Monday, December 16, 2019

ჰომოსექსუალობა შუა საუკუნეების საქართველოში (XI-XII საუკუნეების წყაროების მიხედვით)


      
      ჰომოსექსუალობის საკითხი დასავლურ ისტორიოგრაფიაში, მეტნაკლებად, კარგადაა შესწავლილი, მაგრამ ქართულ ისტორიოგრაფიაში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ პრობლემას მეცნიერულად არავინ შეხებია. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ჰომოსექსუალობა ჩვენთან სადისკუსიოდ ძალიან მტკივნეული და სარისკო თემაა, მითუმეტეს, თუკი მას საქართველოს ისტორიასთან კავშირში განვიხილავთ. მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული ქართული ნაციონალიზმი მოსახლეობას საქართველოს ისტორიის სრულიად ზღაპრულ, ჰეროიკულ ვერსიას სთავაზობდა. საქართველოს ისტორიის ამგვარი ხედვა სავსეა სრულიად აბსურდული მითებითა და სტერეოტიპებით. მოსახლეობის უმრავლესობას დღემდე ჰგონია, რომ ჩვენი წინაპრები ზნეობრივად ჩვენზე უკეთესები იყვნენ, რომ საქართველოს ისტორია გმირების ისტორიაა, მართალია მოღალატეებიც გამოგვერეოდნენ, მაგრამ ეს ერის ღირსებას არ ამცირებდა, რომ ქართველი მეფეები და დედოფლები ყოველთვის მართლმადიდებლობის სადარაჯოზე იდგნენ, რომ ქართველ გლეხს ერთ ხელში თოხი ეჭირა და მეორეში თოფი (თუ ხმალი) და ა.შ. თანამედროვე ,,მამულიშვილი“ ამგვარი წარმოდგენებით ცხოვრობს და მას არც უნდა გაიგოს, რომ ჩვენი წინაპრები ჩვენნაირი ადამიანები იყვნენ, ყველა იმ სისუსტითა და ნაკლით, რაც ადამიანს ახასიათებს და,  დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, ისინი ნამდვილად არ იყვნენ ზნეობრივად ჩვენზე უკეთესები.
    ჰომოსექსუალობა ერთ-ერთი ის თემაა, რომელსაც თანამედროვე, ჩოხაში გამოწყობილი და აიფონ-მომარჯვებული ,,მამათმავლების“ მოძულე მამულიშვილის (რა უნდა იყოს ამაზე მეტად პოსტმოდერნული და კომიკური) წარმოსახვაში არავითარი კავშირი საქართველოს ისტორიასთან არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ძველი ქართველები ასეთ ,,გადახრებს“ გაცილებით შემწყნარებლურად ეკიდებოდნენ, ვიდრე ჩვენი აგრესიული, დუჟმორეული პატრიოტები. მართალია, ისტორიკოსისათვის, ამ მიმართულებით, ქართულ წყაროებში ინფორმაციის უკიდურესი ნაკლებობაა, მაგრამ რაც გვაქვს, ისიც საკმარისია იმისათვის, რომ აღნიშნულ თემაზე მეტნაკლები წარმოდგენა გვქონდეს. 
      თავდაპირველად უნდა ვთქვათ, რომ სექსუალური იდენტობა თანამედროვე ეპოქის ნახელავია და წარსულში ადამიანები ერთმანეთისაგან არ განიყოფებოდნენ ,,ჰეტეროსექსუალებად“ და ,,ჰომოსექსუალებად“, უფრო სწორად, ანტიკურ და შუა საუკუნეების კულტურებში სექსუალური ორიენტაციის, როგორც ასეთის, გაგება საერთოდ არ არსებობდა. ჩვენ თანამედროვეობაში სექსუალური ორიენტაცია უფრო მეტად ადამიანის სოციალური იდენტობის გამომხატველია ვიდრე მისი რეალური სექსუალური მიდრეკილებების მაჩვენებელი, ადამიანთა დაყოფაც ,,სექსუალურ უმრავლესობად“ და ,,სექსუალურ უმცირესობად“ ხომ ძალზე პირობითია და სექსუალობის ნამდვილ ბუნებას, რეალურად არსებულ მდგომარეობას საერთოდ არ ასახავს. მართალია, სექსუალური ორიენტაცია, როგორც ადამიანის იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიშანი, თანამედროვეობის ნაყოფია, მაგრამ ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური მიდრეკილება ისეთივე ძველია, როგორც თავად კაცობრიობა. დასავლურ ისტორიოგრაფიაში ჰომოსექსუალობის საკითხს მნიშვნელოვანი ნაშრომები მიუძღვნა  ჯონ ბოსუელმა (John Boswell) (1947-1994). ჯონ ბოსუელმა ანტიკური და შუა საუკუნეების დასავლურ წყაროთა მასშტაბური კვლევა ჩაატარა, რამაც ძალზე საინტერესო შედეგები მოგვცა, თუმცა მისმა კვლევამ სერიოზული კრიტიკული შეფასებაც დაიმსახურა. საქმე ისაა, რომ ყველა შემთხვევა, სადაც ორ მამაკაცს ან ორ ქალს შორის ძლიერი ემოციური დამოკიდებულებაა წარმოჩენილი, არაა აუცილებელი ჰომოსექსუალურ ურთიერთობად აღვიქვათ. ძლიერი სიყვარულის ამსახველი სიტყვები შესაძლოა უბრალოდ მეგობრულ გრძნობას გამოხატავდეს და მეტი არაფერი ანუ წყაროს ინტერპრეტაციისას ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და იმ კულტურის კონტექსტი და მახასიათებლები გავითვალისწინოთ, რომელ კულტურაშიც ესა თუ ის განსახილველი წყაროა შექმნილი (თუკი წყაროთა ბოსუელისეულ ინტერპრეტაციას ბოლომდე ვერწმუნებით, ამ ლოგიკით, ტარიელი და ავთანდილი ჩამოყალიბებული ჰომოსექსუალები გამოდიან). ამ თვალსაზრისით კი ბოსუელი, მართლაც, ხშირად სცოდავს, რადგან ჰომოსექსუალურ ლტოლვას იქ ხედავს, სადაც მისი არსებობა ცხადი არაა. მაგრამ ბოსუელის შრომა მაინც ძალიან დასაფასებელია, რადგან მან ისტორიაში ადამიანური ბუნების ამ მნიშვნელოვან მხარეს მიაქცია ყურადღება და მისი შესწავლა დაიწყო, რითაც მომავალ მკვლევართ გზა გაუკვალა. ბოსუელის მნიშვნელოვანი დამსახურება ისიცაა, რომ მან გააკრიტიკა წარმოდგენა შუა საუკუნეებზე, როგორც ერთმნიშვნელოვნად შეუწყნარებლობისა და ფანატიზმის ეპოქაზე (თუმცა ამ შემთხვევაში ის, ბუნებრივია, პირველი არ ყოფილა, ამ შეხედულების რევიზია ბოსუელამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო): ,,მართლაც, შუა საუკუნეები ხშირად არის ხოლმე წარმოდგენილი, როგორც თითქმის საყოველთაო არატოლერანტურობისა და შეუწყნარებლობის დროება, და ქცევებისა და დამოკიდებულებათა კონტექსტში ზედსართავი ,,შუა საუკუნოებრივი“ არც თუ ისე იშვიათად გამოიყენება, როგორც ,,გონებაშეზღუდულობის“, ,,ჩაგვრის“ ან ,,შეუწყნარებლობის“ სინონიმი. თუმცა შუა საუკუნეების ევროპისა და მისი ინსტიტუციების ასე ერთმნიშვნელოვნად და თვისობრივად შეუწყნარებელ გარემოდ წარმოსახვა არ არის არც ზუსტი და არც გამოსადეგი“.[i] შუა საუკუნეებზე ამგვარი სტერეოტიპული წარმოდგენის დაძლევა ჩვენც დაგვეხმარება წინასწარაკვიატებული განწყობებისა და მოარული მითებისაგან გავთავისუფლდეთ და ისტორიულ რეალობაში გარკვევას შევეცადოთ (რაც რასაკვირევლი ძალიან რთული და დამაბნეველი, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, მაინც შესაძლებელია).
      დასავლეთისაგან განსხვავებით, ჩვენ აღნიშნულ საკითხზე წყაროთა სიმრავლით განებივრებულები არ ვართ, მაგრამ რაც გვაქვს, ისიც ძალიან საინტერესოა. გვიანანტიკური და ადრეული შუა საუკუნეების ეპოქის ქართულ (და საქართველოს შესახებ არსებულ უცხოურ) წყაროებში ჩვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ არაფერია ცნობილი. გარკვეული ცნობები გვაქვს XI-XII საუკუნეების წყაროებიდან. ამ პერიოდის ქართული საეკლესიო სამართლის ძეგლებიდან ჩვენამდე მოღწეულია დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწის ექვთიმე ათონელისაგან შედგენილი ე. წ. მცირე სჯულისკანონი, რომელიც ექვთიმე ათონელს მეათე საუკუნის მიწურულისთვის უნდა შეედგინა. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მცირე სჯულისკანონი საეკლესიო სამართლის ორიგინალური ქართული ძეგლია, საეკლესიო კანონთა ეს კრებული სპეციალურად ქართული ეკლესიის სახელმძღვანელოდ, იმდროინდელი ქართული რეალობის გათვალისწინებით იყო შედგენილი.[ii] კრებული ხუთი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი 692 წლის კონსტანტინეპოლის საეკლესიო კრების კანონთა ნაწილს მოიცავს, მეორე - იოანე მმარხველის (582-595) განწესებებს, მესამეც იოანე მმარხველისაგან დადგენილ კანონთაგან შესდგება, მეოთხეა ყოველდღიურ შეცოდებათათვის განსაზღვრული კანონები, რომლებიც ბასილი დიდს მიეწერება და მეხუთეა ხატთაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით დაწერილი სარწმუნოების ძეგლისწერა.[iii]
      საეკლესიო სამართლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საეკლესიო ,,სასჯელით’’ ადამიანი ცოდვისაგან განკურნოს. ტრადიციული ქრისტიანობა ადამიანში არსებულ სექსუალობას ერთმნიშვნელოვნად ცოდვისმიერ შედეგად, ადამიანის ცოდვით დაცემის შემდგომ წარმოქმნილ ნაყოფად მიიჩნევს, რომლის საბოლოო დაძლევაც სასურველია, თუმცა ცოდვით დაცემული ბუნების სისუსტეც გათვლისწინებულია და ადამიანთა შორის ხორციელი ურთიერთობები დაშვებულია მხოლოდ მკაცრად მონოგამიურ ჰეტეროსექსუალურ ქორწინებაში. მართალია ჯონ ბოსუელი შეეცადა დაემტკიცებინა, რომ ადრეულ ქრისტიანობაში ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ეროტიკული სიყვარული ცოდვად არ ითვლებოდა, მაგრამ მისი არგუმენტები სერიოზული მტკიცებულებებით არაა გამყარებული. ადრეული ქრისტიანობა, უფრო სწორად ადრეული ,,ქრისტიანობები“ (რადგანაც ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ჩვენ ამ ახალი რელიგიის მრავალ ვარიანტს ვხვდებით) სექსუალობისადმი მეინსტრიმული დამოკიდებულება მკაცრი და შეუწყნარებელი იყო (მთელ რიგ ,,გნოსტიკურ“ მიმდინარეობებს სექსუალობა ერთმნიშვნელოვნად ბოროტებად ჰქონდათ გამოცხადებული, წინარე-ორთოდოქსული ეკლესია (proto-Orthodox Church)[iv] შედარებით შემწყნარებლური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა და ღვთისაგან ნაკურთხ კანონიერ ქორწინებაში სექსს უშვებდა, თუმცა იქაც გარკვეული შეზღუდვებით[v]). რადგანაც ადამიანში არსებული სექსუალური მიდრეკილებები ცოდვად ითვლებოდა (თუ ის კანონიერი ქორწინების კალაპოტში არ იყო მოქცეული), შესაბამისი საეკლესიო სასჯელები მათ გამოსწორებას ისახავდა მიზნად და ამ საკითხს საკმაოდ ბევრი საეკლესიო კანონი ეხება. კანონები არეგულირებს საეროთა და სამღვდელოთა ქორწინებისა და ცოლებთან ურთიერთობის საკითხებს საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობას წინ, აწესებს ეპისკოპოსთა უცოლობას (რაც ადრეულ ქრისტიანობაში დაშვებული იყო) და ა.შ. მაგ. მცირე სჯულისკანონის მეორე ნაწილი (,,შეცოდებულთა კანონები“) რვა ხორციელ ცოდვას გამოჰყოფს და აქედან შვიდი აშარად სექსუალური ხასიათისაა: ხელითდაცემა ანუ მასტურბაცია, სიძვა ანუ სექსი ქორწინების გარეშე, მრუშობა ანუ მეუღლის ღალატი, მამათმავლობა ანუ ჰომოსექსუალური კავშირი, უასაკოს გახრწნა ანუ პედოფილია, პირუტყვთან დაცემა ანუ ზოოფილია, სისხლით ნათესავთან აღრევა ანუ ინცესტი და განზრახული ან უნებური კაცისკვლა (ერთადერთი ეს ცოდვა არაა სექსუალური ხასიათისა). მაგ. მასტურბაციას მცირე სჯულისკანონი მკაცრად განსჯის და მას ,,ბოროტ და მრავალთა წარმწყმედელ ცოდვად“ მოიხსენიებს, რომელსაც ,,ჩუკენობა ეწოდებაო“.[vi] კანონთა კრებული აცხადებს, რომ ეს ცოდვა ხშირად გონიერ კაცსაც შეიპყრობს და მას სიბერემდეც ვერ იშორებსო და ის გავრცელებული ყოფილა, როგორც ერისკაცებში ასევე მონაზვნებშიც.[vii] მცირე სჯულისკანონი მასტურბაციის ორგვარ სახეს განარჩევს: საკუთარი ხელით და სხვისი ხელით: ,,ერთი ხდება თავისი ხელით, როგორც მრავალთა აღსარებიდან შევიტყვეთ, და ყველასათვის ცნობილია. ხოლო მეორე ყველამ არ იცის, რომელიც სხვისი ხელით ხდება. როგორც ამ ბოროტი ვნების მოქმედთაგან შევიტყვეთ, მათ სძაგთ ამ სიბილწის ქნა საკუთარი ხელით და მოუწოდებენ საკუთარ მსახურებსა და მონებს, და მათი ხელით სჩადიან ამ ბოროტ და საძაგელ დაცემას“.[viii] როგორც ჩანს, მეათე საუკუნეში საეკლესიო მამებს ქართველთა მასტურბაციისადმი დამოკიდებულება სერიოზულ სულიერ პრობლემად მიუჩნევიათ. აშკარაა ისიც, რომ დიდაზნაურები, მას შემდეგ რაც გაერთიანების გზაზე დამდგარი საქართველოს რთული პოლიტიკური ცხოვრებისაგან მოიცლიდნენ, ალბათ, განტვირთვის მიზნით, თავიანთ ყმებს მსგავსი ფუნქცია-მოვალეობებით ასაქმებდნენ (რადგანაც თავიანთი ხელით მასტურბაცია ან ეზარებოდათ ან ესირცხვილებოდათ). შემდეგ აღსარებაში ყვებოდნენ ამ ყველაფერს და სულიერ მამათაგან, საკურნებლად, შესაბამის საეკლესიო სასჯელებს იღებდნენ. რამდენად მაკურნებლად მოქმედებდა აღნიშნული საეკლესიო სასჯელები ჩვენთვის, სამწუხაროდ, უცნობია.
      მცირე სჯულისკანონი ჰომოსექსუალური ურთიერთობის სამ სახეს განარჩევს: ეს არის სექსუალური ძალადობა ბავშვობაში, რაც ძალადობის მსხვერპლს, ბუნებრივია, დიდ ცოდვად ვერ ჩაეთვლებოდა (,,მსუბუქია ასეთი ბრალი“), ნებაყოფლობითი სექსი, რასაც ექვთიმეს კანონთა კრებული უმძიმეს ცოდვად თვლის და ასევე ,,მესამე, როცა თვით სხვასთან მამათმავლობს და სხვა მასთან“.[ix] მკითხველი შეიძლება ცოტა დაიბნეს, თუ რა განსხვავებაა ,,მამათმავლობის“ მეორესა და მესამე სახეს შორის, მაგრამ სავარაუდოდ, მეორე სახე ,,მამათმავლობისა’’ გულისხმობს ადამიანს, რომელიც სექსუალური აქტისას აქტიურის როლში გამოდის, ხოლო მესამე გულისხმობს იმ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი აქტიურის როლს არ სჯერდება და, უფრო მეტი ეფექტისათვის, პასიურის როლსაც შეითავსებს. კანონები ასევე ეხება ნათესავებს შორის ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს. განსაკუთრებით შეშფოთებას გამოთქვამს საეკლესიო კანონთა ეს კრებული ძმებს შორის მომხდარ ამბავზე: უფროსმა ძმამ თავისი სექსუალური მოთხოვნილებები შუათანა ძმასთან დაიკმაყოფილა, ხოლო ამ უკანასკნელმა ექსპერიმენტის ჩატარება უმცროსზე გადაწყვიტა. კანონთა კრებული ამ ქმედებას ,,ბოროტსა და ბუნებისაგან უცხოს“ უწოდებს.[x] მცირე სჯულისკანონი თავზარდაცემული გვაუწყებს, რომ ,,არსებობს მამათმავლობა ქალებთანაც, რომელშიც ცვივიან მამაკაცები, რომლებიც ტოვებენ ბუნებრივ საქმეს და უკანალიდან აიძულებენ ქალებს დამორჩილებას. ზოგნი თავიანთ ცოლებთანაც შვრებიან ამას. ასეთი მამათმავალნი უმძიმესი კანონით უნდა დაისაჯონ, თუ მოინანიეს, ხოლო თუ არ მოინანიეს, უძვირესსა და უმწარეს სასჯელს მიეცემიან საუკუნო ცხოვრებაში’’.[xi] ანუ მცირე სჯულისკანონი არაორდინალური სურვილებით გატაცებულ მამაკაცებს ქალებთან ანალურ სექსსაც ,,მამათმავლობის“ ცოდვაში უთვლის. ჰომოსექსუალური ურთიერთებობების სასჯელად ,,შეცოდებულთა კანონები’’ თხუთმეტწლიან უზიარებლობას განაწესებს,[xii] ხოლო ქალთან ანალური სექსით დაცემას ოცდაათწლიანი უზიარებლობით (რაც საკმაოდ უცნაურია)[xiii] ანუ საეკლესიო სამართლის მიხედვით, ქალსა და მამაკაცს შორის ანალური სექსი გაცილებით მძიმე ცოდვად ითვლებოდა, ვიდრე ორ მამაკაცს შორის (ეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ჰეტეროსექსუალური კავშირი უფრო მძიმე ცოდვაა, ვიდრე ჰომოსექსუალური). ასევე ,,მამათმავლობის“ სასჯელს განაწესებს ქალებისათვის ორალური სექსისათვის: ,,თუ ქალი პირით დაეცეს კაცთან, მამათმავლობის ჟამით მოინანიოს“.[xiv] საინტერესოა ის, რომ მასტურბაციისათვის ,,შეცოდებულთა კანონები“ საეკლესიო სასჯელის ვადას არ განსაზღვრავს, რადგანაც ის ძალზე მასშტაბური ყოფილა (დიდი ალბათობით მრავალი საეკლესიო მამაც არ იკლებდა მსგავსი სახის გართობასა და სიამოვნებას), თუმცა ზოგადი, მსუბუქი კანონი ამგვარი ცოდვისათვის მაინც განწესებულია: ,,ორმოცი დღე უზიარებლობა და ყოველთა დღეთა ორმოცდაათი მუხლთდრეკა და სამგზის ,,შემიწყალე“ და კურიელეისონი ასი, „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“ - ორმოცდაათჯერ და ,,ღმერთო, შეგცოდე, შემინდვე“ - ორმოცდაათჯერ“.[xv] 
     საინტერესოა რომ მცირე სჯულისკანონის მესამე ნაწილი ანუ იოანე მმარხველის კანონები გაცილებით შემწყნარებლური და რბილია. როგორც ჩანს, საეკლესიო მამანი მივიდნენ იმ დასვნამდე, რომ ჯოჯოხეთით დამუქრება და მკაცრი, თხუთმეტწლიანი უზიარებლობით განსაზღვრული, სასჯელები დიდ შედეგებს ვერ აღწევდა, ამიტომ სასჯელთა ვადები ძალზე შემცირებულია. ,,მამათმავლობის“ ცოდვაზე ამ კანონებში უკვე აღარაა ისეთი რისხვითა და რიხით ლაპარაკი. თუ კი ადამიანი ამ ცოდვაში აღმოჩნდებაო, ,,მოვიდეს ლმობიერ სინანულზე და აღიაროს ცოდვა, გინდა სამი, გინდა ოთხი წელი უზიარებლობაში დაყოს’’.[xvi] რამხელა შეღავათია! სად თხუთმეტწლიანი უზიარებლობა და სად სამ-ოთხწლიანი! უცნაურია ის გარემოება თუ რატომ შეიტანა ექვთიმე ათონელმა თავის კრებულში კანონები, რომლებიც ერთი და იმავე ცოდვისათვის სხვდასხვა ვადის სასჯელებს განაწესებენ? თუმცა ქართველების ხასიათიდან გამომდინარე, ძნელია არ არის მიხვედრა, რომ ვერავითარი სასჯელი მათ ბოჰემურ ცხოვრებაზე ხელს ვერ ააღებინებდა, ამიტომ საეკლესიო მამანი იძულებულები იყვნენ სასჯელთა ვადები განუხრელად შეემცირებინათ. მაგალითად, წმინდა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან ცნობილია, რომ გიორგი მთაწმინდელი თავზარდაცემული იყო მეთერთმეტე საუკუნის საქართველოს საერო თუ საეკლესიო ცხოვრებაში გამეფებული უზნეობითა და აღვირახსნილობით.
      ჰომოსექსუალურ აქტთან დაკავშირებით, იოანე მმარხველი კიდევ უფრო მეტად წვრილმანდება. მოვუსმინოთ თვით კანონს: ,,თუ ვინმეს ერთხელ შეემთხვეს მამათმავლობა ან პირუტყვთა დაცემა და იყოს ის უმეცარი და უსწავლელი, და ასაკითაც ოცდაათ წელზე ნაკლები, და უმალ მოიწყვიტოს ეს ცოდვა და მოვიდეს მოსანანიებლად, ერთი ან ორი წელი ეყოფა უზიარებლობის კანონად. თუ ოცდაათი წლისაზე მეტი იყოს და სხვა ბუნებრივი და ბუნების გარეშე ცოდვებიც შეემთხვეოდეს (ერთგზის ან ორგზის) - სამი წლით განიკანონოს, რადგანაც ოცდაათი წლის ასაკამდე ჩადენილი ცოდვა მსუბუქად ისჯება, რაც უნდა მძიმეთაგანი იყოს, რაკი ოცდაათ წლამდე გონების უმეცრება და ხორცის მხურვალება დიდად მძლავრობს კაცზე და ამიტომ უმსუბუქესად განიკანონება’’.[xvii] როგორც ჩანს, იმდროინდელი ქართველები სექსუალურ თავგადასავლებს არ იკლებდნენ, ამიტომ ექვთიმე ათონელი იძულებული გახდა თავის კანონთა კრებულში ისეთი კანონებიც შეეტანა, რომლებიც ამგვარ მსუბუქ სასჯელებს განაწესებდნენ.
      საინტერესოა რომ ძველ საქართველოში ადამიანის ჰომოსექსუალურ მიდრეკილებებს სამღვდელო ხელთდასხმისათვის შეუფერებლად არ თვლიდნენ. ექვთიმე ათონელისაგან თარგმნილი იოანე მმარხველის ერთ-ერთი კანონი გვაუწყებს: ,,თუ ერისკაცს, მონაზონს ან დიაკვანს სიყრმის ასაკში შეემთხვას დაცემა სხვა მამაკაცისაგან ბარკლებში ან თეძოებში და შემდეგ, მოვიდეს რა ასაკში, წესიერი კაცი იყოს და სხვა ცოდვაში აღარ ჩავარდეს, მცირე რაიმე კანონი აღასრულოს, როგორც მისმა მოძღვარმა დაუწესოს, და გახდეს სამღვდელო. ხოლო თუ უკანალში შეემთხვას დაცემა და გახრწნა, ვერ მიიღებს მთავარდიაკვნობის ან ხუცობის კურთხევას, თუმცა მისი ბრალი არ იყო, ბავშვობისა და უმეცრების გამო, მაგრამ რადგან გაიხრწნა მისი გვამი, ვეღარ გახდება სამღვდელო, რაკი გაუხრწნელი გვამი ხამს მსხვრეპლის შესაწირად’’[xviii] ანუ შედარებით მსუბუქი ჰომოეროტიკული გამოცდილება დიდ ცოდვად არ ითვლებოდა, თუმცა ანალური სექსი (პასიური როლის შემთხვევაში) სამღვდელო ხელთდასხმას შეუძლებელს ხდიდა.
      ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში უმეტესობას, ალბათ, 1105 წელს გამართული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა ახსენდება. ძეგლისწერის მეთვრამეტე კნონი (უახლოეს ხანებში ამ კანონმა დიდი აქტუალობა შეიძინა) მკაცრად განსჯის ,,მამათმავლობას“ და მას ,,ღმრთის გამამწარებელ უბილწეს საძაგლობას“ უწოდებს.[xix] არსენ იყალთოელი (კრების ძეგლისწერის შემდგენელი) საეკლესიო კრების სახელით ყველას მიმართავს: ,,ამისთვის ვამცნებთ ყველას - დიდსა და მცირეს, მდიდარსა და ღარიბს, მეფესა და მთავარს, აზნაურსა და მდაბიოს, მღვდელსა და არამღვდელს, მოწესესა და ერისკაცს, მოხუცს, ახალგაზრდას და შუა ხნის კაცს, ყველა თანამდებობას, დასს, ჯგუფს, ყველა ასაკს - განუდგეს ამ ყველა ვნებაზე უფრო საძაგელ სიბილწეს და ასე განვამტკიცებთ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელით: ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ამ სიტყვათა მსმენელ სულს, რომელიც ამ ძეგლის წაკითხვის შემდეგ არათუ მარტო არ მიატოვებს სოდომური ცოდვის სიბილწეს და საქმით არ მოიმოქმედებს ამას, არამედ თუნდაც ხუმრობით და სიტყვით იტყვის რაღაც საამისოს, ამის გამომხატველ და მიმსგავსებულ სიტყვას და საქმეს წარმოაჩენს, უთუოდ თავს დაატყდება ამ საწუთროში საშინელება და ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩამგდები რისხვა, გოგირდში არეული სოდომური ცეცხლის მსგავსად.’’[xx]  
      აქ საინტერესოა კიდევ სხვა საკითხი: არსებობდა თუ არა ჰომოსექსუალური აქტისათვის განსაზღვრული ფიზიკური სასჯელები, როგორიც იყო, მაგალითად, ევროპასა და ბიზანტიაში? მე ამასთან დაკავშირებით მეთვრამეტე საუკუნემდელი შუა საუკუნეების ქართული სამართლის ძეგლებიდან არაფერი მახსენდება, თუმცა ვარაუდის საშუალება გვაქვს. რადგანაც გარკვეული ჰომოსექსუალური გამოცდილების ადამიანებს მღვდლად კურთხევა შეეძლოთ, შეიძლება დავუშვათ, რომ ძველ საქართველოში ჰომოსექსუალური აქტი ფიზიკურ სასჯელს არ ექვემდებარებოდა, რადგანაც ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანის მღვდლად კურთხევა იკრძალებოდა (ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანი ღვთისმსახურების სრულყოფილად შესრულებას ვერ შესძლებდა). თუმცა ბუნებრივია, ეს მხოლოდ ვარაუდია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ გვაქვს რაიმე სახის სერიოზული არგუმენტი ან მინიშნება, რომ ძველ საქართველოში ჰომოსექსუალური კავშირისათვის რაიმე ფიზიკური სასჯელის არსებობა ვამტკიცოთ. რასაკვირველია, ზემოთქმული ნამდვილად არაა საკმარისი ამ საკითხის სრულყოფილად გასაშუქებლად, ბუნებრივია, კითხვები ჩნდება წყაროებთან დაკავშირებოთაც და ა.შ. მაგრამ ეს პრობლემა სამომავლო კვლევის საკითხია და მისმა შესწავლამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს საქართველოს ისტორიის სტერეოტიპული სურათის დარღვევის საქმეში.   




[i] John Boswell, Christianity, Social Tolerance, and Homosexuality: Gay People in Western Europe from Beginning of the Christian Era to the Fourteenth Century (Chicago and London: The University of Chicago Press, 1980), 3
[ii] ექვთიმე ათონელი, საეკლესიო კანონები, ძველი ქართულიდან თანამედროვე ქართულზე ადაპტირებული ტექსტი მიხეილ-ელგუჯა გიუნაშვილისა (თბილისი, 2014), 3
[iii] საეკლესიო კანონები, 4
[iv] ამგვარად იწოდება ადრეული ქრისტიანობის ის ნაწილი, რომელიც შემდგომში გაბატონებულ ბერძნულ-რომაულ, ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსის მატარებელ ეკლესიად იქცევა
[v] სექსუალობის აღქმა ადრეულ ქრისტიანობაში, ამ საკითხთან დაკავშირებული უცხოური ლიტერატურა და წყაროები იხ. ჩემი ქართული ბერმონაზვნობის ისტორია, ტ. I: IV-V საუკუნეები (თბილისი, 2017), 11-66
[vi] საეკლესიო კანონები, 55
[vii] იქვე
[viii] იქვე
[ix] საეკლესიო კანონები, 56
[x] საეკლესიო კანონები, 57
[xi] იქვე
[xii] საეკლესიო კანონები, 58
[xiii] საეკლესიო კანონები, 59
[xiv] საეკლესიო კანონები, 74
[xv] საეკლესიო კანონები, 60
[xvi] საეკლესიო კანონები 62
[xvii] საეკლესიო კანონები, 62-63
[xviii] საეკლესიო კანონები, 66
[xx] იქვე