვიდე კლასის მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოც, თუმცა, ამჯერად, რეცენზია მხოლოდ მეათე კლასის საქართველოს ისტორიის ,,მოსწავლის წიგნს'' შეეხება). სახელმძღვანელო მოიცავს ძირითად ტექსტს,
წყაროებს, კითხვებს, რუქებსა და ილუსტრაციებს (სულ 181 გვერდი). უნდა აღინიშნოს, რომ
წიგნი გამოირჩევა შესანიშნავი ილუსტრაციებით, რაც მოსწავლეებისთვის (და არა მარტო მათთვის)
უთუოდ საინტერესო სიახლეა. სახელმძღვანელოს ერთმნიშვნელოვნად დადებით მხარეს წარმოადგენს
რუქების სიუხვე, რაც მოსწავლეს სხვადასხვა ეპოქების გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ
ნათელ წარმოდგენას უქმნის, მაგრამ (ძალიან არ მინდა რადიკალური შეფასებების გამოყენება,
მაგრამ, სამწუხაროდ, მომიწევს) ,,მოსწავლის წიგნი’’ იმდენადაა გადავსებული უხეში შეცდომებითა
და სრულიად არაკომპეტენტური მსჯელობით, უშინაარსო კითხვებითა და დაუსაბუთებელი მტკიცებებით,
რომ ამ სერიოზული ხარვეზების ფონზე წიგნის ყველა დადებითი მხარე ფერმკრთალდება და უჩინარდება.
უპირველეს ყოვლისა, დავსვათ შეკითხვა:
რა უნდა იყოს ისტორიის (საქართველოს ან მსოფლიოს) სახელმძღვანელოს უმთავრესი დანიშნულება?
ცხადია, ცოდნის მიღება ისტორიულ პირთა და მოვლენათა შესახებ, მაგრამ ისტორიის შესახებ
,,ცოდნის მიღება’’ ერთობ სპეციფიკური პროცესია და ის აუცილებლად გულისხმობს კრიტიკულ
აზროვნებას (ისევე როგორც ყოველგვარი ცოდნის მიღება). მეცხრამეტე საუკუნიდან ისტორიის
როგორც მეცნიერების მთავარი ფუნქცია წყაროების კრიტიკული წაკითხვაა. ნებისმიერი ისტორიული
წყარო შესაფერის განსჯასა და გარჩევას მოითხოვს. რამდენად სანდოა ესა თუ ის წყარო?
როდის შეიქმნა და რამდენად არის დაშორებული ეს წყარო იმ მოვლენებს, რომელთა შესახებაც
მოგვითხრობს? შეუძლია თუ არა სხვა წყაროებს (მაგალითად, არქეოლოგიასა და ეპიგრაფიკას)
დაადასტუროს ჩვენთვის საინტერესო თხზულებაში დაცული ცნობები? ისტორიაზე მსჯელობისას
ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ არ უნდა ვენდოთ შუა საუკუნეების ქრონიკებს,
რომლებიც ხუთასი, რვაასი, ათასი და ათას ხუთასი წლის წინანდელ მოვლენებზე მოგვითხრობენ,
თუკი თანადროული წყაროები ამ მოვლენების შესახებ არაფერს გვაუწყებენ. გათვალისწინებულია
თუ არა ეს, ჯერ კიდევ ლეოპოლდ რანკეს (1795-1886, გერმანელი ისტორიკოსი) დროიდან, აღიარებული
საყოველთაო ჭეშმარიტებები (რომელიც ქართულ ისტორიოგრაფიაში ივანე ჯავახიშვილმა დაამკვიდრა)
აღნიშნულ სახელმძღვანელოში? სამწუხაროდ, არ არის. აბა, რა უნდა მიიღოს ამ სახელმძღვანელოსგან
სკოლის მოსწავლემ? უბრალოდ ,,ფაქტების’’ გროვა, რომელიც ხშირად პატრიოტულადაა გაზვიადებული?
როგორ უნდა განუვითარდეს კრიტიკული აზროვნების, მსჯელობის, მწვავე კითხვების დასმისა და საყოველთაოდ მიღებული ,,ჭეშმარიტებების’ ეჭვქვეშ დაყენების უნარი (რაც, ვფიქრობ, განათლების,
მათ შორის ისტორიის სწავლების, მთავარი დანიშნულებაა)? ისტორიიდან და ჩვენი თანამედროვეობიდანაც
კარგადაა ცნობილი ახალგაზრდა ტვინების ამ პატრიოტულად გაზღაპრებული ინფორმაციით გადავსების
სამწუხარო შედეგები.
დასაწყისშივე სახელმძღვანელო გვაუწყებს, რომ ,,მოსწავლის
წიგნში’’ მოცემული თემების მთავარი ფუნქცია მოსწავლისათვის ისტორიაში პიროვნების როლის
გაგებაა (ამას შემდეგში დავინახავთ, თუ როგორ „გაგებას“’ გვთავაზობენ ავტორები). შემდეგ,
პირველი თავი, ყოველგვარი შესავლის გარეშე, იწყება წინადადებით „ქართული ტომების უძველესმა
სახელმწიფოებრივმა გაერთიანებებმა ძვ. წ. VIII საუკუნეში არსებობა შეწყვიტა’’ (მე-8
გვ.). უძველესი ქართული გაერთიანებების წარმოშობა ხომ არ არის დიდი აფეთქება? მანამდეც
ხომ ვიცით რა ხდებოდა? გაუგებარია, რატომ არ დაურთეს ავტორებმა ამ მტკიცებას მცირე
შესავალი, სულ ერთი ან ორი წინადადებით, რათა მოსწავლეს ეპოქის კონტექსტისა და წინარე
პერიოდის შესახებ შესაბამისი წარმოდგენა ჰქონდეს.
შემდეგ (იმავე, მე-8 გვერდზე) ავტორები გვაუწყებენ, რომ ძვ. წ. VII საუკუნის ბოლოს მესხური ტომები ჩრდილოეთისკენ
წამოვიდნენ და ქართულ ტომებს შეერივნენ. თუმცა, საერთოდ არაფერს ამბობენ იმაზე, თუ
ვინ იყვნენ ეს მესხური ტომები? ინდოევროპული წარმოშობის ხალხზეა საუბარი თუ რომელიმე
სხვა წარმომავლობის უცხო ეთნიკურ ელემენტზე? საიდან და რატომ წამოვიდნენ მესხები? ეს ყველაფერი ახსნა-განმარტების გარეშეა დატოვებული.
მე-9-მე-11
გვერდებზე აღწერილია მეფე ფარნავაზის ყველასთვის ცნობილი თქმულება. ავტორები ლეგენდას
ისე გადმოგვცემენ, როგორც ეს ,,ქართლის ცხოვრებასა“ და „ქართლის მოქცევაშია“, დაცული
და შემდეგ პირდაპირ ასკვნიან: „ზემოხსენებული ამბები ქართულ წყაროებში ისეა გადმოცემული,
რომ ზოგიერთი მონაკვეთი თითქმის დაუჯერებელი ჩანს. თუმცა მოცემული ისტორიის დიდი ნაწილი
სინამდვილეს შეესაბამება, რადგან სხვა ქართული და უცხოური წერილობითი წყაროები და არქეოლოგიური
მასალა ამასვე ადასტურებს“ (მე-11 გვ.). დამოწმებული ციტატა ყველაზე აშკარა დადასტურებაა
იმისა, თუ რატომ არ უნდა იწერებოდეს სასკოლო სახელმძღვანელო იმ ავტორების მიერ, რომლებიც
საკითხს არ იცნობენ. გარდა იმისა, რომ ასეთ ისტორიკოსებს შესაფერისი ცოდნა არ გააჩნიათ
(და რაც გააჩნიათ, თითქმის ყოველთვის მცდარია), მოსწავლეებს სრულიად დამახინჯებულ წარმოდგენას
უქმნიან ისტორიულ წარსულსა და ისტორიის, როგორც მეცნიერების, მეთოდოლოგიაზე. ძალიან
საინტერესოა, რომელი „სხვა“, ქართული და უცხოური წერილობითი წყაროები და არქეოლოგიური
მასალა“ ადასტურებს ფარნავაზის თქმულების ისტორიულობას (უშუალოდ ფარნავაზის ისტორიულობას
არ ვეხები)? და რა ვიცით, რომ ეს „სხვა“ წყაროები სანდოა? საინტერესოა, რომელ არქეოლოგიურ
აღმოჩენებში აისახა ფარნავაზის სიზმარი, განძის მოპოვება და დიღომში ირმების დევნა?
რა სანდო და საკმარისი არქეოლოგიური მასალა მოგვეპოვება იმის საჩვენებლად, რომ ძვ.
წ. IV-III საუკუნეების მიჯნაზე ქართლში ძლიერი, ცენტრალიზებული სამეფო ჩამოყალიბდა?
შეიძლება ავტორებს აქვთ ელინისტური ხანის წერილობითი თუ ეპიგრაფიკული წყაროები (ან
სადმე, დიღმის ჭალებსა თუ მცხეთის ხევებში, არქეოლოგიური არტეფაქტებიც აღმოაჩინეს),
რომლებიც დაწვრილებით ან, თუნდაც მოკლედ, მოგვითხრობენ მეფე ფარნავზის შესახებ? თუ
მხოლოდ ახ. წ. VIII-X საუკუნეებში, ანუ ფარნავაზის ეპოქიდან ათასი-ათას სამასი წლის
შემდეგ შექმნილ ქართულ წყაროებს ეყრდნობიან, რომელთა ცნობებს ფარნავაზის შესახებ, მაგალითად,
ივანე ჯავახიშვილი კატეგორიულად უარყოფდა (და სრულიად საფუძვლიანადაც)?
ან საიდან დაასკვნეს ავტორებმა, რომ ქუჯი
ისტორიულად დადასტურებული პიროვნებაა, რომელმაც თურმე სიხარულით მიიღო ფარნავაზის ბატონობა
და მუდამ ფარნავაზის კეთილდღეობაზე ფიქრობდა? რა სანდო წყაროებით ვიცით, რომ არქეოპოლისი
ქუჯიმ დაარსა, რასაც ავტორები ყოველგვარი კრიტიკული ანალიზის გარეშე ისტორიულ რეალობად
ასაღებენ? სახელმძღვანელოს ავტორებს ისიც კი ვერ გაუგიათ, რომ მეგრულად არქეოპოლისს
,,ჯიხან-ქუჯი’’ კი არა (როგორც ეს მე-15 გვერდზეა მითითებული), არამედ ჯიხაქვინჯი ჰქვია,
რაც ქართულად ითარგმნება როგორც ,,ციხისძირი’’ (აშკარაა, რომ გვიანდელმა ქართულმა წყარომ ჯიხანქვინჯი ,,ჯიხან-ქუჯად'' აღიქვა).[i]
ზემოთ კი აღვნიშნე, რომ რუქების სიუხვე სახელმძღვანელოს
ერთ-ერთი დადებითი მხარეა, მაგრამ უხეში შეცდომა აქაც გვხვდება. 25-ე გვერდზე, მე-4
რუქაზე, რომელიც ახ. წ. IV საუკუნის გეოპოლიტიკურ რეალობას ასახავს, იბერია საქართველოს
მთელ თანამედროვე ტერიტორიაზეა გადაჭიმული. საიდან ვიცით, რომ იბერია ამ დროს დასავლეთ
საქართველოსაც მოიცავდა? რა უნდა გაიგოს მოსწავლემ ამ რუქაზე დაყრდნობით? სად არის
ეგრისი? რა გეოპოლიტიკური ვითარებაა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე?
იქვე,
25-ე გვერდზე, ავტორები აცხადებენ, რომ ,,ცეცხლთაყვანისმცემლობა იგივე მაზდეანობა ირანის
ოფიციალური რელიგია იყო.’’ ავტორები ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ ტერმინებს ,,ცეცხლთაყვანისცმელობას,’’
,,მაზდეანობასა’’ და ,,ზოროასტრიზმს’’. ტერმინი ,,ცეცხლთაყვანისმცემლობა/ცეცხლისმსახურება’’
შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში ძველი ირანული რელიგიის დამამცირებელ აღწერად გამოიყენება.
ძველი ირანელები ცეცხლს, როგორც ღვთაებას, არ სცემდნენ თაყვანს. სპეციალისტი ამ შემთხვევაში, იმისათვის რათა
მოსწავლე შეცდომაში არ შეეყვანა, აუცილებლად აღნიშნავდა ამ ფაქტს, რადგან თანამედროვე
სამეცნიერო ლიტერატურაში ეს ტერმინი დამამცირებელ (derogatory) სახელწოდებადაა მიჩნეული,
მაგრამ საამისოდ თამამედროვე სამეცნიერო ლიტერატურას უნდა იცნობდე. ასევე, უნდა იცოდე,
თუ რა განსხვავებაა ტერმინებს ,,მაზდეანობასა’’ და ,,ზოროასტრიზმს’’ შორის. მართალია,
ხანდახან, ეს ტერმინები ერთმანეთის სინონიმებად გამოიყენება, მაგრამ აღნიშნულ ტერმინთა
ერთმანეთის სინონიმებად ხმარება შესაძლოა დამაბნეველი არ იყოს ირანისტისთვის, რომელიც
ძველ ირანულ კულტურასა და ისტორიას საფუძვლიანად იცნობს. სამაგიეროდ, ის დამაბნეველია
მოსწავლისათვის. ამიტომ ავტორებს აქ აუცილებლად უნდა მიეთითებინათ, რომ ტერმინი ,,მაზდეანობა’’
ხშირად ირანელ/ირანულენოვან ხალხთა მრავალფეროვანი, ხალხური რწმენა-წარმოდგენების აღსანიშნავად
გამოიყენება (მათ შორის არაირანული მოდგმის ხალხების, ქართველებისა და სომხების, ირანული
წარმოშობის რელიგიათა აღსაწერადაც, რომლის შესახებაც ავტორები კრინტს არ სძრავენ),
ხოლო ,,ზოროასტრიზმს’’ ძველი ირანული რელიგიის უფრო ,,ორთოდოქსული’’ ფორმის აღსაწერად
ხმარობენ. უკიდურესი არაპროფესიონალიზმისა და არააკადემიურობის მაჩვენებელია, როდესაც
ავტორები ძველ ირანელებს ,,კერპის მსახურებად’’ მოიხსენიებენ (26-ე გვ.).
მაგრამ
ავტორთა არაკომპეტენტურობა სრულიად დაუპყრობელ მწვერვალებს აღწევს, როდესაც საქმე ვახტანგ
გორგასლის მეფობაზე მიდგება. ყოველგვარი დასაბუთების, რომელიმე სარწმუნო წყაროს დამოწმების
გარეშე პატივცემული ავტორები ლამის ყველაფერს ვახტანგ გორგასლის მეფობის შესახებ სანდო
ისტორიულ მოვლენებად აცხადებენ. ჯერ კიდევ ივ. ჯავახიშვილი მიუთითებდა, ყოველგვარი
ორაზროვნების გარეშე, თუ რამდენად არასანდო წყაროა ,,ვახტანგ გორგასლის ცხოვრება’’
(რომელიც ზოგი მოსაზრებით მერვე საუკუნეში დაიწერა, ხოლო სხვა შეხედულებით - მეთერთმეტეში).
ავტორებმა კი აიღეს და ვახტანგის გრანდიოზული ლაშქრობა ჩრდ. კავკასიაში, დასავლეთ საქართველოს
შემოერთება და ბიზანტიის აღმოსავლეთ პროვინციების დალაშქვრაც კი (ამ ეპიზოდის ზღაპრულობა
არასპეციალისტი მკითხველისთვისაც კი აშკარა უნდა იყოს) ისტორიულ რეალობად გაასაღეს
(28-ე გვ.). რა წყაროების კრიტიკულ ანალიზზე და ივ. ჯავახიშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობის
პატივისცემაზეა ლაპარაკი, როდესაც ავტორები ზღაპრებს რეალობად ასაღებენ და ამ ყველაფერს
ახალგაზრდებს ასწავლიან?
ცალკე
საკითხია, ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმა. ამ რეფორმასთან დაკავშირებით ავტორები
ასკვნიან, რომ ვახტანგ გორგასალმა ქართლის ეკლესია ავტოკეფალია მოუპოვა, ქართლის ეკლესიის
საჭეთმპყრობლად კათალიკოსი დანიშნა, რათა ქართლის ეკლესია სხვა ქვეყანაზე არ ყოფილიყო
დამოკიდებული (29-30-ე გვ.). რა თქმა უნდა, არც ერთი მათგანი არ იწუხებს თავს აუხსნას
მოსწავლეს, თუ რას ნიშნავს ,,ავტოკეფალია’’, ან საიდან ვიცით, რომ ვახტანგმა ქართლის
ეკლესიას ავტოკეფალია მოუპოვა? ან რას ნიშნავს საეკლესიო ტიტული ,,კათალიკოსი’’ ან რომელ
,,სხვა ქვეყანაზე’’ უნდა ყოფილიყო ქართლი ეკლესიურად დამოკიდებული (30-ე გვ.)? როცა
შესაფერისი ლიტერატურა არ წაგიკითხავს, ცხადია, მოსწავლეს ვერაფერს აუხსნი.
31-ე
გვერდზე ავტორებს ,,ვახტანგ გორგასლის ცხოვრებიდან’’ ციტატა აქვთ დამოწმებული, სადაც
აღწერილია, რომ აბჯრით შემოსილ მეფეს შეეძლო ირემს სირბილით დასწეოდა (!) და ცხოველი
რქებით შეეპყრო. მეტიც, წყაროს თანახმად, მეფე აბჯარში ჩასმულ ცხენს მხრებზე მოიგდებდა
და მცხეთიდან არმაზის ციხეზე ადიოდა. წყაროს არ ახლავს არავითარი კრიტიკული კომენტარი.
ეს გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ავტორებს წყაროში მოცემული ვახტანგ გორგასლის ფიზიკურ
შესაძლებლობათა აღწერა სჯერათ. ამ შემთხვევაში მოსწავლეებს უფრო მეტის სწავლება შეუძლიათ
წიგნის ავტორებისთვის, ვიდრე პირიქით. ნებისმიერმა მოსწავლემ იცის, რომ სუპერმენი და
მარველის სამყაროში აღწერილი სუპერგმირები (თუმცა სუპერმენი არ არის მარველის სამყაროს
ნაწილი) რეალობაში არ არსებობენ. როგორც ჩანს, ჩვენი ავტორები ზღაპრულ სუპერგმირებსა
და ისტორიულ რეალობას ერთმანეთისგან ვერ არჩევენ. მათ მიერ დაწერილი სახელმძღვანელოთი
კი ათასობით მოსწავლემ უნდა ისწავლოს.
ადრეულ
შუა საუკუნეთა ეპოქის განხილვისას, ავტორები საერთოდ არ ეხებიან ისეთი გამორჩეული პიროვნებების
მოღვაწეობას, როგორებიც იყვნენ სტეფანოზ I დიდი, ქართლის ერისმთავარი (590-627), ერისმთავარი
სტეფანოზ III (711-739) (არადა, სტეფანოზ III, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა
მერვე საუკუნის საქართველოს ისტორიიდან) მეფე არჩილი (გარდ. 786 წ.) (თუმცა არჩილის
სამეფო ტიტული საკამათოა ისტორიკოსთა შორის), აშოტ კურაპალატს (786-826) და ა.შ. არადა,
წიგნის დასაწყისში ავტორებმა გამოგვიცხადეს რომ გაკვეთილთა მთავარი თემა სწორედ გამორჩეული
პიროვნებები იქნებიანო. წიგნში ქართული სამეფო-სამთავროების წარმოშობისა და ჩამოყალიბების
ზოგადი მიმოხილვაც კი არაა, თუმცა, რადგან, სახელმძღვანელო ავტორთა მიერ არჩეული
,,შესანიშნავი’’ სტრატეგიის თანახმად, პიროვნებებზე ამახვილებს ყურადღებას, ეს გასაგებიცაა.
დასაფასებელია,
რომ ავტორები ყურადღებას აქცევენ ისეთ ისტორიულ ფიგურებს, რომლებსაც ფართო საზოგადოება
ნაკლებად იცნობს, მაგალითად, აფხაზთა მეფე ლეონს (957-967) (თუმცა მისი სამეფო ტიტულიც
საკამათოა). აღსანიშნავია, ის მდიდარი ილუსტრაციები, რომლითაც მოსწავლისათვის ცხადი
ხდება ,,აფხაზთა’’ ანუ დასავლურ-ქართული სამეფოს კულტურის სიმდიდრე და ბრწყინვალება.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თემების ბოლოს მოყვანილ შეკითხვებში, რაც მოსწავლეთათვის
სამსჯელოდაა განკუთვნილი, ხანდახან საინტერესო შეკითხვაც გამოანათებს. მაგ. ერთმა ასეთმა
შეკითხვამ 39-ე გვერდზე ,,გამოანათა’’ (პირველი თავის მე-4 ქვეთავის მე-5 შეკითხვა).
შეკითხვა მოსწავლეს სთხოვს დაასაბუთოს, თუ ლეგენდის რა ნაწილი შეიძლება ასახავდეს ისტორიულ
მოვლენას და რა ნაწილია გამოგონილი. ეს კარგი კითხვაა წყაროს კრიტიკული ანალიზისა და
მსჯელობისათვის, მაგრამ ამ გამონათების შემდეგ ისევ მოიღრუბლა. შემდეგი, მე-6 შეკითხვა
(იმავე გვერდზე), ასეთია: ,,რატომ იყენებენ ისტორიკოსები თქმულებებს, მიუხედავად იმისა,
რომ ისინი ყოველთვის ზუსტად არ ასახავენ ისტორიულ რეალობას?’’ ავტორებს ვთხოვ დაასახელონ
საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მიერ აღიარებული ერთი მედიევისტი ისტორიკოსიც
კი, რომელიც ფოლკლორს ისტორიის რეკონსტრუქციისთვის სერიოზულად იყენებს (ვგულისხმობ
მშრალი ფაქტების რეკონსტრუქციას. ეს შეკითხვა აფხაზთა მეფე ლეონის მიერ მოქვის ტაძრის
აგების კონტექსტშია დასმული). ან რას ნიშნავს, მაგალითად, ის აზრი, რომლის თანახმადაც
თქმულებები ,,ყოველთვის ზუსტად არ ასახავენ ისტორიულ რეალობას“? და ზუსტად როდის ასახავენ?
ცნობილია კი მეცნიერებისთვის რომელიმე თქმულება, რომელიც ,,ზუსტად ასახავს’’, მაგალითად,
მეათე საუკუნის ისტორიულ რეალობას? როგორც იტყვიან, ეს უკვე სასაცილოც კი აღარ არის.
არანაკლები
შეცდომებითა და უცოდინარობის მრავალსახოვანი გამოვლინებებითაა სავსე თავები, რომლებიც
XI-XII საუკუნეების თუ მომდევნო ეპოქის საქართველოს
ისტორიას ეხება. რატომღაც ავტორები (რაზე დაყრდნობით?) ამტკიცებენ, რომ ,,დავით აღმაშენებლის
დასი’’, დავითის მამის, გიორგი II-ის მომხრეთაგან განსხვავებით, რაღაც რადიკალური ზომების
მიღებას აპირებდა, რომ დავითის დასის ანუ ახალგაზრდების ხედვა ,,რადიკალურად’’ განსხვავდებოდა
გიორგი II-ის პოლიტიკისგან, თითქოს გიორგი II-ის კარზე დავითის გარშემო ისეთი ადამიანები
შემოიკრიბნენ, რომლებსაც სელჩუკთა თარეშის აღკვეთა სურდათ (48-ე გვ.). და საიდან ჩანს
ეს ყველაფერი? რა სანდო წყაროზე დაყრდნობით აცხადებენ ამას პატივცემული ავტორები? ანუ,
მეფე გიორგი II-ს შეეძლო, მაგრამ არ სურდა სელჩუკთა თარეშის აღკვეთა? ამით განსხვავდებოდა
მისი პოლიტიკა ვაჟის მომხრეთა პოლიტიკისგან? ცხადია, თუკი არ გვაქვს რამდენიმე (და
არა ერთადერთი) სანდო წყარო, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, პირდაპირი ცნობებით,
ადასტურებს ამ შეხედულებას, ეს აზრი ჩვეულებრივი მარჩიელობაა და მეტი არაფერი.
დავითის
მეფობასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ სამხედრო ისტორიის სპეციალისტებისგან დიდი
ხანია უკვე რაც საფუძვლიანადაა, გაკრიტიკებული ამ ეპოქის წყაროებში დაცული ცნობები
სხვადასხვა (ქართული თუ უცხოური) ლაშქრის რაოდენობაზე (იხ. თუნდაც სოსო მარგიშვილის, მამუკა წურწუმიას, ნიკა ხოფერიას ნაშრომები). ჩვენი პატივცემული ავტორები
კი მაინც „ამტკიცებენ“, რომ დავითმა ყივჩაღთა ჩამოსახლებით ორმოცი ათასი მეომარი შეჰმატა
ქართულ ლაშქარს (53-ე გვ.), ხოლო დიდგორის ბრძოლაში ქართული ჯარის რაოდენობა თურმე 55 600 ყოფილა (55-ე გვ.).
ისევ
უხეში შეცდომების მთელი წყება: მაგ., რუის-ურბნისის კრებაზე საუბრისას, პატივცემულ
ავტორებს ,,წიგნისმკითხველთან’’ დაკავშირებით ორი მძიმე შეცდომა მოსდით: პირველი ის,
რომ მათ წიგნისმკითხველი სამღვდელო დასის წევრი ჰგონიათ, მაშინ როცა სამღვდელო დასის
წევრები არიან მხოლოდ ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკვანი. მეორე ის რომ, ავტორებს არ
აქვთ წაკითხული რუის-ურბნისის კრებასთან დაკავშირებით დაწერილი ერთ-ერთი უმთავრესი
მონოგრაფია ცნობილი მეცნიერის, ენრიკო გაბიძაშვილის, ავტორობით, სადაც განსვენებული
მეცნიერი ცხადად აჩვენებს, რომ წიგნისმკითხველად დადგინების მინიმალური ასაკი ხელნაწერებში
შეცდომით რვა წლითაა განსაზღვრული (ეს შეცდომაა გამეორებული სახელმძღვანელოში), მაშინ
როცა თავდაპირველ ხელნაწერში თვრამეტი წელი უნდა ყოფილიყო,[ii] რაც
სრულიად გასაგებია, რადგან წიგნისმკითხველის საქმიანობა ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული
(სხვადასხვა ფსალმუნების, ტროპარების, კონდაკების დამახსოვრება, მოძიება, ღვთისმსახურების
რთული განრიგის ზეპირი ცოდნა და ა.შ.) და ამ საქმინაობას რვა, ათი ან თუნდაც თოთმხეტი
წლის ბავშვი თავს ვერ გაართმევდა. გარდა ამისა, ავტორები ,,წიგნისმკითვხელის’’ როგორც
კლიროსის წევრის ფუნქციას, არ განმარტავენ. ზოგმა მოსწავლემ ეს ტერმინი
შეიძლება ზოგადი მნიშვნელობით გაიგოს. ამ გაგებით, წიგნისმკითხველია ყველა, ვინც წიგნს
კითხულობს, თუნდაც ლალი მოროშკინას წიგნს ,,მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი’’ კითხულობდეს, მაგრამ ძველად წიგნისმკითხველი იმ ფუნქციას
ასრულებდა, რასაც მოგვიანებით - მედავითნე. სხვათა შორის, საეკლესიო ენის უცოდინრობა
ჩანს ,,ქერუბიმის“ განმარტებიდანაც. ავტორთა განმარტებით, ქერუმი ,,ანგელოზთა ერთ-ერთი
ჯგუფია’’ (38-ე გვ). ქერუბიმები ,,რა? სად? როდის?’’ თამაშის მონაწილეები არ არიან,
ისინი ,,ჯგუფად’’ რომ მოვიხსენიოთ. როდესაც ანგელოზთა იერარქიაზე საუბარი, შესაბამის
საეკლესიო და აკადემიურ ლიტერატურაში დამკვიდრებულია ტერმინი ,,ანგელოზთა დასი’’ და
ქერუბიმები, საეკლესიო სწავლების თანახმად, ანგელოზთა ერთ-ერთი უმაღლესი დასია. შეიძლება,
ზოგიერთმა გააპროტესტოს ამგვარი ჩაძიება, მაგრამ როცა სახელმძღვანელო იწერება, რომლითაც
მომავალი თაობა სწავლობს, მაშინ ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა. საეკლესიო ენა კი ძალზე
მგრძნობიარეა და ასეთ უხეშ ,,ინოვაციებს’’ ვერ ეგუება.
ვფიქრობ,
აღსანიშნავია და ნამდვილად დადებით შეფასებას იმსახურებს სახელმძღვანელოს ავტორთაგან
დავითის ქველმოქმედების წარმოჩენა, თხრობა გელათის მონასტრის დაარსების შესახებ და,
განსაკუთრებით, დავით აღმაშენებლის სიგელის თავგადასავლის აღწერა (59-ე გვ.), რაც,
მგონია, რომ მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს.
პატივცემული
ავტორები აცხადებენ, რომ სახელმძღვანელო ისტორიულ პიროვნებებზეა ორიენტირებული, მაგრამ
რატომღაც მთლიანად გამოტოვეს დემეტრე I-ისა და გიორგი III-ის ეპოქა და თხრობა პირდაპირ
თამარ მეფის მმართველობით გააგრძელეს. გაუგებარია, რატომ გამოტოვეს დემეტრე I და გიორგი
III? პიროვნებებად არ ჩათვალეს ეს გამორჩეული მეფეები თუ საკმარისად ისტორიულად? შესაძლოა
მათი მეფობის შესახებ სახელმძღვანლოს მომდევნო ნაწილებში ისაუბრონ, მაგრამ რა მიზანს
ემსახურება ეს გაუგებარი ,,ნახტომები’’ სხვადასხვა ეპოქაში, თან სხვადასხვა სასწავლო
სემესტრში? არა მგონია, ამ გზით მოსწავლეებს ისტორიის სწავლა გაუადვილდეთ.
ავტორებმა მოახერხეს და საქართველოს ისტორიის ყველაზე
გამორჩეული ეპოქა, თამარის მეფობაც, შეცდომებით გადაავსეს (თან ,,მეცნიერის თვალსაზრისად’’
როინ მეტრეველის ფრიად ღრმააზროვანი შეფასებაც ჩაურთეს (65-ე გვ.)). ტრაპიზონის იმპერიის
დაარსებასთან დაკავშირებით ავტორები წერენ, რომ თამარ მეფემ 1204 კონსტანტინეპოლის
დაცემით ისარგებლა და ბიზანტიაში ლაშქრობა მოაწყო (67-ე გვ.), მაგრამ ავტორების მიერვე
დამოწმებული წყაროებიდან (ბასილი ეზოსმოძღვარი, მიქაელ პანარეტოსი (69-ე გვ.)) ეს სულაც
არაა ცხადი. აბა, საიდან ჩანს რომ თამარის მიერ მოწყობილი ლაშქრობა და კონსტანტინეპოლის
დაცემა ერთმანეთთან რაიმე კავშირში იყო? შეცდომით
აქვთ ავტორებს მითითებული თამარ მეფის გარდაცვალების თარიღიც (1213 წელი), მაშინ როცა
უკვე კარგა ხანია, რაც ცნობილმა აღმოსავლეთმცოდნემ, გოჩა ჯაფარიძემ, გამოარკვია, რომ
თამარი 1210 წელს გარდაიცვალა,[iii] თუმცა
ავტორთა სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ისინი თამარ მეფის საფლავის ,,საიდუმლოებას’’
ხალხური წარმოსახვის ტყვეობაში არ ტოვებენ და მიუთითებენ, რომ თამარის უკანასკნელი
განსასვენებელი გელათის მონასტერი იყო (75-ე გვ.). ასევე, ვფიქრობ, ნებისმიერი მოსწავლისათვის
ძალზე სასარგებლო უნდა იყოს ისეთი ილუსტრაციები, როგორებიცაა თამარ მეფის გვირგვინი
და ბისონი (66-ე გვ.), მეთორმეტე საუკუნის მოჭიქული ჯამი (67-ე გვ.) და თამარ მეფის
ფრესკული გამოსახულებები.
თუმცა
ამ რამდენიმე დადებით ასპექტს კვლავ უხეში შეცდომების აჩრდილი ფარავს. XIII საუკუნეზე
საუბრისას, ავტორები რატომღაც საერთოდ არ ახსენებენ საქართველოში ჯალალ ედ-დინის ლაშქრობას,
ძალიან მოკლედ, ან თითქმის არ გადმოგვცემენ ლაშა-გიორგისა და რუსუდანის მმართველობას.
საუბარს პირდაპირ XIII საუკუნის II ნახევრიდან აგრძელებენ. აქ ისინი იმეორებენ ტრადიციულად
დამკვიდრებულ შეხედულებებს (ყოველგვარი გადაფასებისა და განსხვავებული ინტერპრეტაციის
გარეშე): მაგალითად, სადუნ მანკაბერდელს ახასიათებენ, როგორც მედროვეს, რომელიც მხოლოდ
პირადი კეთილდღეობისთვის ზრუნავდა, (გვ. 79-ე-მე-80 გვ.), მაშინ როცა მათ მიერვე დამოწმებული
წყაროები სრულიად საპირისპიროს გვეუბნებიან. ამ წყაროთა თანახმად, სადუნი საქართველოში
მოსახლეობის, ეკლესია-მონასტრების კეთილდღეობასა და სტაბილურობაზე ზრუნავდა (81-ე გვ.).
ჟამთააღმწერლის მტკიცებით, მის დროს აშენდა და გაძლიერდა საქართველო. საიდან ჩანს ის
ფაქტი, რომ სადუნი მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ზრუნავდა ან მედროვე იყო?
არანაკლებ
მძიმე შეცდოემებითაა სავსე მსჯელობა ფერარა-ფლორენციის კრების შესახებ, სადაც ავტორები
დამაჯერებლად აცხადებენ, რომ ქართველებმა უარყვეს უნია (მე-100-101-ე გვ.), თუმცა სრულიად
უგულვებელყოფენ იმ ფაქტს, რომ იმ ქართველებმა, რომლებმაც უნიაზე ხელი არ მოაწერეს,
ეს ანტიოქიის საპატრიარქოს გავლენით გააკეთეს, იმ ანტიოქიის საპატრიარქოს, რომელიც
თავს ,,მართლმადიდებლობის’’ დამცველად აცხადება და ყველაფერს აკეთებდა საქართველოს
ეკლესიის დასაშლელად და დასაკნინებლად. გარდა ამისა, ავტორებმა ისიც კი არ იციან, რომ
უნიის აქტზე ქართველების ხელმოწერა არსებობდა (რომლის შესახებაც ანდრია დი სანტა კროჩე
გვამცნობს).[iv]
გარდა
ამისა, ავტორები ისევ აშკარად ამახინჯებენ ისტორიულ რეალობას, როდესაც აცხადებენ თითქოს ფერარა-ფლორენციის კრებაზე მიღწეული უნიის შემდეგ რომის პაპმა ბიზანტიელები
მოატყუა და მათ შეპირებული სამხედრო დახმარება არ გაუგზავნა (101 გვ.). მას შემდეგ რაც მართლმადიდებელთა
დიდმა ნაწილმა 1439 წელს ხელი მოაწერა უნიას, რომის პაპი ევგენი IV ბიზანტიელებს შეჰპირდა,
რომ ის ჯვაროსნულ ომს წამოიწყებდა თურქების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ბიზანტიაში
უნიამ საშინელი ანტი-კათოლიკური ისტერია გამოიწვია, რომის პაპმა დანაპირები შეასრულა.
მან ევროპელ მეფეებს თურქთა წინააღმდეგ ჯვაროსნული ომისკენ მოუწოდა. პაპის მოწოდებას
პოლონელები, უნგრელები და ვლახელები გამოეხმაურნენ და ოსმალთა წინააღმდეგ დაიძრნენ,
თუმცა თურქებმა ისინი 1444 წელს ვარნის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს. რა მიზანს ემსახურება
რომის ეკლესიის მეთაურის მატყუარად, ხოლო ქართველების რომის კათოლიკე ეკლესიასთან ერთობის
მოწინააღმდეგეებად გამოყვანა (მაშინ როცა ქართველები მთელი ისტორიის მანძილზე რომის
ეკლესიასთან ერთობის მომხრეები იყვნენ)?
და
ბოლოს - გიორგი სააკაძის შესახებ. ავტორი, რომელიც იმგვარ სახელმძღვანელოს წერს, სადაც
ყურადღება ისტორიულ პიროვნებებზეა გამახვილებული, ალბათ, გიორგი სააკაძეზე უკეთესს
მაგალითს ვერც ინატრებდა. ავტორებმა აქაც მოახერხეს და საქართველოს ისტორიაში ეს ერთ-ერთი
ყველაზე საინტერესო პირი სრულიად უინტერესო და უშინაარსო ფეოდალად წარმოაჩინეს. მაგალითად,
რა უნდა გაიგოს მოსწავლემ ამ წინადადებიდან: ,,გიორგი სააკაძე, ერთი მხრივ, დიდ ფეოდალთა
უფლებების შესაზღუდად იბრძოდა, თუმცა მეორე მხრივ, თვითონაც ამ უფლებების მოსაპოვებლად
მიისწრაფვოდა’’ (123-ე გვ.). მერე მავანი დაიჩივლებს, რომ მოსწავლეებს დაწერილიდან
შინაარსი ვერ გამოაქვთ. აქედან რა შინაარსი უნდა გამოიტანოთ?
სააკაძის პიროვნების მიმოხილვისას ავტორებს ერთი
სიტყვითაც არ აქვთ ნახსენები ისეთი საინტერესო წყაროები, როგორებიცაა ირანელი ისტორიკოსის,
ფაზლი ბეგ ხუზანის, ცნობები სააკაძის და, ზოგადად, საქართველოს შესახებ (არადა, სრულიად
ახლადაღმოჩენილი წყაროა, რომელიც უამრავ საინტერესო, აქამდე სრულიად უცნობ ამბავს გვიყვება
XVII საუკუნის I ნახევრის საქართველოს შესახებ), არ აქვთ ნახსენები ისეთი მნიშვნელოვანი
წყარო, როგორიცაა 1620 წლის სასამართლოს ოქმი, სადაც თავად სააკაძის სიტყვებია ჩაწერილი
(განა ბევრი ისტორიული პიროვნების პირველ პირში საუბარია მოღწეული ფეოდალური ეპოქის
საქართველოდან?). მოსწავლისათვის საინტერესო უნდა ყოფილიყო გიორგი სააკაძის რთული ურთიერთობა
ლუარსაბ მეფესთან, მისი მონაწილეობა კახეთის სადამსჯელო ლაშქრობაში (სააკაძის ცხოვრების
1612-1619 წლების პერიოდზე კრინტი არაა დაძრული), ციტატები იოსებ სააკაძის ,,დიდმოურავიანიდან’’,
მაგრამ, ცხადია, ჩამოთვლილთაგან არაფერია დამოწმებული.
სახელმძღვანელოში
კიდევ უამრავი უხეში შეცდომაა. ყველა ამ შეცდომის მიმოხილვას ალბათ ას გვერდამდე წიგნიც
არ ეყოფა, ამიტომ აქ გავჩერდები. ყურადღება ფეოდალური საქართველოს ისტორიაზე გავამახვილე,
რადგან მე თვითონ ამ ეპოქის სპეციალისტი ვარ, თუმცა არც XIX-XX საუკუნეების პერიოდში
გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა. იმედია, ამ პერიოდს ამავე ეპოქის სპეციალისტები მიმოიხილავენ.
[i]
ცნობის
მოწოდებისათვის მადლობას ვუხდი ბ-ნ დავით ღადალაძეს.
[ii]
ენრიკო
გაბიძაშვილი, რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური გამოკვლევა),
თბ. 1978, გვ. 98-101.
[iii] გოჩა ჯაფარიძე,
თამარ მეფის გარდაცვალების თარიღის შესახებ//http://saunje.ge/index.php?id=1379&lang=en
[iv] ოთარ
ჟუჟუნაძე, XV საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს საგარეო ურთიერთობის ისტორიისთვის,
გვ. 17.