Friday, July 7, 2023

საქართველო - ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა: ისტორიული სინამდვილე თუ შუა საუკუნეების ლეგენდა?

 

    

    ჩვენ წლების განმავლობაში გვესმის სიტყვები: ,,საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა!’ პოპულისტი პოლიტიკოსები, რელიგიური ფანატიკოსები, საეჭვო გზებით გამდიდრებული ბიზნესმენები, საბჭოთა ყაიდის, მორალურად გაკოტრებული და გონებაშეზღუდული ინტელიგენტები და სხვა ათასი ჯურის დემაგოგი ლამის ორმოცი წელია ეკრანებიდან, ტრიბუნებიდან, ამბიონებიდან მთელ ხმაზე გაჰკივის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და ღმერთი არ მიატოვებს მას. ადამიანები ათწლეულები დადიან ეკლესიაში და გაზეპირებული აქვთ ეს ფრაზა, რობოტებივით იმეორებენ ერთსა და იმავეს. ყოველთვის მიკვირდა, როგორ შეიძლება ადამიანმა (ჰომო საპიენსმა, რომელსაც შიმპანზესთან შედარებით განვითარებული ტვინი აქვს) ერთი და იგივე რაღაც იმეოროს დღეები, კვირები, თვეები, წლები, ათწლეულები, ერთი და იგივე ესმოდეს ყოველ კვირას, ერთი და იმავეს კითხულობდეს ყოველ დღე, ერთი და იმავეს იმეორებდეს მუდამ, ყველგან და ყოველთვის და არასდროს დასვას კითხვა: და რა ვიცით, რომ ეს ასეა? ამ კონკრეტულ შემთხვევაში კითხვა ასეთი იქნება: მაინც საიდან ვიცით ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია? ნუთუ ,,მამაოს’’ ქადაგება ყოველ კვირას ან ,,ეროვნული სულისკვეთებით’’ აღტყინებული რომელიმე პედაგოგის სიტყვები (უკვე მანტრად გადაქცეული ‘საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია’) ჩემი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად საკმარისია? მართლაც, საიდან ვიცით, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია? დარწმუნებული ვარ ამ შეკითხვაზე ადამიანთა უმრავლესობა ვერ უპასუხებს (განსაკუთრებით ისინი, ვისაც სწამს, რომ საქართველო ნამდვილად ღვთისმშობლის წილხვედრია). პასუხი კი, ვშიშობ, ბევრს იმედს გაუცრუებს.  

აბო თბილელის მარტვილობაში ავტორი, იოანე საბანისძე, ხაზს უსვამს ქრისტიანულ სამყაროში ქართლის გამორჩეულობას. მისთვის ქართლი არა მხოლოდ ქრისტიანული ცივილიზაციის კიდეს გარიყული ქვეყანა, არამედ ,,წმინდანთა დედაა,’’ ისლამური სამყაროს პირისპირ არსებული ქრისტიანობის ფორპოსტია, სადაც ქრისტიანები იდევნებიან, მაგრამ მიუხედავად წნეხისა და ჩაგვრისა, ,,ჭეშმარიტ სარწმუნოებას’’ მაინც არ თმობენ. უნდა ითქვას, რომ იოანე აქ უფრო რიტორიკულ ხერხს მიმართავს, აზვიადებს არსებულ რეალობას. კვლევის დღევანდელ ეტაპზე ცხადია, რომ ,,არაბობა’’ მთლად ისეთი კოშმარიც არ ყოფილა, როგორც ეს ათწლეულების განმავლობაში ისწავლებოდა ჩვენს სკოლებსა და უნივერსიტეტებში. თუნდაც მარტო ის რად ღირს, რომ არაბობის ყველაზე საშინელი მოვლენა, მურვან ყრუს ლაშქრობა, დღეს ეჭვის ქვეშაა დაყენებული (დანამდვილებით არ ვიცით რამდენად შეესაბამება ისტორიულ რეალობას მარვან იბნ მუჰამადის ის ლაშქრობა, რომელიც ქართულ წყაროებშია აღწერილი), მაგრამ იოანეს ამ რიტორიკული ხერხის გამოყენება სჭირდება, რათა ქართველი ქრისტიანების დევნასა და მიმძლავრებას გაუსვას ხაზი. იოანე საბანისძის ცნობილი თხზულების კითხვისას სულ მიჩნდებოდა ასეთი კითხვა: რატომ არ ახსენებს არსად იოანე საბანისძე იმ გარდამოცემას, რომლის მიხედვითაც ქართლი/საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია? არადა, ძალიან ლოგიკურია, რომ სწორედ ქართლის გამორჩეულობაზე საუბრისას უნდა ეხსენებინა ეს ამბავი. ამაზე უკეთ რით დაამტკიცებდა ქართლის არათუ თანასწორობას, არამედ ერთგვარ უპირატესობასაც დანარჩენი ქრისტიანული სამყაროს წინაშე? მაშინ, რატომ არაფერს ამბობს იოანე ამ საეკლესიო გარდამოცემაზე? პასუხი აშკარაა: იმიტომ არ ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. იოანე არაა ერთადერთი ქართველი ავტორი, რომლისთვისაც უცნობია საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვედრობა. ფაქტობრივად, X საუკუნემდე არც სხვა ქართველმა ავტორებმა იციან რაიმე ამ თქმულების შესახებ. ქართლის ღვთისმშობლისადმი წილხვედრობაზე არაფერია ნათქვამი გვიანანტიკური ხანისა და ადრეული შუა საუკუნეების ისეთ თხზულებებში, როგორებიცაა შუშანიკის მარტვილობა (V ს.), ევსტათი მცხეთელის მარტვილობა (VI ს.), აბიბოს ნეკრესელის მარტვილობა (VII ს.), მეფეთა ცხოვრება (VIII ს.), ვახტანგ გორგასლის ცხოვრება (VIII ს.),  ქართლის მოქცევა (IX-X სს.), გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება (X ს.), სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება (X ს.) და ა.შ. ამის შესახებ არაფერია ნათქვამი გვიანანტიკური ხანისა და ადრეული შუა საუკუნეების ჰიმნოგრაფიასა და ლიტურგიკული ხასიათის კრებულებში. საინტერესოა, რომ გიორგი მერჩულემ უკვე იცის ლეგენდა ბაგრატიონთა დავით წინასწარმეტყველიდან წარმოშობის შესახებ, ის საუბრობს ქართლისა და ქართული ენის მნიშვნელობაზე, მაგრამ არსად ახსენებს ღვთისმშობლისადმი წილხვედრობას. მოკლედ , არც ერთ ადრეულ ქართულ (მით უმეტეს, არაქართულ) წყაროში ერთი სიტყვითაც არაა ნახსენები, რომ ქართლი ღვთისმშობლის წილხვედრი იყო. აბა, საიდან წარმოიშვა ეს ლეგენდა?

            ღვთისმშობლის თაყვანისცემა ქრისტიანულ სამყაროში უცბად არ გაჩენილა, რაც არ უნდა უცნაურად მოეჩვენოს ბევრს, ღვთისმშობლის კულტი ნელ-ნელა, საუკუნეების განმავლობაში, იზრდებოდა და ყალიბდებოდა ქრისტიანთა შორის. ადრეულ ქრისტიანობაში ღვთისმშობელი სულაც არ ყოფილა განსაკუთრებული მნიშვნელობის წმინდანი. პირველ ქრისტიანებში ნამდვილად ვერ ვხვდებით ღვთისმშობლის იმგვარ თაყვანისცემას, როგორც ეს გვიანდელი რომის იმპერიაში, შემდეგ კი კათოლიკურ ევროპასა და ბიზანტიაში გვხვდება.[1] მოგვიანებით, ბიზანტიურმა ტრადიციამ ღვთისმშობელი უმაღლეს ანგელოზებრივ არსებებზე, სერაფიმებსა და ქერუბიმებზეც, აღმატებულად გამოაცხადა. ღვთისმშობლის თაყვანისცემა ქართლში უკვე ადრეული ეტაპიდანვე იწყება, რასაც არქეოლოგიური აღმოჩენებიც ადასტურებს (მაგ. ნაგზაურას მონასტრის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სტელები), თუმცა გვიანანტიკური ხანისა და ადრეული შუა საუკუნეების ქართულ ლიტერატურაში ქართლის მიმართ ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის რწმენა არ დასტურდება.

IX-X საუკუნეებში ქართველებმა აქტიურად დაიწყეს ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე ახალი მონასტრული კოლონიების დაარსება. ქართველები მიეშურებოდნენ მცირე აზიის, ბალკანეთისა და კონსტანტინოპოლისაკენ. ისინი შორდებოდნენ მშობლიურ მიწას, რათა უცხოობასა და მწირობაში სულის ხსნა ეპოვათ, მაგრამ ამავე დროს უცხოეთში ქართული კულტურის დიდებულ კერებს ქმნიდნენ. ცხადია, ქართული მონასტრების დაარსებისას მათ აქტიური ურთიერთობა უწევდათ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან. ყველაზე მკვეთრად ქართველები, სწორედ, აღმოსავლეთ რომის იმპერიის საერო და საეკლესიო წრეებში გაბატონებულ მტრულ დამოკიდებულებას შეეჩეხნენ. ,,რომაელებში’’ (ბიზანტიის იმპერიის მცხოვრებნი ბოლომდე ასე მოიხსენიებდნენ თავს და არა ,,ბიზანტიელებად’’, როგორც მათ მეჩვიდმეტე საუკუნეში გერმანელმა სწავლულებმა შეარქვეს) არაბერძნულად მოლაპარაკე ქრისტიანები დიდ ეჭვებს იწვევდნენ. საგულისხმოა ერთი ეპიზოდი გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან, როდესაც ანტიოქიელმა სამღვდელოებამ ქართველებს ერესში დასდო ბრალი, გიორგი მთაწმინდელმა თავისი ბრწყინვალე სიტყვითა და რიტორიკული ნიჭით შეძლო საქართველოს ეკლესიის ღირსებისა და დამოუკიდებლობის დაცვა. სხვათა შორის, გიორგი მთაწმინდელს არსად უხსენებია ღვთისმშობლისადმი ქართლის წილხვედრობა, მაშინ როცა ქართლსა და ეგრისში (,,აფხაზეთში’’) მოციქულთა ქადაგება დაიმოწმა და ასე გააჩუმა ანტიოქიელი სამღვდელოება. როგორც ჩანს, ასეთი ინციდენტები ხშირი იყო და ამგვარი დამოკიდებულება არ ამოიწურებოდა ერთეული შემთხვევებით. ბიზანტიელების მხრიდან მუდმივმა დამცირებამ და შევიწროებამ ქართული ეთნიკური იდენტობის გამძაფრება გამოიწვია. საერთოდ, გავრცელებულია სტერეოტიპული შეხედულება თითქოს XIX-XX საუკუნეებამდე  ეთნიკურობას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. ცხადია, ნაციონალიზმი მოდერნული ეპოქის შვილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შუა საუკუნეებში ეთნიკურ ვინაობა არ იყო მნიშვნელოვანი. ბიზანტიაში ეთნიკურობა სერიოზულ ფაქტორს წარმოადგენდა. ბიზანტიის ისტორიის ცნობილმა მკვლევარმა, ენტონი კალდელისმა, ახლახან გამოცემულ მონოგრაფიაში კარგად აჩვენა თუ რამდენად ძლიერი იყო ბიზანტიელების ანუ ,,რომაელების’’ ეთნიკური თვითცნობიერება (რომანიის კონცეპტი) და რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდნენ ისინი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ასიმილაციას (რაც მხოლოდ ბიზანტიის იმპერატორისადმი მორჩილებით ნამდვილად არ ამოიწურებოდა, არამედ უამრავ სხვა ფაქტორს გულისხმობდა) და, ამ ასიმილაციის მიუხედავად, რამდენად მყარი იყო ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფის იდენტობა. ბიზანტიაში ეთნიკურობას ყოველთვის ექცეოდა ყურადღება, ბიზანტიელი ინტელექტუალები ხშირად უსვამდნენ ხაზს ამა თუ იმ ცნობილი პირის ეთნიკურ წარმომავლობას. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუ რამდენად შეძლებდა ესა თუ ის გამორჩეული პირი ,,გარომაელებას’’ და თავისი ,,ბარბაროსული’’ ჩვეულებების დავიწყებას. მეტიც, ბევრ ბიზანტიელ მოღვაწეს მიუხედავად იმისა, რომ უკვე მთლიანად იყო ასიმილირებული ბიზანტიურ სამყაროში, მაინც კარგად ახსოვდა თავისი ეთნიკური წარმომავლობა, ახსენებდა კიდეც ამ წარმომავლობას და შესაძლოა წინაპრების ენაც სცოდნოდა.[2] არც ის აზრია მართებული, რომლის მიხედვითაც სარწმუნოების შეცვლა ავტომატურად ეთნიკური იდენტობის ცვლილებას ნიშნავდა. მაგალითად, შუა საუკუნეების ქართულ ლიტერატურაში კარგად არჩევდნენ ვინ იყო ტომით, ნათესავით ქართველი და ვინ სარწმუნოებით. შუა საუკუნეების ქართველმა და არაქართველმა ავტორებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ადამიანის შეიძლება ტომით, ნათესავით, ანუ ეთნიკურად, ქართველი ყოფილიყო, მაგრამ სარწმუნოებით სომეხი ანუ არაქალკედონელი, მიაფიზიტი.

სწორედ ამ ეთნიკური თვითცნობიერების ამაღლებასა და გამძაფრებას უნდა უკავშირდებოდეს ქართული მესიანისტური იდეოლოგიის ჩამოყალიბება X-XI საუკუნეებში. ჩემთვის ცხადია, რომ ლეგენდა ქართლის ღვთისმშობლისადმი წილხვედრილობის შესახებ უცხოეთის ქართულ სამონასტრო კოლონიებში შეითხზა, რათა ბერძნებთან კამათისას ქართველებს უფრო მეტი თავდაჯერებულობა ჰქონოდათ. ქართული მესიანისტური იდეოლოგია რამდენიმე სერიოზულ თქმულებას მოიცავდა: უპირველეს ყოვლისა, რასაკვირველია, ეს იყო ლეგენდა ქართლის ღვთისმშობლისადმი წილხვედრილობის შესახებ, რომელიც, აშკარად, წმინდა ქართული აპოკრიფია, მოციქულთა ქადაგება საქართველოში (უნდა ითქვას, რომ ეს ლეგენდა ქართველების მოგონილი არაა, საეკლესიო გარდამოცემა ქართლსა და ეგრისში მოციქულთა ქადაგების შესახებ ქართულში ბიზანტიური მწერლობიდან გავრცელდა. ჩემი დაკვირვებით, ამ ლეგენდას რაღაც უძველესი, გნოსტიკური წარმომავლობა უნდა ჰქონდეს), ქართლის ქრისტიანული სამყაროს განაპირას ყოფნა და ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვა ,,აგარიანთა’’ შემოტევისას (იოანე საბანისძე), ქართველი ერის მესიანისტური მისია ბოლო ჟამს (იოანე-ზოსიმე), ლეგენდა ბაგრატიონთა ბიბლიურ დავითთან (და შესაბამისად, ღვთისმშობელთან) ნათესაობის შესახებ (თუმცა ჯერ კიდევ ექვთიმე თაყაიშვილმა აჩვენა, რომ ბაგრატიონები სომეხი ბაგრატუნების გაქართველებული შტო იყო). ლეგენდა ღვთისმშობლისადმი წილხვედრობის შესახებ ქართველთათვის ყველაზე მძლავრ სტიმულად იქცა და XIX-XX საუკუნეების განმავლობაში, ნაციონალიზმის აღმავლობის ეპოქაში ამ იდეამ სრულიად ახლებური დატვირთვა შეიძინა.

 ქართულ ლიტერატურაში ქართლის ღვთისმშობლისადმი წილხვედრილობის ყველაზე ადრეული მინიშნება X საუკუნეში გვხვდება. ილარიონ ქართველის ცხოვრებაში საინტერესო ეპიზოდის შესახებ ვკითხულობთ. მცირე აზიის ოლიმპოს მთაზე, ერთ-ერთ მცირე ეკლესიაში, დამკვიდრებული ილარიონი და მისი თანმხლები ქართველი მონაზვნები ადგილობრივი მონასტრის მონაზონმა დაინახა. ბერძენი მონაზონი ახლად მოსულ უცხოელ მონაზვნებს შეხვდა და მათი გაცნობა მოისურვა. ილარიონმა ამ მონაზონს სთხოვა მისთვის სეფისკვერი და ზედაშე მიეტანა, რათა ეკლესიაში წირვის დაყენება შესძლებოდა. მონაზონი მონასტერში დაბრუნდა და ილარიონისა და მისი სამონასტრო კრებულის ამბავი ადგილობრივ მამასახლისს (მონასტრის წინამძღვარს) მოუყვა. წინამძღვარი გაბრაზდა. რა თქმა უნდა, მახლობელ ეკლესიაში დამკვიდრებულ, უცხო ენაზე მოლაპარაკე მონაზვნებს ეჭვით დაუწყო ყურება და მათი გაძევება გადაწყვიტა (ვინ იცის, რა სარწმუნოების არიანო), მაგრამ იმ ღამეს მამასახლისმა ჩვენებაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იხილა, რომელმაც მონასტრის წინამძღვარს რისხვით უთხრა: „ჰოი, უბადრუკო, რაჲსა ინებე განძებაჲ უცხოთაჲ მათ, რომელნი მოსრულ არიან სიყუარულისათჳს ძისა და ღმთისა ჩემისა... და არა დაიმარხე მცნებაჲ იგი უცხოთა და გლახაკთა შეწყნარებისათვის, ვითარ-ეგე ეტყჳს მდიდარსა მას უფალი ჩემი და ძე ჩემი. ანუ არა უწყია, ვითარმედ მრავალნი დამკვიდრებულ არიან მთასა ამას მათისა ენისა მეტყუელნი და ცხოვრებად არიან ღმრთისა მიერ? და რომელნი მათ არა შეიწყნარებენ, მტერ ჩემდა არიან, რამეთუ ჩემდა მონიჭებულ არს ძისა მიერ ჩემისა ნათესავი იგი შეურყეველად მართლმადიდებლობისათჳს მათისა, ვინაჲთგან ჰრწმენა სახელი ძისა ჩემისაჲ და ნათელ იღეს (ხაზგასმა ჩემია - შ. მ.)“.[3]

ამ ეპიზოდში უკვე ცხადადაა მინიშნებული, რომ ძე ღმრთისამ ,,ნათესავი იგი’’ ანუ ქართველი ერი მზრუნველობისა და მფარველობისათვის ღვთისმშობელს მიანიჭა. ცხადია, აქ წილხვედრობაზეა საუბარი. ღვთისმშობელს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ქართველების მიმართ, იცავს ქართულ ენაზე მოლაპარაკე მონაზვნებს, რომლებიც თურმე მრავლად იყვნენ იმ მთაზე დამკვიდრებულნი და მონასტრის მამასახლისს აუწყებს, რომ ქართველები ძე ღმრთისას ღვთისმშობლისათვის მათი ,,შეურყეველი მართლმადიდებლობის’’ გამო მიუბარებია. დღეს ილარიონ ქართველის ცხოვრების რამდენიმე რედაქციაა ცნობილი. ილარიონ ქართველის ცხოვრების უძველესი, თავდაპირველი რედაქცია X საუკუნის I ნახევარში შეიქმნა, ხოლო შემდეგში, მასზე დაყრდნობით დაიწერა ვრცელი, მეტაფრასული რედაქცია - XI საუკუნეში.[4] მეცნიერთა შორის არაა ერთი აზრი იმის შესახებ თუ რა ენაზე დაიწერა თავდაპირველად ეს თხზულება - ბერძნულად თუ ქართულად. ილარიონის ცხოვრების თავდაპირველ ავტორად ბასილი პროტოასიკრიტი (‘πρωτ[ο]ασηκρτις’ ანუ იმპერატორის კანცელარიის უფროსი მოხელე) ითვლება. კორნელი კეკელიძის შეხედულების თანახმად, ბასილი ბერძენი და იყო სწორედ მას ეკუთვნის ბასილზე პირველი თხზულება (რომელიც უფრო ენკომია ანუ შესხმა იყო და არა ვრცელი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები), თუმცა მ. დოლაქიძეს სხვანაირად მიაჩნია. მისი აზრით, ბასილი ქართველი უნდა ყოფილიყო და ილარიონზე პირველი თხზულებაც ქართულად უნდა დაეწერა, რადგან ტექსტების ფილოლოგიური ანალიზი არ ადასტურებს ბერძნული დედნის არსებობას (მ. დოლაქიძის არგუმენტები, პირადად მე, ძალიან დამაჯერებლად და ლოგიკურად მეჩვენება).[5] ასეა თუ ისე, იდეა რომლის თანახმადაც ღვთისმშობელი განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს ქართველების მიმართ უძველეს (კიმენურ) და მეთერთმეტე საუკუნეში შექმნილ მეტაფრასულ რედაქციებშიც ვხვდებით.[6] აქ მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბასილი იყო პირველი ავტორი, რომლის შემოქმედებაშიც ჩაისახა იდეა ქართლის მიმართ ღვთისმშობლის განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ (არაა გამორიცხული ეს თავად ბასილის ან წმინდა ილარიონის რომელიმე მოწაფის (ვისგანაც ბასილი იღებდა ცნობებს წმინდა ილარიონზე) ფანტაზიის ნაყოფი ყოფილიყო).

            ქართველებისა და ქართული ენის მიმართ ღვთისმშობლის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩანს გიორგი მთაწმინდელის იოანესა და ექვთიმე ათონელის ცხოვრებიდანაც, სადაც გიორგი მთაწმინდელი ჰყვება სასწაულებრივ ეპიზოდს ექვთიმე ათონელის ბავშვობიდან. ექვთიმე პატარაობიდან ბიზანტიაში ზირდებოდა. მიუხედავად იმისა რომ მამამისმა, იოანემ, ქართული ასწავლა, ექვთიმეს ქართულად საუბარი მაინც უჭირდა. ერთხელ, ადრეულ ასაკშივე, ექვთიმე მძიმე სენით გამხდარა ავად და სიკვდილის პირას ყოფილა, თუმცა ღვთისმშობლის გამოცხადების შემდეგ ახალგაზრდა ექვთიმე განკურნებულა. თავად იოანე იხსენებდა, რომ პატარა ექვთიმეს თავად მოუყოლია მისთვის ამ სასწაულის შესახებ: ,,აწღა წარმომიდგა ვინმე დიდებული დედოფალი და მრქუა ქართულითა ენითა: ,,რაჲ არს, რაჲ გელმის, ეფთჳმე?“ ხოლო მე ვარქუ, ვითარმედ: ,,მოვკუდები, დედოფალო.“ და ვითარცა ესე ვთქუ, მომეახლა და მიპყრა ჴელსა და მრქუა: ,,არარაჲ არს ვნებაჲ შენ თანა, აღდგე, ნუ გეშინინ და ქართულად ჴსნილად უბნობდი.’’[7] ამის შემდეგ ექვთიმე თავისუფლად საუბრობდა ქართულად. მართალია, აქ არ გვაქვს პირდაპირი მინიშნება წილხვედრობაზე, მაგრამ ქართველებისა და ქართული ენის მიმართ ღვთისმშობლის განსაკუთრებული დამოკიდებულება ცხადია, რაც აშკარად უცხოეთის ქართული მონასტრულ კოლონიებში გაბატონებული იდეოლოგიის გამოხატულებაა (სწორედ ამ იდეოლოგიურ გარემოში, ამავე წრეში, წარმოიქმნა ლეგენდა წილხვედრობის შესახებ).   

მაგრამ ვინ იყო ის ავტორი, რომელმაც ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიაში, პირველად, ცხადად, გარკვევით და ვრცლად გადმოგვცა ეს ლეგენდა? ეს ავტორი იყო არსენ იყალთოელი (გარდ. დაახ. 1127) -  დავით აღმაშენებლის თანამოღვაწე. სწორედ არსენია ის ავტორი, რომლის თხზულებაშიც, პირველად, სრული სახით გვხვდება ლეგენდა ქართლის ღვთისმშობლისადმი წილხვედრობის შესახებ. როგორც ჩანს მეთერთმეტე საუკუნის ბოლოს ამ აპოკრიფმა უკვე საბოლოო და ჩამოყალიბებული სახე შეიძინა. საინტერესოა რომ არსენი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ბიზანტიაში, შესაბამისად, დიდი ალბათობით, მან ეს თქმულება უცხოეთის ქართული სამონასტრო კოლონიებიდან ჩამოიტანა. არსენი წილხვედრობაზე საუბრობს თავის ცნობილ თხზულებაში, რომელიც მან წმინდა ნინოს მოღვაწეობაზე დაწერა (დაახ. 1100 წლისათვის): ,,ხოლო ჩვენ აქა ვყოფთ დასაბამი სიტყჳსა, მაუწყებელი ჴსნისა და ცხორებისა ჩუენისაჲ, რამეთუ, ვითარცა წერილ არს, შემდგომად ამაღლებისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესისა და მოვლინებითა სულისა წმიდისაჲთა წმიდათა მოციქულთა ზედა და განყოფათა ენათაჲსა მსგავსადვე ენისა მოცემულისა, წილ-ხუდა იგივე ქუეყანაჲ თჳთოეულსა და ქადაგებდეს სიტყვასა ჭეშმარიტებისასა ყოველთა ქალაქთა და სოფელთა, ხოლო წმიდასა იოანეს, მახარებელსა და ღმრთისმეტყუელსა, ეგრეთვე სამ-გზის წილ-გდებითა ხუდა კერძოჲ ეფესოისაჲ, ქუეყანისა ასიისაჲ, და აწუევდეს წმიდანი მოციქულნი წარსვლად ქადაგებასა მათ მსგავსადვე მათსა, ხოლო იგი მიზეზ ჰყოფა არაფლობად განშორებისა ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისაგან, არამედ ჰმსახურებდა მას სახლსა შინა თჳსსა - სიონს; ამისა შემდგომად ჰრქუა მას წმიდამან დედოფალმან, მადლითა ქრისტესითა დედამან მისმან: არა ჯერ-მიჩნს შვილო, რაითა მოყუასნი და ძმანი შენნი განვიდენ ქადაგებად სახელსა ქრისტეს, ძისა და ღმრთისა ჩემისასა, და მოიმოწაფნენ წარმართნი და შენ უქმად სდგე ჩემისა ოდენ მოღუაწებისათვის; და კუალად განყოფასა შენსა ჩემგან იჭუელ ვარ, ნუუკუე არა სათნო იყოს უფლისა, რომელმან გვიბრძანა ერთად ყოფაჲ. და აქ უკუე წარვედ შენცა ქუეყანასა მას, რომელი წილ-გუხდა, და მოვიდე მეცა შენ თანა, რაჲთა ორივე სრულ იქმნას: შენიცა ქადაგებაჲ და კუალად ჩემგან განუშორებლობაჲ; ესრეთ რაჲ უბრძანა საყუარელსა მას, და წარემართა მის თანა სვლად და ქადაგებად, და მაგდანელი მარიამ და სხუანი მენელსაცხებლენი მათ თანა. და ვითარ ვიდოდეს სამ დღე ოდენ, მაშინ გამოუჩნდა მაცხოვარი და უბრძანა საყუარელისა მისთვის წარსვლაჲ ქადაგებად და მენელსაცხებელთა მათ მის თანა, თანამწედ და მოღუაწედ მისა; ხოლო ყოვლად-წმიდასა დედასა მისსა ჰრქუა: არა მნებავს ქადგებად წარსვლაჲ შენი, არამედ წარვედ შენ სახიდ შენდა სიონდ, რამეთუ ნაწილ შენდა არიან ადვილ მოსაქცეველნი ერნი წარმართნი და ქუეყანაჲ მათი. ხოლო აღ-რაჲ-ესრულნენ ქუაყანასა ესე ჟამნი დღეთა შენთანი, არა ხოლო იოანე, არამედ ყოველნი მოციქულნი კიდით ქუეყანისაჲთ შემოვკრიბნე შენდა და მე თავადი მოვიდე წარყვანებად სულისა შენისა, რომელი-იგი აღუსრულა, ვითარცა აღუთქუა. ხოლო ვინაჲ მიიწია ყოვლად-წმიდაჲ იგი, აკურთხა ქუეყანაჲ იგი სლვითა თჳსითა და კუალად იერუსალემდ მოიქცა. და იყოფებოდა სახლსა მას იოანესსა სიონს შინა. და იყო მოქალაქობაჲ მისი ყოვლად-საკჳრველ და უაღრეს ბუნებათა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა ქუეყანასა ზედა; ხოლო განვიდა რაჲ სოფლისა ამისგან დიდებულითა მით მიცვალებითა, და აღვიდა სუფევად ძისა მისისა თანა. ამისა შემდგომად წელთა მრავალთა შორის გარდასვლისა მოხედვა ყო ზეცით წყალობით ყოვლად-სახიერმან დედოფალმან და მოიხსენა უფლისა მიერ და ძისა თჳსისა წილხუდომილი იგი მისდა ქუეყანაჲ და ნათესავი ჩუენი, რამეთუ ნაწილ მისა ჩუენ ვართ, ნათესავი ქართველთანი, და ნეტარ ვართ ჩუენ და სამ ნეტარ, რამეთუ ნაწილ მისა ვიწოდენით. და იგი არს შემდგომად ღმრთისა მხსნელი და განმათავისუფლებელი ჩუენი მწარისა მისგან მონებისა და სრულიადისა ტყუეობისა მთავრისა მის ბნელისა“.[8]

            არსენი სიხარულით აუწყებს ქართველებს, რომ ისინი სამგზის ნეტარნი არიან, რამეთუ ქართლი (საქართველო) ღვთისმშობლის წილხვედრია. არსენის სიხარული აშკარაა და გასაგები, მაგრამ აქ ერთ სერიოზულ გაუგებრობას აქვს ადგილი. ცოტა უკან დავბრუნდეთ. არსენის შავით თეთრზე უწერია, რომ იოანეს წილად ხვდა ეფესოს მხარე, რომელიც მცირე აზიაში მდებარეობდა (,,ხოლო წმიდასა იოანეს, მახარებელსა და ღმრთისმეტყუელსა, ეგრეთვე სამ-გზის წილ-გდებითა ხუდა კერძოჲ ეფესოისაჲ, ქუეყანისა ასიისაჲ“), მაგრამ იოანე იერუსალიმის დატოვებას არ აპირებდა, რადგან უფალს მისთვის ღვთისმშობელზე ზრუნვა ჰქონდა მიბარებული, თუმცა ღვთისმშობელმა გამოსავალი იპოვა. ის იოანეს ეფესოში წაჰყვებოდა. იოანეს არ მოუწევდა თავის მისიონერულ საქმიანობაზე უარის თქმა, ამავე დროს ღვთისმშობელიც მასთან იქნებოდა. მართლაც, იოანემ და ღვთისმშობელმა მენელსაცხებლე დედებთან ერთად იერუსალიმი დატოვეს და ეფესოსკენ გაეშურნენ, მაგრამ გზაში მათ უფალი გამოეცხადა. მან იოანესა და მენელსაცხებლე დედებს ეფესოში გზის გაგრძელება უბრძანა, ხოლო ღვთისმშობელს უთხრა, შენი ეფესოში გამგზავრება არ მსურს, უკან იერუსალიმში, შენს სახლში, დაბრუნდიო, ,,რამეთუ ნაწილ შენდა არიან ადვილ მოსაქცეველნი ერნი წარმართნი და ქუეყანაჲ მათი’’ ანუ ის ერი და ქვეყანა, რომელიც შენ გხვდა წილად ადვილად მოექცევიანო ქრისტიანობაზე, მაგრამ არსენი აქ არ ამბობს თუ ვინაა ეს წარმართი ერი და სადაა მათი ქვეყანა. ის ხომ იოანეს ეფესოში მიჰყვებოდა? მაგრამ რამდენიმე წინადადების შემდეგ არსენი გვამცნობს რომ თურმე ღვთისმშობელს არ დაუვიწყია ქართველები, მოხედა და წყალობა მოუვლინა მათ. კი, მაგრამ ღვთისმშობელი ხომ იოანეს ეფესოში მიჰყვებოდა და არა ქართლში? არსენი არაფერს ამბობს იმაზე, თუ როდის და რანაირად ხვდა წილად ღვთისმშობელს ქართლი. საქმე ისაა რომ არსენი მექანიკურად იწერდა ძალიან ცნობილ აპოკრიფს იოანე მახარებლის მისიონერული მიმოსვლის შესახებ. ამ აპოკრიფში ღვთისმშობელზეც არის საუბარი, რადგან აპოკრიფული ლეგენდის თანახმად, უფალმა იოანეს დაავალა ღვთისმშობელზე ზრუნვა. არსენი ამ ლეგენდას მექანიკურად იწერდა, დასაწყისში საერთოდ დაავიწყდა, საერთოდ, რატომ იწერდა ამ აპოკრიფს, მაგრამ რამდენიმე წინადადების შემდეგ გაახსენდა, რომ აქ უნდა ჩაემატებინა ქართული აპოკრიფი, რომლის მიხედვითაც თითქოს ქართლი წილად ხვდა ღვთისმშობელს (და რომლის შესახებაც ბერძნულ წყაროებში სიტყვაც არაა ნახსენები) და სწორედ ბოლოს ახარებს ის ქართველებს, რომ თურმე ისინი ღვთისმშობლის წილი არიან.

            ამის გარდა, არსენი ნინოს მოღვაწეობას სხვა ისეთ დეტალებს ამატებს, რომლებიც წმინდა ნინოს ცხოვრების უძველეს რედაქციებში საერთოდ არ გვხვდება.  თურმე წმინდა ნინო იერუსალიმში, თავის სენაკში, დღე და ღამე ლოცულობდა და მარხულობდა, როდესაც ერთხელ, მეექვსე ჟამს (ჩვენი დროით დღის თორმეტი საათი), წმინდანი ,,რეცა აღტაცებულ იქმნა’’ და მარიამ ღვთისმშობლის სენაკში აღმოჩნდა, სიონში. ღვთისმშობელმა წმინდა ნინოს უთხრა, რომ ის მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა წასულიყო საქადაგებლად. წმინდა ნინომ ღვთისმშობელს შესჩივლა, უთხრა რომ ის იყო დედაკაცი ,,უცხოჲ, უნდოჲ, უსწავლელი“, შესაბამისად, ამ რთული მისიისათვის სრულიად შეუფერებელი. მაგრამ ღვთისმშობელმა თავის საწოლზე გადაფარებულ ვაზის ტალავრისკენ გაიწოდა ხელი, ვენახს ტოტები მოჰკვეთა, მისგან ჯვარი გააკეთა, ეს ჯვარი წმინდა ნინოს მისცა და გაამხნევა, რომ ის მუდამ მასთან იქნებოდა და შემწეობას არ მოაკლებდა. სწორედ ამ ვაზის ჯვრით წამოსულა ნინო ქართლისკენ.[9]

XII-XIII საუკუნეებიდან ლეგენდა ქართლის/საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვედრობის შესახებ უკვე ფართოდ ვრცელდება ქართულ საისტორიო თუ საღვთისმეტყველო მწერლობაში. ეს იდეა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მაღალი და გვიანი შუა საუკუნეებისა (XII-XV სს.) და ახალი პერიოდის (XVI-XIX სს.) საქართველოს ინტელექტუალურ ცხოვრებაში, მეოცე საუკუნის მიწურულს კი ის ქართული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის განუყოფელ ნაწილად იქცევა.

            დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ღვთისმშობლისადმი წილხვედრობის იდეა უცხოეთის ქართულ სამონასტრო კოლონიებში X საუკუნის I ნახევარში ჩაისახა. რა თქმა უნდა, ამ ლეგენდას არაფერი აქვს საერთო ისტორიულ რეალობასთან და საქრათველოს ღვთისმშობლისადმი წილხვედრობა არავითარი სანდო წყაროთი არ დასტურდება. ვფიქრობ, ძალიან აშკარაა ის, თუ რატომ, რა მიზნის მისაღწევად შექმნეს ქართველებმა ეს ლეგენდა. X საუკუნიდან XII საუკუნის დამდეგამდე ანუ ბასილი პროტოასიკრიტიდან არსენ იყალთოელამდე, წილხვედრობის ლიტერატურულმა ტრადიციამ ევოლუციის ხანგრძლივი გზა განვლო. ლიტერატურული და საღვთისმეტყველო დამუშავებისა და გამდიდრების შედეგად ჩვენ მივიღეთ შუა საუკუნეების ქართული მესიანისტური იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი მითი, რომელსაც ქართულ რელიგიურ ნაციონალიზმში დღემდე უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია.   

        

 

 

 

 

 



[1] Stephen Shoemaker, Mary in Early Christian Faith and Devotion (New heaven and London: Yale University Press, 2016), 35-62.

[2] Antony Kaldellis, Romanland: Ethnicity and Empire in Byzantium (Cambridge, Massachusetts/London, England: The Belknap Press of Harvard University Press, 2019), 123-155.

[3] ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, II (XI-XV  სს.), რედ. ილია აბულაძე (თბილისი, 1967), 20.// https://dlab.ug.edu.ge/books/detail/180

 [4] მანანა დოლაქიძე, ,,ილარიონ ქართველის ცხოვრების’’ ძველი რედაქციები (თბილისი, 1974), 55-57.

[5] დოლაქიძე, ,,ილარიონ ქართველის ცხოვრების’’ ძველი რედაქციები, 32-34.

[6] ნესტან სულავა, ,,წმ. ილარიონ ქართველი ძველ ქართულ მწერლობაში’’, თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, XI (თბილისი, 2006), 50.

[7] ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, II, 61.

[8] ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, III (მეტაფრასული რედაქციები: XI-XIII სს.), რედ. ილია აბულაძე (თბილისი, 1971), 15-16.

[9] ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, II, 17.