პირველი თავი
ოთახში თბილისური ზაფხულის აუტანელი ხვატი იდგა, აი,
ისეთი აუტანელი და სულისშემხუთველი, როგორც თბილისში იცის მხოლოდ. აივანზე გასასვლელ
კარზე ჩამოკიდებული ფარდა ოდნავ ფრიალებდა და ვაჟა-ფშაველას გამონაბოლქვით აქოთებული
პროსპექტიდან, სიცხესთან ერთად, ბინაში ტრანსპორტისა და ხალხის ხმაურიც აღწევდა. სახლის
პატრონი – დაჩი კორინთელი – მაგიდასთან იჯდა, დახურულ ლეპტოპთან და სრულიად მიწიერ,
საშინლად ბანალურ საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ფიქრობდა. შუბლს ისრესდა, სკამზე ნერვიულად
ქანაობდა და გიჟივით ჩურჩულებდა: ,,ღმერთო, ღმერთო, რაებზე მიწევს ფიქრი... რა სისულელეებზე...
“. ნახევარსაათიანი წრიალის შემდეგ ადგა და
ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, ცხელოდა, ძალიან ცხელოდა (რატომღაც კონდიციონერს არ რთავდა),
ნერვიულობა სიცხეს უმატებდა და ამ გაჭირვებული მდგომარეობიდან სრულიად მანიაკურ სიამოვნებას
იღებდა. სახლში საოცარი სიმყუდროვე სუფევდა. ცოლი – თეა და შვილები – სანდრო და ირაკლი
– აგარაკზე გაუშვა, თეას დედასთან. დაჩი სიდედრს ვერ იტანდა, ამიტომ აგარაკზე იშვიათად
ჩადიოდა, სიდედრი საშინლად აღიზიანებდა, ეს სამოც წელს გადაცილებული, დანევროზებული
ქალი ბუს თვალებითა და ცელოფანივით გადაჭიმული სახით. რა დასამალია, და საკუთარი ოჯახიც
აღიზიანებდა ხანდახან, აი, ძალიან რომ გაბურღავდნენ ხოლმე ტვინს.. ,,იმ დედააფეთქებულ
ბანკში მაქვს გადასახდელი, ესე იგი, რამდენი? ჰოო... რვაასი ლარი დამრჩა.. მდაა,“
- ცოლმა გამოატანინა ათას ხუთასლარიანი აიფონი. ამის გამო სურვილი უჩნდებოდა ეს ქათმისტვინა
ქალი სადმე იქვე (მაგალითად, სამზარეულოში) მიეხრჩო და ამით საკუთარ სიდედრზეც ეძია
შური. ,,სანდროსთვის მაქ გადასახდელი სამასი ლარი... საიდან მოვიტანო ამდენი?’’ სწრაფი
სესხებიდან ძლივს დააღწია თავი, მეგობრის ვალიც გაისტუმრა - ხუთასი ლარი და ახლა კიდევ
ახალ ვალებში თავის გაყოფა ახალი ტრაგედიის ტოლფასი იქნებოდა მისთვის, მაგრამ რა ექნა,
როცა ოჯახი ითხოვდა. ცოლი წიკვინს იწყებდა, ბავშვებიც დედას აჰყვებოდნენ და წუწუნით
ტვინი მიჰქონდათ და ეს ყველაფერი, როგორც წესი, გინებითა და ყვირილით მთავრდებოდა.
,,ღმერთო, რა დავაშავე ასეთი, ეს გადასახადებიც ამდენი მოდის.“ ნერვები მოეშალა, ძალიან
გაბრაზდა, გაბრაზდა საკუთარი ოჯახის წევრებზე, სამსახურზე, ხელისუფლებაზე, პარლამენტზე
და ხალხზე, და კიდევ იმაზე, ასეთ ქვეყანაში, რომ დაიბადა, გაბრაზდა ამდენ არარეალიზებულ,
ამბიციებით გაძეძგილ პატარა, ერთუჯრედიან ქალებსა და კაცებზე, რომელთა რიცხვიც ლეგიონი
იყო. მერე მიხვდა, რომ ეს ზიზღი აზვირთებული ტალღასავით ფარავდა და რაღაცნაირად სინდისმა
შეაწუხა, თავი მოთოკა. მესიჯი მოვიდა, მობილურს დახედა, ,,არაიდან’’ იყო რაღაც რეკლამა.
ისევ საშინლად მოეშალა ნერვები, იმის მაგივრად ვინმეს გახსენებოდა... ,,არაის’’ ახსოვდა
სამაგიეროდ. ,,აუ, აღარ შემილია ამ სახლში ჯდომა, ნევროზი მაქ.’’ იმას ფიქრობდა ვისთვის
დაერეკა. ყველა მისი მეგობარი ან სამსახურში იყო ან აგარაკზე თავის ოჯახთან ერთად.
არადა მარტო ყოფნას ვერ იტანდა. თითები აატკაცუნა, ბუქნები გააკეთა, დაჯდა, მერე ადგა
და ისევ ბოლთის ცემა დაიწყო, ისევ ბუქნები გააკეთა, ფანჯრიდან დაიწყო ქუჩაში ლამაზი
გოგოების ჭვრიტინი. საბოლოოდ პორნოს ყურება გადაწყვიტა. ცოლთან მაინც კარგა ხანია არ
ჰქონია სექსი, არადა ორმოცი წლის ჯან-ღონით სავსე კაცი იყო, ეს ბოზებში სიარული კი
უტყდებოდა. ,,ბოზებში სიარული მიტყდება და პორნოს ყურება - არა,’’ - გაიფიქრა. სახეზე
ცივი წყალი შეისხა და ის იყო ლეპტოპთან უნდა დამჯდარიყო, რომ კარზე ვიღაცამ დარეკა.
,,ვის გავახსენდი’’, თან გაუხარდა, თან ეწყინა. კართან მივიდა, ისე გამოაღო ჭუჭრუტანიდან
არც გაუხედავს. ზურა იყო, მისი მეგობარი - არშემდგარი თუ ვერშემდგარი მწერალი. შემოსვლამდე
ხელები გაშალა:
- რას შვები, შე ჩემა? ქვეყანაში რა ხდება, შენ კიდე
ზიხარ ამ სახლში.
- რა ხდება? შენ კოჯორში არ უნდა იყო? რატო არ დარეკე,
იქნება არ ვიყავი სახლში.
- აუ, მობილურს რაღაც დაემართა, თან ვერ მოვითმინე რა,
ჩართე ტელევიზორი, აი, უეჭველი უნდა მოვსულიყავი
რა...
- რა ხდება?
- ჩართე, პროსტა ნახე რა, რა დღეში არიან ეს ყლეები.
- ვინ რა დღეშია, რა ტელევიზორი, - აბუზღუნდა დაჩი,
ტელევიზორი ჩართო. ეკრანზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემის წამყვანი გამოჩნდა.
წამყვანი სტუმარს, პარტია ,,ქართველობის გადარჩენის“ ლიდერს ნიკანდრო ბახსოლიანს ეკითხებოდა:
- და მაინც, თქვენ არ მიპასუხეთ ბატონო ნიკანდრო, რა
განსაკუთრებული სარგებელი შეიძლება მოუტანოს მეფობამ ქვეყანას? რით შეიძლება მეფე იყოს
გამორჩეული და განსაკუთრებული, უკეთესი, ვთქვათ, პრეზიდენტსა ან პრემიერ-მინისტრზე?
- თუ მაცლით, გეტყვით აუცილებლად... სთხოვეთ ოპონენტს,
რომ არ შემაწყვეტინოს.
- კი ბატონო.
- მეფობა... ეს ინსტიტუტი არის ღვთივდადგენილი... მირონცხება…
ანუ მეფე რომ ეკურთხება, მას სცხებენ მირონს, - საშინლად დუნედ და მომაბეზრებლად ლაპარაკობდა.
მისმა ოპონენტმა, ეროვნულ-სარწმუნოებრივი ძალებისაგან ,,აღვირახსნილ ლიბერასტად“ მონათლულმა
ვახტანგ მელიამ, ვეღარ მოითმინა და საუბარში ჩაეჭრა:
- რა მირონცხებაზეა საუბარი, ბატონო ნიკანდრო, ოცდამეერთე
საუკუნეა!
- აი, მე ხომ გთხოვეთ არ შემაწყვეტინოს -მეთქი!
- კი ბატონო, ბატონო ვახტანგ თუ შეიძლება, დავასრულებინოთ
ბატონ ნიკანდროს.
- ოცდამეერთე საუკუნეა თუ ოცდამეორე, მაგას არა აქვს
მნიშვნელობა... უფალი მარადიულია, კეთილმსახურ მეფეს პირდაპირი კავშირი აქვს ღმერთთან,
მისტიკური კავშირი და როდესაც ცხებული მეფე...ეეე...მონარქი...ჭეშმარიტად კეთილმსახურია,
ხომ... მაშინ უკვე.... ეეე...ერზეც გადმოდის კურთხევა.. ჩვენ თუ გავიხსენებთ მაგალითად...,
- ნიკანდრომ ვერ გაიხსენა და სტუდიაში რამდენიმეწამიანი უკიდურესად გამაღიზიანებელი
სიჩუმე ჩამოწვა. ახლა წამყვანმაც ვეღარ მოითმინა:
- ბატონო ნიკანდრო, თქვენ რეფერენდუმზე საუბრობდით და
თუ შეიძლება, სამწუხაროდ დრო აღარ გვაქვს ამდენი, ცოტა მაინც რომ უთხრათ საზოგადოებას
ამ რეფერენდუმის შესახებ, როდის და რა ფორმით აპირებთ მის ჩატარებას?
- თუ შეიძლება..აზრს თუ გამაწყვეტინებთ, ვერაფერს ვიტყვი...
ბატონო ვახტანგ, მოიშორეთ ეგ იქედნური ღიმილი სახიდან..თქვენი და სხვა სოროსელების
დრო წასულია უკვე და ნუ მიეცემით ტყუილ ილუზიებს ძალიან გთხოვთ..როგორ არა, დაგინახეთ,
რომ ცინიკურად გაიღიმეთ, - აქ ისევ წამყვანი ჩაერთო:
- ბატონო ნიკანდრო, თემას რომ მივუბრუნდეთ, ძალიან გთხოვთ.
- არა, ნუ.. ოპონენტისგან ამგვარი ცინიკური დამოკიდებულება
უბრალოდ ყოველგვარ ზღვარს სცილდება..თქვენ წამყვანი ბრძანდებით და ძალიან გთხოვთ გადაცემის
ნორმალური მსვლელობა უზრუნველყოთ.
- იქნებ რეფერენდუმთან დაკავშირებით...
- არა, არა, ერთი წუთით, თქვენ ჯერ მეფის მნიშვნელობასთან
დაკავშირებით მკითხეთ და თუ პირველ შეკითხვაზე ვერ გიპასუხეთ, მეორეზე ვერ გადავალ.
- დრო აღარ გვაქვს ბატონო ნიკანდრო.
- კითხვა თქვენ თვითონ დამისვით და მომეცით საშუალება
რომ გიპასუხოთ!
- კარგით, ხუთი წუთი ბატონო ნიკანდრო.
- ხუთ წუთში ვერ მოვასწრებთ!
- ბატონო ნიკანდრო… - წამყვანი უკვე მოთმინებიდან გამოვიდა
- მე თქვენი არხისგან არაფერი მიკვირს, თქვენი არხი
ყოველივე ქართულისა და ყოველივე ეროვნულის მოძულე იყო ყოველთვის, მე გიხსნით მეფობის
არსს, თქვენ კიდე შეგნებულად ცდილობთ ჩემ დაბნევას. სკანდალის მეტი არაფერი გაინტერესებთ!
- სკანდალი რა შუაშია ბატონო ნიკანდრო, რეფერენდუმზე
გეკითხებით!
- აი, ასე კითხვიდან კითხვაზე, რომ დახტუნავთ, ასე ცდილობთ
საზოგადოების დაბნევასა და შეცდომაში შეყვანას..., - ნიკანდრომ მაგიდაზე ხელი დაარტყა,
ადგა და სტუდიიდან გასვლისას ,,თქვენს დედას შევეციო,’’ ჩაილაპარაკა (დაჩიმ და ზურამ
სიცილი დაიწყეს).
- მაყურებელს ბოდიშს ვუხდით, სამწუხაროდ, სტუმარს ელემენტარული
ზრდილობა არა აქვს... ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ ამ ინციდენტისათვის. ბატონო ვახტანგ,
თქვენ საუბრობდით იმ საფრთხეზე, რომელსაც მეფობის აღდგენის იდეა შეიცავს.
- დიახ, მე მგონი საფრთხე სრულიად რეალურია და თქვენი
დღევანდელი სტუმრის საქციელი და, ზოგადად, ფსიქოტიპიც ამას ცხადყოფს. ეს ადამიანები
აპირებენ მეფობის აღდგენის საშუალებით ძალაუფლებაში მოსვლას. საქართველოში ძალაუფლებისათვის
იბრძვიან სხვადასხვა სახის შავრაზმული, ფაშისტური დაჯგუფებები, რომელთა კავშირი ჩვენ
ჩრდილოეთ მეზობელთან ყველასთვის ცხადია. ეს ძალები ყოველმხრივ ცდილობენ ქვეყანა ჩამოაშორონ
დასავლეთს და დაუკავშირონ რუსეთს. სამწუხაროდ, რუსული დეზინფორმაცია საუკეთესოდ მუშაობს,
ნიკანდრო ბახსოლიანისა და მსგავსი სუბიექტებისათვის ევროპა და ამერიკა გარყვნილების
ბუდეა, რუსეთი კი ერთმორწმუნე მეზობელი, რომელთან შერიგებაც აუცილებელია.
- ბატონო ვახტანგ, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ მეფობის
აღდგენა თანამედროვე საქართველოში?
- იცით.. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საზოგადოებას
ნამდვილად აქვს განათლების პრობლემა, მე მაინც მგონია, რომ თანამედროვე ინფორმაციულ
ეპოქაში ამის გაკეთება მაინც ვერ მოხერხდება. მაინც არ მგონია, რომ ინტელექტუალური
თვალსაზრისით, ჩვენი ხალხი ასეთ სავალალო მდგომარეობაში იყოს, რომ მეფობის აღდგენას
რეალური პერსპექტივა ჰქონდეს.
- კარგით, გასაგებია..ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვებიან
,,წმინდა სვინკლეტიკას სახელობის მართლმადიდებელ ქალწულთა საზოგადოების’’ თავმჯდომარეები
ქალბატონი იზაურა ქემოკლიძე და ქალბატონი ნარგიზა ჭინჭარაული. მოგესალმებით და მადლობა,
რომ გადაცემაში მონაწილეობთ. ქალბატონო იზაურა, თქვენგან დავიწყებ. იქნებ აუხსნათ ჩვენ
მაყურებელს რისთვისაა საჭირო მეფობის აღდგენა?
- ეე..მოგესალმეებით, - დაიწყო იზაურამ (რატომღაც
,,ე’’-ს აგრძელებდა უსაშველოდ, ,,ლ’’-ს კი ძალიან არბილებდა), - მინდა გითხრათ, რომ
სრულდება წმინდა მამეეეების წინასწარმეტყვეეელება იმასთან დაკავშირებით რომეე ბოლო
ჟამს ივერიაში აღდგება მეფობა და აქ ანტე ტახტს ვერ დაიდგამს.
- ვინ ვერ დაიდგამს ტახტს?
-ანტეეეე ანუ ანტიქრისტე, რომელიც, მოგეხსენებათ, რომეე
უკვე დაბადებულია და დიდ პოლიტიკაში მოსვლისათვის ემზადება დიდუბე-ჩუღურეთის ადგილობრივი
არჩევნებში მონაწილეობის გზით.
- როგორი გზით? - წამყვანი სიცილს ძლივს იკავებდა. დაჩიმ
და ზურამ ერთამენთს გადახედეს.
- დიახ, მისი პოლიტიკური კარიერა აქედან დაიწყება, მერე
წავა იზრაელში, ვითომ არალეგალად, სინამდვილეში კი სოლომინის ტაძრის აღსადგენად, თუმცა
საბოლოო ჯამში აქ იგი ტახტს ვერ დაიდგამს.
- საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია ქალბატონო იზაურა?
- გეეეტყვით, გეეეტყვით.. ახლავე მოგახსენეებთ. რამდენიმე
წლის წინ გამოიცა ფონიჭალის სასაფლაოს წმინდა ბიკენტი ყირიმელის სახელობის ტაძრის წინამძღვრის
მამა ამირან მინტიაშვილის წიგნი ,,რატომ უნდა დავიწყოთ კარტოფილის მასობრივი ხარშვა
ბოლო ჟამის საქართველოში,’’ სადაც ჩვენგან ყველასგან და სრულიად ქართვეეელი ხალხისგან
პატივცემული დეეეეკანოზი განმარტავს თუ ვინ არის ანტიქრისტეეე, რას ნიშნავს ბოლო ჟამი,
რატომ უნდა ვხარშოთ ყოველ დღე კარტოფილი, რა იგულისხმება საქართველოს გაბრწყინებაში
და ა.შ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საგარეჯოს რაიონის სოფელ დურძუკეთის წმინდა სამსონ
უძლეველის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, სულიერი ხეეედვის მქონე მალული წმინდანის
მამა გიორგი პეტროვის წინასწარმეტყველებანი და შეგონებანი. მამა გიორგიმ ეს წინასწარმეტყველებანი
და შეგონებანი გარეპა და ისე მიაწოდა ახალგაზრდობას.
- რა ქნა?
- გარეპა, რეპი, რეეეეპი..ხომ იცით, თქვენ ახალგაზრდა
კაცი ბრძანდებით. თუფაქი, სნუფ დოგი, ფიფთი ცენტი და ამგვარი არტისტები ხომ გაგიგიათ?
მამა გიორგი პეეეტროვმაც გარეპა თავისი სწავლა-მოძღვრება და ისე მიაწოდა ის ჩვეეეენს
ახალგაზრდობას იუტუბეს გზით რათა მომავალმა თაობებმა უწყოდნენ დაფარული ცოდნა. მართალია, მამა გიორგი წარმოშობით რუსია,
მაგრამ სულით ქართველობს. ამ რამდენიმე წლის წინ ჩვენი საყვარელი მამაო რუსეთში იმყოფებოდა
წმ. სპირიდონ ზაპოროჟიელის სახელობის ნიჟნი-ნოვგოროდის დედათა სავანეში, საცა მალულმა
წმინდანმა და სტარიცა დედაო ქსენია ოვსინიაკოვამ, რომელსაც მრევლი სიყვარულით დედაო
ქსიუშას ეძახის, გაუმხილა მას ანტიქრისტეს ვინაობა. დიახ, მამაო გიორგიმ მისგან მოისმინა,
რომ ანტიქრისტე არის არნოლდ შვარცნეგერი.
- ქალბატონო იზაურა, ახლა არ თქვით, რომ ანტიქრისტე
დიდუბე-ჩუღურეთის ადგილობრივი არჩევნებით აპირებს მსოფლიო პოლიტიკაში მოსვლას?
- ჰა? ასე ვთქვი, ჰო? ნუ, ეტყობა წმინდანები დაფარულ
ცოდნას სხვადასხვაგვარად გვაწვდიან, ალეგურილად...
-ალეგორიულად, - შეუსწორა ნარგიზა ჭინჭარაულმა.
- ჰა? ჰო, არეგოლურად. ჩვენ წმინდანთა ცოდნას ვერ ჩავწვდებით,
ჩემო გიორგი.
- დავით, - შეუსწორა წამყვანმა.
- რომელი ნავით?
- დავით, ქალბატონო იზაურა, ჩემი სახელი დავითია.
- ა, ჰო დავით,
დავით. გასაგებია. ასე რომ წმინდანებს უნდა ვერწმუნოთ, ისინი შეუმცდარი ავტორიტეტებია.
- იქნება ცდებიან, ქალბატონო იზაურა, წმინდანები.
- მინდა გითხრა, რომ წმინდანები არასდროს ცდებიან, ჩემო
რამაზ, და ეს უნდა იცოდეს მთელმა საზოგადოებამ.
- მამა გიორგი პეტროვის და მამა ამირან მინტიაშვილის
გარდა კიდევ თუ არიან წმინდანები საქართველოში?
- რასაკვირველია არიან, მაგრამ მათი თანხმობის გარეშე
ვერ გავამხელ.
- მამა გიორგისა და მამა ამირანისაგან გაქვთ თანხმობა?
- კი, ჩემო კარგო, მათგან წეეერილობითი თანხმობა მაქვს
იმასთან დაკავშირებით, რომ ვილაპარაკო მათი წმინდობის შესახებ.
- იქნებ რეფერენდუმთან დაკავშირებითაც გვითხრათ რამე
ქალბატონო იზაურა?
-გეეეეტყვით, გეეეტყვით, მოგახსენეეებთ..ჩვენი ბრძენი
ქართვეეელი ეეერი ერთიანდება იმ სურვილში, რომეეე საქართველოს უნდა ჰყავდეს ღვთივკურთხეეეეეული
ქართვეეეელი მეფეეე. იგი დაიცავს საქართველოს აპუსტასიის ჟამს.
-აპოსტასიის, - ჩაუსწორა ნარგიზამ
- დიახ, აპოსტოსიის ჟამს, ასე რომ სოროსის ბნელი ძალები
ამას უნდა შეეგუონ.
- ქალბატონო ნარგიზა, - მიუბრუნდა წამყვანი ცნობილ პოეტისა
ნარგიზა ჭინჭარაულს, - თქვენ რას იტყოდით ამ ყოველივესთან დაკავშირებით?
- მოდი, ჩემო რამაზ...
- დავითი, ქალბატონებო, ჩემი სახელია დავითი
- დავითი, დავითი, ჰო, გენაცვალე..რაც მოგივა დავითაო
ყველა შენი თავითაო ჰაჰაჰაჰაჰჰა, - ნარგიზას სიცილი პირდაპირ ეთერში ვირის ჭიხვინივით
გაისმა, - მოდით მე როგორც პოეტი ლექსად ვიტყვი ჩემ სათქმელს.
- კი ბატონო.
- ჩვენო დიდო უწმინდესო,
მაღალო და უდიდესო,
მტრები ჩვენს
ღვთივდაცულ ერსა,
ბორგნეულად უმზირდესო,
შენ გვიოხე წინაშე ღვთისა,
შენა ხარ იმედი ერისა.
- თამაზ, გენაცვალე, მინდა გითხრა, რომ პოეტი, უპირველეს
ყოვლისა, შემოქმედია, რომელიც თავისი ერის ტკივილითა და გასაჭირით ცხოვრობს. პოეტობა,
უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ერის მსახურებაა და ჩვენ ყველანი უნდა ვემსახუროთ ჩვენ
კურთხეულ სამშობლოს, რათა საქართველო ბოლო ჟამის განსაცდელებს გადაურჩეს.
- ქალბატონო ნარგიზა...
- აი, თუ შეიძლება, ვიტყვი. აუცილებელია ჩვენ ყველანი
ჩვენი ბრძენი პატრიარქის გარშემო გავერთიანდეთ, რამეთუ მან და მხოლოდ მან უწყის საქართველოს
გადარჩენის გასაღები. ჩვენი პატრიარქი საქართველოს მფარველი წმინდანი და ღმერთია, ამინ!
- ქალბატონო ნარგიზა...
დაჩიმ ტელევიზორი გამორთო და ზურას გადახედა:
- კაი შე ჩემა, რა სისულელეებს მაყურებინებ, ჩემი გამჭირვებია,
ეს გიჟები მაკლია ეხლა ზუსტად.
- ხოო, ყველას ძალიან გაგვიჭირდება ესენი თუ მართლა
მოაჯდნენ ქვეყანას თავზე და მეფობა აღადგინეს. გაჭირვება მერე ნახე შენ.
- ამათი აღდგენილი მეფობის გჯერა შენ?
- ბიჭო, ეგრე ნუ უყურებ შენ, ესენი არ ხუმრობენ, ყველაფერზე
სპასობნი სასტავია.
- ესენი კი არიან ყველაფერზე სპასობნი სასტავი, მართლა
ხომ არ ბნელა მაგის დედა ვატირე, ოცდამეერთე საუკუნეა ბოლოს და ბოლოს, რაის მეფობა,
- და აქ შეჩერდა დაჩი..შეეცადა კარგად გაეაზრებინა თუ სად უწევდა ცხოვრება.
იმ დღეს
დაჩიმ და ზურამ ცოტა ლუდი დალიეს, ილაპარაკეს, იღადავეს, ამ მთისა თქვეს, იმ მთისა,
მერე ზურა სახლში წავიდა. ამასობაში დაღამდა. დაჩიმ ფილმის ყურება გადაწყვიტა, მაგრამ
მალევე გადაიფიქრა. მერე ,,სამეფო კარის თამაშების’’ პირველი სერიის ნახვა მოინდომა,
ამის ხალისიც მალევე დაკარგა. წამოწვა. ,,აგრილდა თუ მეჩვენება,’’ - ფარდა ისევ ოდნავ
ირხეოდა. ახლა უკვე ღამის თბილისის სიცხე იდგა ოთახში. ხმაურმა ოდნავ მოიკლო. მობილურზე
საათს დახედა: 23:16. ,,ეეჰ..ერთ კვირაში შვებულება, ცოტას დავისვენებ ამ ოხერი სამსახურიდან
მარა მერე სად ტრაკში წავიდე, ამ სიცხეში უნდა მოვიგუდო.’’ ბავშვები ძალიან მოენატრა,
მაგრამ აგარაკზე რამდენიმე დღით დარჩენას ნამდვილად არ გეგმავდა. შვებულების ძვირფასი
დღეების თეასა და დედამისის მოჯღანული სახეების ყურებაში გატარებას არ აპირებდა, მაგრამ
ორი დღით შეიძლება დარჩენილიყო, იმიტომ რომ სანდრო და ირაკლი ენატრებოდა. მათ მთელი
ცხოვრება წინ ჰქონდათ და დაჩის ნამდვილად არ უნდოდა მის შვილებს ისეთ საქართველოში
ეცხოვრათ, როგორი საქართველოზეც იზაურა ქემოკლიძე და ნარგიზა ჭინჭარაული ოცნებობდნენ.
,,აბა, პიდარასტების ქვეყანაში გინდა იცხოვრონ შენმა შვილებმა? ‘’ - უცებ დაუდგა თვალწინ
საკუთარი ძმა - გურამ კორინთელი. ძმები იყვნენ და ასეთი განსხვავებული მსოფლმხედველობის.
გურამი დაჩიზე ხუთი წლით უფროსი იყო, მორწმუნე და ეკლესიური, აღმსარებელ-მაზიარებელი,
მოძღვარიც ჰყავდა და ყველაფერს წესისა და რიგის მიხედვით ასრულებდა. მართალია, კაპადოკიელი
მამების კითხვით თავს არ იკლავდა, მაგრამ ,,მამაოსი’’ სჯეროდა უსიტყვოდ. სულ ლიბერასტებისა
და პიდარასტების გინებაში იყო, მათი სიძულვილი კი გაუასმაგდა, როდესაც გაიგო, რომ მისი
ჩვიდმეტი წლის საამაყო ვაჟს - გეგას, კახეთ-ჰერეთის დიდაზნაურთა სახლის - კორინთელთა
უძველესი ქართული გვარის გამგრძელებელს, გოგოები სულაც არ იზიდავდა და არც კახეთ-ჰერეთის
ისტორიით ინტერესდებოდა დიდად. ეს ამბავი გურამმა შემთხვევით გაიგო, როდესაც გეგას
ფეისბუკში გეგასა და ვიღაც უცნობი ბიჭის მიმოწერა ნახა. დიალოგს აშკარად სექსუალურ
ხასიათი არ ჰქონდა, მაგრამ მოზარდი ბიჭები ერთმანეთთან დავით აღმაშენებლის საგარეო
პოლიტიკას, რომ არ განიხილავდნენ, ეს დღესავით ნათელი იყო. გურამი ცუდად გახდა, სასწრაფოს
გამოუძახეს. მერე იქ ამბავი დატრიალდა, მტერსაც რომ არ უსურვებდით, შვილი ძლივს გამოგლიჯეს
ხელიდან. გურამის ატირებულმა ცოლმა (ეს მეორე ცოლი იყო, გეგას დედას გურამი დიდი ხნის
წინ გაშორდა) დაჩის დაურეკა. გურამი საწოლზე იყო გადამხობილი და იგინებოდა, ,,ჯობდა
მომკვდარიყო,’’- ხანდახან გამოურევდა გინებაში. ,,კარგი გურამ, ნუ ამბობ მაგას, ‘’
- ეუბნებოდა ცოლი. ,,იცოდი შენ? შენ? იცოდი მეთქი? - ყვირილით ეკითხებოდა დაჩის.
,,მე საიდან უნდა მცოდნოდა, არაფერი უთქვამს ჩემთვის, ვერც ვერაფერს ვამჩნევდი კაცო,
ვა.“ ,,ვაიიიმეე, როგორ დამიღუპეს შვილი სოროსელებმა...“. ,,გეგა სად არის?“ - იკითხა
დაჩიმ. ,,დედამისის ტრაკში!“ - იღრიალა გურამმა. ,,გეგა დედამისთან გავუშვით,’’ - უპასუხა
გურამის ნამტირალევმა ცოლმა. მერე გურამი დაჩის წაეკიდა. უცბად წამოენთო, შენი გაფუჭებულია
ეგ ბავშვი, ამ პიდარასტული იდეოლოგიით შენ გამოუტენე თავი, ერთ დღეს ხართ გასაწყვეტები
ეს ლიბერასტებიო. დაჩის არაფერი უპასუხია, ძმის სიგიჟისათვის ყურადღება არ მიუქცევია,
იცოდა რა ტრავმაც მიიღო იმ დღეს. მერე გეგაც ინახულა. შოკი იმას ერქვა, რა მდგომარეობაშიც
გეგა დახვდა. დაჩი ძმისშვილთან ყოველთვის ახლოს იყო, გაცილებით ახლოს ვიდრე მამამისი,
მაგრამ მისი ჰომოსექსუალობის ამბავი ნამდვილად არ იცოდა. გეგა გულმოდგინედ მალავდა
ამ ამბავს, მამამისის გამო, რა თქმა უნდა. მერე დრო გავიდა, ცხოვრება ჩვეულებრივ კალაპოტში
ჩადგა, იმას თუ ჩვეულებრივი ერქვა. გურამი დროგამოშვებით აკითხავდა დაჩის და გეგასთვის
ფულს უტოვებდა. ,,მე არ შემილია მაგის ნახვა, იმის მერე რაც მაგან გამიკეთა, უბრალოდ
ვერ ვნახავო.’’ დაჩიმ იცოდა, რომ კამათით უარესად გააღიზიანებდა და არაფერს ეუბნებოდა.
დაჩის გეგა შვილივით უყვარდა და მის სექსუალურ ორიენტაციას მისთვის საერთოდ არავითარი
მნიშვნელობა ჰქონდა. ,,ჩემთვის მთავარია ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს, ‘’ - ეუბნებოდა
გურამს, როდესაც ეს უკანასკნელი გეგასა და დანარჩენი ,,პიდარასტების’’ გინებით დაიღლებოდა.
ამ ფიქრებში დაჩის თვლემა მოერია, სახეები და ხმები ერთმანეთში აირია და მალე ღრმა
ძილმაც ჩაითრია.
ესიზმრა თითქოს მეფის მეჭურჭლეთუხუცესი იყო. სამეფო
დარბაზში იდგა, მეფე იცინოდა და ხალხიც იცინოდა. მერე მეფემ სიცილი შეწყვიტა და ხალხმაც
შეწყვიტა სიცილი. მეფემ დაჩის თავისი ხელით გადასცა ზარდახშის ე. ი. იმ ოთახის გასაღები,
სადაც სამეფო ჭურჭელი (ანუ მეფის განძეულობა) ინახებოდა. დაჩი წავიდა, ოთახი გააღო
და იქ ენით აუწერელი სიმდიდრე ნახა, ოქრო-ვერცხლმა და ძვირფასი თვლების ბრწყინვალებამ
თვალები დაუბრმავა. მსახურებს ტომრები მოატანინა, განძი შიგ ჩატენა, ცხენებს აჰკიდა
და გაიქცა. მერე სადღაც მდელოზე აღმოჩნდა, მაღალ კოშკს ჩაუარა. კოშკის სარკმელში თავისი
დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ნასტასია ზვორკინა-გოდერძიშვილისა, დაინახა, რომელიც
ხელს იქნევდა და ეძახდა ,,მეც თან წამიყვანეო.’’ დაჩი მთელი ბავშვობა ვერ იტანდა ამ
ქალს, მშვილდ-ისარი გადმოიღო, მშვილდი მოზიდა და ნასტასია მასწავლებელს ისარი შიგ თავში
გაარტყა. ქალი სარკმლიდან გადმოვარდა და ტვინი მიწაზე დაასხა. დაჩის შესანიშნავ განწყობა
დაეუფლა, მაგრამ განწყობა მალე შეეცვალა. როგორღაც მის გვერდით მისი ოთხმოცდაათი წლის
მეზობელი, პიპიმუზა ტაშოიანცი, აღმოჩნდა, ტანზე აბჯარი ეცვა და თავზე მუზარადი ეხურა.
ეუბნებოდა ,,მეფის მპარავთმძებნელები გეძებენ და დროზე გაასწარი აქედანო. ეგ განძი
მე დამიტოვე, საიმედო ადგილას გადავმალავო.’’ დაჩის იმედი მოეცა, მაგრამ ამაოდ. მპარავთმძებნელებმა
შეიპყრეს და მეფეს მიჰგვარეს. დაჩი შიშისაგან კანკალებდა, სიზმარი კოშმარად გადაექცა.
ბოლოს ის დაამახსოვრდა, ვიღაც ეუბნებოდა, ნუ გეშინია, შენს განძს ფარნავაზი იპოვისო,
მერე გაეღვიძა და ვერაფრით გაიხსენა რით დამთავრდა მისი სიზმარი. საათს დახედა:
07:36. უკვე გვარიანად ცხელოდა. გაიზმორა, ადგა, შხაპი მიიღო, ისაუზმა, ჩაიცვა და სამსახურში
წალასლასდა. საშინლად ეზარებოდა სახლიდან გასვლა და საშინლად ეზიზღებოდა სამსახური,
მაგრამ ოჯახი ჰყავდა, ფული სჭირდებოდა. რამდენჯერ უნანია მწარედ ცოლის შერთვა. არადა,
რა ბედნიერი იქნებოდა, ცოლი რომ არ მოეყვანა... დარჩებოდა დაუოჯახებელი, ეყოლებოდა
საყვარელი ქალი, პატარა იახტას იყიდდა და სადმე ოქროს ქვიშიან სანაპიროზე დასახლდებოდა.
იახტა მზის სხივებით ალიცლიცებულ წყალში იტივტივებდა და იქნებოდა მხოლოდ მზე, ზღვა
და სექსი… სამსახურში კონდიციონერი იყო ჩართული და სასიამოვნოდ გრილოდა. დაჩი კომპიუტერს
მიუჯდა (ჩართული კომპიუტერი უცნაურ ხმას გამოსცემდა, ღუღუნებდა თავისებურად). ,,უორდის’’
ფაილებს ხსნიდა და ბეჭდავდა, ვიღაც ჩინელებს რაღაც გაუგებარ მეილებს უგზავნიდა, რიცხვებით
აჭრელებულ ფურცლებში იქექებოდა და თანამშრომლებთან ოთახებში დადიოდა საბუთების გადასამოწმებლად
და ხელის მოსაწერად. არავითარი მზე, ზღვა და სექსი. იყო მხოლოდ გრილი, უსიცოცხლო ოფისი,
კომპიუტერის მოციმციმე ეკრანი და საშინელი ფურცლების გროვა. გუშინდელი ეთერი არ ამოსდიოდა
გონებიდან. არადა, თითქოს არანორმალური ფანატიკოსების მორიგი გამოხტომა უნდა ყოფილიყო,
არაფერი სერიოზული, მაგრამ გული მაინც რაღაც ცუდს უგრძნობდა. ოფისში ჩართულ ტელევიზორს
მოჰკრა თვალი. ჟურნალისტის ხმა იუწყებოდა, რომ ეროვნულ-სარწმუნოებრივი ძალები პარლამენტის
შენობასთან იკრიბებოდნენ. მიკროფონმომარჯვებული ჟურნალისტი მოძრაობის ,,მართლმადიდებელი
ქართველი ვაჟკაცები გარყვნილობის წინააღმდეგ და ქართული სულიერობის გადასარჩენად“ მეთაურს
გენადი მაღლაფერიძეს მიუახლოვდა.
- ბატონო გენადი, რას ითხოვთ დღეს, აქ, პარლამენტის
შენობასთან შეკრებილი ეროვნული ძალების წარმომადგენლები?
- საქმე ისაა, რომ წლების განმავლობაში მასონური ძალები
საქართველოში, და არა მარტო საქართველოში, გულმოდგინედ ცდილობდნენ ეროვნულ-სარწმუნოებრივი
ღირებულებების მოსპობას. სოროსის ბუდეში დაჩეკილი ბარტყები მოედნენ რა მთელ მსოფლიოს,
ებრძვიან ეკლესიას, ებრძვიან ყოველივე ეროვნულს, ცდილობენ გადააგვარონ ახალგაზრდობა
და დანერგონ შემწყნარებლობა მწვალებლებისა და უცხოტომელების მიმართ. ცდილობენ დანერგონ
სექსუალური განათლება, რომელიც მომავალ მეძავთა აღზრდას ემსახურება და გარყვნან მცირეწლოვანი
ყრმანი. ამიტომ ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ პარლამენტში შეიქმნას კომისია, რომელიც
უზრუნველყოფს ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარებას ერთადერთი კითხვით: გსურთ თუ არა, რომ
საქართველოში აღდგეს მეფობა? მე დარწმუნებული ვარ რომ ბრძენი ქართველი ერი დათანხმდება
ამ შეთავაზებას, და ბოლოსდაბოლოს, საქართველოში აღდგება მართლმადიდებლური მონარქია,
რომელიც უზრუნველყოფს მომავალი თაობების მართლმადიდებლური სულიერობით აღზრდასა და განათლებას,
საქართველოს გადარჩენას. მეგობრებო - კამერას მიუბრუნდა ბატონი გენადი, - ჩემო მართლმადიდებელო,
მართლაღმსარებელო ძმებო და დებო, მინდა მოგმართოთ თქვენ. ვის ვუტოვებთ ჩვენ ქვეყანას,
ზანგებსა და ჩინელებს? ვინ უნდა იცხოვრონ ამ ქვეყანაში, თურქებმა და არაბებმა? ირანელები
უნდა ჩამოვასახლოთ ჩვენს დალოცვილ მიწა-წყალზე? ეს გვიანდერძეს ჩვენმა სახელოვანმა
წინაპრებმა? ამისთვის იბრძოდა დავით აღმაშენებელი? გიორგი ბრწყინვალე? თუ ჩვენებურ
ლიბერასტებს უნდა შევატოვოთ ქვეყნის მართვის სადავეები ხელში? განიღვიძე სულო ჩემო,
განიღვიძე, რად მძინარე ხარ, დასასრული მოახლებულ არს, ასე და ამგვარად მოგვიწოდებს
დავით მეფსალმუნე, მაშ, გავიღვიძოთ და აღვემართოთ ანტიქრისტეს ძალებთან საბრძოლველად.
არა ძალადობით ბუნებრივია, არა ბილწსიტყვაობით, არა აგრესიით, არამედ ქრისტესმიერი
სიყვარულითა და თანაგრძნობით ჩვენი დაცემული ძმებისა და დების მიმართ, რამეთუ ქრისტიანობა,
მართლმადიდებლობა სიყვარულია და სიყვარული აღგვამაღლებს, ამიტომ მოვეფეროთ ქართველები
ერთმანეთს..
- კარგით, გასაგებია ბატონო გენადი, ახლა გადავინაცვლებთ..
- მაიცა, რა არი გასაგები, დამასრულებინე წინადადება,
რანაირად იქცევი?
- დროში ძლიერ შეზღუდული ვართ ბატონო გენადი და სხვასთანაც
გვინდა ინტერვიუს ჩაწერა.
- მაცალე მეთქი, აქ მე ვარ ამათი ლიდერი და ჩემი აზრია
მნიშვნელოვანი და ჯერ მე უნდა დამამთავრებინო საუბარი.
-უკაცრავად ბატონო გენადი მაგრამ დრო არ გვაქვს, - ოპერატორმა
კამერა მოაბრუნა და ჟურნალისტი სხვა რესპონდენტისკენ მიტრიალდა, მაგრამ გენადის გინება
მაინც კარგად მოისმა, ,,თქვენი დედას შევეციო’’. გაცხარებული ჟურნალისტი გენადის მიუტრიალდა
და უზრდელი უწოდა. გენადიმ ჟურნალისტს ხელი გაარტყა, იმწამსვე ვიღაცამ იყვირა ,,ჰკა
მაგათ ბიჭებოო’’ და მართლმადიდებელი ვაჟკაცები ჟურნალისტსა და ოპერატორს მიესივნენ
და წიხლქვეშ გაიგდეს. ოფისში ყველა თანამშრომელი ტელევიზორთან იყო. ქალები ,,ვაიმეს’’
იძახდნენ, კაცები თავებს აქნევდნენ. ერთმა თანამშრომელმა ,,სწორად მოიქცნენ, ამხელა
კაცს უნდა აცალო ლაპარაკიო,“ - ამაზე ატყდა კამათი, ბევრი იყიყინეს, დაჩი ხმას არ იღებდა.
პატრულმა ჟურნალისტი და ოპერატორი ძლივს გამოგლიჯა ხელიდან გავეშებულ ბრბოს. თანამშრომლებმა
ერთხან იყაყანეს კიდევ, მერე დაიშალნენ და თავ-თავიანთ კომპიუტერებს მიუსხდნენ ისევ...
კვლავ რუტინული, გულისგამაწვრილებელი სამუშაო სეირის ყურების შემდეგ. დაჩიც საქმეს
მიუბრუნდა, ოღონდ ყურადღების მოკრეფა ვერაფრით მოახერხა. ათასი სისულელე უტრიალებდა
თავში. ამასობაში სამუშაო დღეც მიიწურა, დაჩიმ რაღაც საბუთები მოაწესრიგა, უჯრაში შეინახა
და სახლისკენ წალასლასდა. სახლის სიმყუდროვეც
უკვე ნერვებს უშლიდა, შვილების ხმაური მოენატრა. ზურას და კიდევ ერთ მეგობარს - ბაჩოს
(გაახსენდა რომ ბაჩო თბილისში იყო) - მისწერა, დღეს სადმე გავიდეთო. რამდენიმეწუთიანი
მიმოწერის შემდეგ ერთ-ერთ ბარში გასვლა გადაწყვიტეს. ჯერ დაჩი და ზურა მივიდნენ, მერე
ბაჩოც მოვიდა თავის მეგობართან ერთად. ეს მეგობარი ახალგაზრდა (ასე, ოცდაათი წლის)
ქალი იყო, ბაჩოს თანამშრომელი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში. ,,ეს ნინია, ჩემი
თანამშრომელი, ესენი ჩემი ძმაკაცები, დაჩი და ზურა, რო ვახსენებ ხოლმე.’’ ,,ვაჰ, რა
ლამაზი გოგოა, ‘’ - დაჩი ნინის მიაშტერდა. რაღაცებზე ხუმრობდა. იმ
დღის ამბავზეც იხუმრა, ნინი ცოტა მოიღუშა, სერიოზული გახდა და ეროვნულ-სარწმუნოებრივი
ძალების კრიტიკას მოჰყვა, გაასწორა მიწასთან ღრმად ფემინისტური პერსპექტივიდან. ამაზე
ლაპარაკი, რომ მოსწყინდა, ისევ გაიცინა, დაჩის ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს გამოიდარა. ის გარკვეული უხერხულობა, რომელიც ორ ახლად გაცნობილ
ადამიანს შორის არსებობს, სასმელმა სრულიად გააქრო. გვიანობამდე დარჩნენ, სახლებში
ტაქსებით ჩამორიგდნენ. დაჩი სახლში გადასარევ განწყობაზე მივიდა, ნინის გაცნობამ მთელი
დღის დაღლილობა და უსიამოვნება გაანეიტრალა. გრილ ლოგინში ჩაწოლა ესიამოვნა. საათს
დახედა: 02:35. უკვე შაბათი იდგა, გაღვიძებულს სამსახურში წასვლა აღარ მოუწევდა.
მეორე თავი
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდებოდა. სხვა
მრავალ აზრიან და უაზრო პარტიასთან ერთად არჩევნებში კენჭს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული
პარტია ,,მამულიშვილთა ალიანსი’’ იყრიდა თავმჯდომარეების დავით სააკაძისა და ირმისა
ინაძის ხელმძღვანელობით. ამ პარტიამ ძალზე სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, განსაკუთრებით
მედია-კავშირ ,,ობიექტურობისა’’ და გაზეთ ,,ანავალ-განავალის’’ წყალობით. პარტიის პროგრამის
მთავარი დაპირებები იყო სოციალური სახელმწიფო (ეს ნაწილი დავით სააკაძემ მთლიანად რუსულენოვანი
ვიკიპედიიდან გადმოწერა), საქართველოს გაწმენდა უცხოტომელებისაგან (განსაკუთრებით,
როგორც პროგრამაში ეწერა, ზანგების, ჩინელების, თურქების, ირანელებისა და არაბებისაგან),
გეების კანონგარეშედ გამოცხადება ლოზუნგით ,,გეებს სახლებში არავინ უვარდება, მაგრამ
ჩვენ შევუვარდებით,’’ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება, ნატოსა და ევროკავშირზე უარის
თქმა, აშშ-თან ცივი დისტანციის დაჭერა (ზუსტად ასე ეწერა), სამხედრო და საგარეო პოლიტიკური
ნეიტრალიტეტი, თურქეთთან ომის დაწყება ოკუპირებული ტაო-კლარჯეთის დასაბრუნებლად. ამ
უკანასკნელ პუნქტთან დაკავშირებით, რომ ჰკითხეს ამას როგორ აპირებთო, დავით სააკაძემ
უპასუხა:
-უფალია ჩვენი შემწე. თუკი უფალი ინებებს, ყოველივე
მოგვარებადია. მართალია თურქეთი დიდია და აგრესიული, მაგრამ ღმერთი ჩვენკენაა. ეს არ
დაგავიწყდეთ. რუსეთზე, რომ იძახით ოკუპანტია, ოკუპანტიაო, თურქეთი არაა ოკუპანტი? ეს
რატომ ავიწყდება ყველას და რატომ არავინ საუბრობს ამის შესახებ? სოროსის იდეოლოგიისა
და პროპაგანდის გამო ხომ არა? მაგრამ ჩვენ არ ვივიწყებთ ჩვენ მიწებს და ამ მიწებზე
მცხოვრებ ჩვენ ძმებს. დაიხსომეთ, ქართველები აუცილებლად დააბრუნებდათ დაკარგულ მიწა-წყალს!’
- და ვინ დაგვეხმარება ამ ომში ბატონო დავით?
- წმინდა გიორგი. გახსოვთ, დიდგორის ომზე რასა სწერს
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი? რომ დიდგორის ბრძოლისას წმინდა გიორგი ხილულად ეხმარებოდა
ქართველებს.
- კრწანისის ომის დროს სად იყო?
- დაანებეთ პროვოკაციულ შეკითხვებს თავი. ვიცი მე თქვენი
ამბავი, სათქვენო კბილი მე დიდი ხანია მოვიცვალე. არაფრის წაკითხვა რომ არ გინდათ და
ელემენტარული განათლება არ გაქვთ ამ ჟურნალისტებს.. წაიკითხეთ ჩვენი დროის უდიდესი
მეცნიერ-ისტორიკოსის მეუფე აზარია ანჯაფარიძის ნაშრომები და გაიგებთ რა იყო და როგორ
იყო, მაგრამ თქვენ მხოლოდ სკანდალები გაინტერესებთ. ჩვენ მუდმივად გვეხმარებიან მალული
წმინდანები..
- მალული რატომ? ტყეებსა და გამოქვაბულებში არიან დამალულები
თუ ბუნკერებში?
- წყობიდან მაინც ვერ გამომიყვანთ, ასე რომ ტყუილად ცდილობთ.
ჩვენ სულიერად გვეხმარება ჩვენი დროის უდიდესი წმინდანი მამა გიორგი პეტროვი, რომელიც
ერს ანტიქრისტეს ვინაობა გაუმხილა და თურქეთის დაშლა უწინასწარმეტყველა. ჩვენ შევუტევთ
თურქეთს და დავიბრუნებთ ტაო-კლარჯეთს, რა შეუძლიათ ტანკებსა და რაკეტებს წმინდანთა
ლოცვასთან შედარებით?
მაგრამ
,,მამულიშვილთა ალიანსის“ მთავარ დაპირებას მაინც მეფობის აღდგენა წარმოადგენდა. დავით
სააკაძე და ირმისა ინაძე ერს მეფის ჩამოყვანას ჰპირდებოდნენ. მომავალ მეფედ ,,ალიანსის“
წევრებს უცხოეთში მცხოვრები ბაგრატ ბაგრატიონი ეგულებოდათ, რომელიც ოცდათხუთმეტი წლის
წარმოსადეგი ვაჟკაცი გახლდათ. ბაგრატ ბაგრატიონი ერის წინამძღოლობაზე მაშინვე დათანხმდა,
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის დატოვება და საქართველოს მეფობის მძიმე ჯვრის ტვირთვა
მოუწევდა. მის ჩამოსვლას ზაფხულში დღე-დღეზე ელოდნენ. საპატრიარქო ეროვნულ-სარწმუნოებრივ
ძალებთან ერთად, მომავალი მეფის დასახვედრად, დიდ ღონისძიებებს ამზადებდა. მამულიშვილები
დარწმუნებული იყვნენ, რომ მეფე ტახტს დაიკავებდა და საქართველოც აღდგებოდა ნიკოფსიიდან
დარუბანდამდის. ეროვნულ ძალებში მსჯელობა მიმდინარეობდა იმასთან დაკავშირებით, რომ
სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკები ყმადნაფიცობის სტატუსით მიეღოთ საქართველოს
ახლად აღდგენილი სამეფოს შემადგენლობაში და თუ ამაზე უარს იტყოდნენ, ძალით დაეპყროთ
ისინი. ასევე განიხილავდნენ ჩრდილო კავკასიის შემოერთებასაც. ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებისათვის
სახელები უნდა გადაერქმიათ და ტრადიციული ეროვნულ-ქართული სახელები დაერქმიათ, როგორიც
იყო მაგალითად ,,ღლიღვეთი’’ და ,,ქაშაგეთი“ და ა.შ. ,,წინ გამარჯვებებისკენ! ჩვენ გველის
ახალი დიდგორი და ახალი ბასიანი, ახალი მარტყოფი და ახალი მარაბდა, ახალი ბაზალეთი
და ახალი კრწანისი!“ - მიკროფონში ყვიროდა ირმისა ინაძე მამულიშვილთა მრავალათასიან
აქციაზე. მერე ვიღაცამ ყურში ჩასჩურჩულა ,,მარაბდასა და კრწანისში წავაგეთ და ბაზალეთზე
ერთმანეთი დავხოცეთო,’’ მაშინ ირმისამ ყვირილით განაზოგადა: ,,წინ ახალი გამარჯვებებისკენ!“
ერი ხარობდა და ზეიმობდა, იშვებდა და იხარებდა ფრიად, რამეთუ მეფობის აღდგენის მომხრეთა
რიცხვი დღით-დღე იმატებდა. ,,მამულიშვილთა ალიანსის“ წევრები ლამის ყოველ შაბათ-კვირას
მრავალათასიან მიტინგებს მართავდნენ ხან რუსთაველზე და ხან თავისუფლების მოედანზე.
საპატრიარქოს ტელევიზია ,,ერთმორწუნეობიდან“ სამღვდელოება ერს მოძღვრავდა და მეფობის
აღდგენის მომავალ სიკეთეებზე ესაუბრებოდა. მეფობის აღდგენის ერთ-ერთი გულმხურვალე მომხრეს,
გერმანოზ ბახალაძეს, უკვე წარმოედგინა, თუ როგორ შევიდოდა სვეტიცხოვლის ტაძარში თეთრ
ჩოხაში გამოწყობილი და გვერდში ამოუდგებოდა მეფეს, ჟურნალისტები მას ინტერვიუებს ჩამოართმევდნენ,
ფოტოებს გადაუღებდნენ, მთელ საქართველოს ეცოდინებოდა მისი სახელი და გვარი და შვილები
იამაყებდნენ მისით. მართალია ახლა სადღაც სარდაფში მოვალეებს ემალებოდა, მაგრამ ნათელი
მომავალი წინ იყო. მეფობის აღდგენის მოწოდებას შეუერთდა ქართველი ინტელიგენციის გამორჩეული
წარმომადგენელი, სახელგანთქმული რეჟისორი თადეოზ შენგელიაც. თადეოზი ერთ-ერთ ყველაზე
რეიტინგულ ტელევიზიაში მიიწვიეს, სადაც მას მეფობის აღდგენის აუცილებლობაზე უნდა ესაუბრა.
- დღეს ჩვენთან ეთერშია ცნობილი რეჟისორი, ბატონი თადეოზ შენგელია, რომელსაც
მრავალი შესანიშნავი კინო-სურათი ეკუთვნის და ასევე გახლავთ ,,ისტორიის მოყვარულთა“
კლუბის დამაარსებელი. მსურს ტელემაყურებელს მოკლედ შევახსენო ბატონი თადეოზის ბიოგრაფია.
ბატონი თადეოზი დაიბადა 1939 წელს, დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია,
1956 წელს ჩააბარა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, გადაიღო ისეთი ცნობილი დოკუმენტური
ფილმები, როგორებიცაა ,,რელიგიის მავნებლობის შესახებ,“ ,,კულტმსახურთა უზნეობა,“
,,ათეიზმის გამარჯვება საქართველოში“, ,,რელიგია როგორც ცრურწმენა“, ,,ზვიად გამსახურდია
- დიქტატორი თანამედროვე საქართველოში“, ,,რეზიკოსა და მაიას სიყვარულის ამბავი“,
,,ელპიტეს ბავშვობა“, და ა.შ.“ თადეოზს სახეზე უხერხული ღიმილი ეფინა.
- კარგით, კარგით, ნუ შევაწყენთ თავს მაყურებელს ჩემი
ბიოგრაფიის მოყოლით.
- როგორ გეკადრებათ ბატონო თადეოზ, ტელემაყურებელს ყოველთვის
უხარია თქვენი ისტორიის მოსმენა,“ - გულწრფელი სიცილ-კისკისით უპასუხა ჟურნალისტმა.
,,უუჰ, შენს დებილ დედას შევეცი,“ -გულში იგინებოდა დამსახურებული რეჟისორი.
- ფილმების გარდა ბატონი თადეოზი წიგნების ავტორიცაა.
მისი ნაშრომებია ,,კავკასიის განთიადი,“ ,,ადამიანურიო სითბო ცივ რუსეთში“, ,,საქართველოს
სახელოვანი მმართველები აიეტიდან ედუარდ შევარდნაძემდე“, და ა.შ. 1991 წლის 29 დეკემბერს ბატონმა თადეოზმა პროტესტის ნიშნად დატოვა კომუნისტური პარტია და დააარსა მოძრაობა
,,მართლმადიდებელ ქართველთა ერთობა.“ ბატონი თადეოზი გახლავთ ბელორუსისა და უზბეკეთის
კინომოყვარულთა საზოგადოებების საპატიო წევრი. ბატონო თადეოზ, იქნებ აუხსნათ ტელემაყურებელს,
რატომ ხართ საქართველოში მეფობის აღდგენის მომხრე?
- საქართველოს ოდითგანვე ჰყავდა მეფეები, რომლებმაც
სახელი და დიდება მოუტანეს ჩვენ დალოცვილ სამშობლოს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ
საქართველოს კეთილდღეობა სწორედ მეფობის აღდგენაში მდგომარეობს. მეფე - დიდი დავით
აღმაშენებლის სულით - გაუძღვება საქართველოს ახალ-ახალი გამარჯვებებისკენ და მე მწამს,
რომ ამგვარი ვაჟკაცია სწორედ ჩვენი მეფობის კანდიდატი - უფლისწული ბაგრატ ბაგრატიონი,
რომელიც თავისი დიდი წინაპრისა და თანამოსახელის მსგავსად გააერთიანებს სრულიად საქართველოს,
მაგრამ მანამდე გარკვეული პროცესია გასავლელი, რეფერენდუმია ჩასატარებელი და აუცილებელია
პარლამენტში ,,მამულიშვილთა ალიანსის“ მოსვლა უმრავლესობით. მე მტკიცედ მწამს, რომ
ბატონი დავით სააკაძე და ქალბატონი ირმისა ინაძე ერს მომავალი კეთილდღეობისკენ გაუძღვებიან
და ისინი ნამდვილად აღადგენენ მეფობას. ამიტომ, მოგიწოდებთ ჩემო თანამემამულეებო, რომ
მხარი დავუჭიროთ ,,მამულიშვილთა ალიანსს“ რამეთუ მხოლოდ მათ ედარდებათ საწყალი ხალხი
და მხოლოდ მათი დაუზარელი შრომის წყალობით მივიდა საზოგადოება იმ დასკვნამდე, რომ მეფე
აუცილებელია...
დაჩიმ
ტელევიზორი გამორთო. ეს ყველაფერი თამაშსა და ხუმრობას აღარ ჰგავდა უკვე. ძალიან უცნაური
ამბავი ხდებოდა ქვეყანაში. ფეისბუკი აჭრელებული იყო ათასგვარი ინფორმაციით, პოსტებითა
და კომენტარებით მეფობის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების მხრიდან. ორივე ბანაკში,
ლიბერალებსა და ეროვნულ-სარწმუნოებრივ ძალებშიც მზარდ ისტერიას ჰქონდა ადგილი. დაჩიმაც
გადაწყვიტა თავისი სამოქალაქო პოზიცია გამოეხატა და ფეისბუკზე ვრცელი პოსტი დაწერა,
რატომ იყო საზიანო მეფობის იდეა, რამდენიმე ღვთისმოსავმა მარხვაზე მყოფმა მართლმადიდებელმა
უშვერად აგინა, ლიბერალები რა თქმა, უნდა აღფრთოვანებით შეხვდნენ მის პოსტს. არჩევნების
მოახლოებასთან ერთად, ბუნებრივია, ისტერია მეტად საშიშ მასშტაბებს იღებდა.
დაჩის ეს ყველაფერი უკვე ძალიან აღიზიანებდა, ამიტომ საინფორმაციო გამოშვებებს აღარ
უყურებდა და ფეისბუკშიც იშვიათად შედიოდა, მაგრამ ის ამბავი, რაც 4 ივლისს მოხდა, შეუძლებელია
რომ არ გაეგო. ოთხ ივლისამდე რამდენიმე დღით ადრე საელჩოებმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში
მზარდი ნაციონალისტური და მონარქისტული განწყობების გამო. ეროვნული ძალების განრისხებულმა
წარმომადგენლებმა ამერიკის საელჩოსთან აქცია მოაწყვეს, სპეციალურად დაამთხვიეს ამერიკის
დამოუკიდებლობის დღეს. აქციაზე უამრავი ხალხი მოვიდა. საელჩო აქციას გაძლიერებული დაცვის
ქვეშ შეხვდა. ხელისუფლებაც იძულებული იყო პატრულის რამდენიმე ასეული თანამშრომელი დაეყენებინა
საელჩოს გარშემო. მამულიშვილთა პროტესტი CNN-მა და BBC-აც გააშუქეს და მათი შეკრება
,,ნეონაცისტების თავყრილობად“ მონათლეს, რამაც ეროვნული ძალების წარმომადგენლები კიდევ
უფრო განარისხა. აქციაზე სიტყვით გამოდიოდნენ სამღვდელობისა და მოწრმუნე ერისკაცთა
წარმომადგენლები და ითხოვდნენ ამერიკას შეეწყვიტა გრანტების დარიგება ,,ჩვენებური ლიბერასტებისათვის“,
რომლებიც ერის გარყვნისათვის ყველაფერს აკეთებდნენ. მამა გიორგი პეტროვმა ამერიკას
,,ბაბილონის დიდი მეძავი“ უწოდა და მომიტინგეები დამოძღვრა ,,წმინდა რუსეთთან“ (სვიატაია
რუს) ერთმორწმუნე კავშირის აუცილებლობის შესახებ. მამა გიორგიმ აქციის მონაწილეებს
მოუწოდა ერთმორწმუნე ძმას შეერთებოდნენ, რათა ერთობლივი ძალებით დაემარცხებინათ ,,ანტიქრისტეს
გათახსირებული მსახურები“. მამა გიორგის მოწოდებას აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით
შეხვდნენ. აქციაზე სიტყვით გამოვიდა დავით სააკაძე: ,,მეგობრებო, ჩემო ძმებო და დებო,
დედებო და მამებო, შვილებო! ახლოვდება საქართველოს გადარჩენის ჟამი, ახლოვდება ივერიის
გაბრწყინება, რომელსაც წმინდა მამები გვიწინასწარმეტყველებდნენ! მეფე მოდის! მეფობის
აღდგენის შემდეგ უკვე ვეღარავინ შეძლებს ჩვენი შვილების გარყვნას გომოსექსუალისტური
პროპაგანდით, რამეთუ გომოსექსუალისტები სამუდამოდ გადაშენდებიან საქართველოდან! (ტაში
და ოვაციები: ვაშააააა!). მეფობის აღდგენის შემდეგ ჩვენი ღვთივკურთხეული სამშობლო უკვე
აღარ იქნება უცხო ქვეყნების გავლენის ქვეშ, ჩვენი დალოცვილი ქვეყანა გათავისუფლდება
ამ ბინძური უცხოტომელებისგან (ტაში და შეძახილები: ვაშააააა!). ჩვენ დავიბრუნებთ დაკარგულ
მიწა-წყალს, უპირველეს ყოვლისა კი ტაო-კლარჯეთს, რომელსაც თავის ბინძურ ხელთაგან გამოვტაცებთ
დამპყრობელ თურქეთს! (ტაში და ოვაციები: ვაშაააა!). ჩვენ კავშირს შევკრავთ ჩვენს ერთმორწმუნე
მეზობელთან მუსლიმებისა და ლიბერასტების წინააღმდეგ და გავამარჯვებინებთ ჩვენ წმინდა
სარწმუნოებას! (ტაში და ოვაციები: ვაშააააა!). ვინც რა უნდა ის გვეძახოს, დაე გვეძახონ
ჩვენმა გადაგვარებულმა თანამემამულეებმა რუსეთუმეები, ჩვენ მართლმადიდებლური რუსეთი
გვირჩვენია გადაგვარებულ და გაპირადასტებულ ევროპას! რას გვინერგავენ, რის პროპაგანდას
ეწევიან, რას გვტენიან ეს უჯიშოები! შვილებს გვიწამლავენ ეს აქოთებული ტელევიზიები
და ჩვენ ამის საპასუხოდ თურმე ტოლერანტული დამოკიდებულება უნდა გამოვიჩინოთ (საყოველთაო
სიცილი, ,,რა ირონოულია ბატონი დავითი, ღმერთო ჩემო!“ - გადაულაპარაკეს ერთმანეთს აქციის
მონაწილეებმა). ნურას უკაცრავად! ვერ მოგართვით! ამიტომ, მივმართავ ამერიკის შეერთებულ
შტატებს, მის მთავრობას და პირადად ბატონ პრეზიდენტს! გეყოფათ ჩვენი შვილების გარყვნა,
გეყოფათ გომოსექსუალიზმის პროპაგანდა, მოიქეცით ისე, როგორც ეს ქართველისა და საქართველოს
ეკადრება, თუ არა და წაეთრიეთ აქედან! (ტაში და ოვაციები...).
შემდეგ სიტყვა გადაეცა ირმისა ინაძეს:
-მეგობრებო! ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში მიდის
გარყვნილებისა და სიბილწის პროპაგანდა, ყოველივე ეროვნულის სიძულვილის პროპაგანდა!
ქართველი ქალი, ჩემო ძმებო და დებო, ყოველთვის იყო ზნეობის სადარაჯოზე! ქართველი ქალი
უნერგავდა ქართველ მეომარს სიყრმიდანვე სამშობლოს სიყვარულსა და სამშობლოსათვის თავდადებას!
ქართველი ქალი ედგა ებგურად ქართულ ოჯახსა და კერიას, და როცა საჭირო იყო საკუთარი
გულმკერდით ეფარებოდა ვერაგი მტრის მსახვრალ მახვილს და დღესაც, მეგობრებო, დღესაც,
ღირსეული ქართველი ქალი წინაპართა ანდერძის შესრულებას აგრძელებს, მაგრამ ჩვენი გადაგვარებული
თანამემამულეები მუდმივად უტევენ იმ ყველაფერს, რაც ასე ძვირფასია ქართველობისათვის!
ამას წინათ ერთი ტვინგადაბრუნებული ფემინისტკა გამოდიოდა და უსირცხვილოდ ამტკიცებდა
ქართველი ქალისთვის მასტურბაცია რატომ უნდა იყოს სამარცხვინოო, ამათ ხელში უნდა გაიზარდონ
ჩვენი შვილები, ამათ უნდა უხელმძღვანელონ ქვეყანას? ვაი, მაგათ პატრონს! ნუთუ თქვენგან,
ჩვენო ეროვნულო ქალბატონებო, ვინმეს უკადრია მსგავსი საქციელი რაზეც ეს გათახსირებული
ფემინისტკა ლაპარაკობდა, დარწმუნებული ვარ რომ არა!
მომიტინგეებში უხერხული სიჩუმე ჩამოწვა.
- მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, ჩემო ძვირფასებო, რამეთუ
სოროსელების აღსასრული მოახლოებულია! ახალი ეროვნული მოძრაობა იწყება, რომელიც ჩვენს მრავალტანჯულ სამშობლოს მკვდრეთით აღადგენს, ლიბერასტებს კი მინდა ვუთხრა, რომ მე აუცილებლად
ვეზიარები, კარგად ვილოცებ და თქვენი დედების მოსატყნავად წამოვალ! (ტაში და ოვაციები:
ვაშაააა!). ახლა კი სიტყვას გადავცემთ ჩვენს სასიქადულო ჟურნალისტს ბატონ ვლადიმერ
კვარაცხელიას.
მეგაფონთან ხანში შესული ულვაშიანი კაცი მივიდა გველური
გამომეტყველებით:
- მეგობრებო! მინდა ორიოდ სიტყვა გითხრათ საქართველოსა
და ჩვენი ჩრდილოელი ერთმორწმუნე ძმის, რუსეთის ურთიერთობებზე. გადაგვარებულმა, მასონურმა
დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოსა და რუსეთს - ერთმორწმუნე
ქვეყნებს - შორის შავი კატას გაერბინა. მაგრამ მტერმა ვერ გაითვალისწინა ერთი რამ:
ჩვენ - ქართველებსა და რუსებს - საერთო ღირებულებები გაგვაჩნია, ჩვენს ურთიერთობას
ბალავრად საერთო სარწმუნოება აქვს! დამიჯერეთ მეგობრებო რომ არა მხოლოდ საქართველოში,
არამედ რუსეთშიც მალე ვიხილავთ ახლად აღდგენილ მართლმადიდებლურ მონარქიას და საქართველოსა
და რუსეთის ერთმორწმუნე მეფეები ერთობლივი ძალებით შეუტევენ ანტიქრისტეს! (ტაში და
ოვაციები...). თქვენ მოგეხსენებათ, რომ არსებობს წმინდა მამათა წინასწარმეტყველება
საქართველოში, რუსეთში, სერბეთსა და საბერძნეთში მართლმადიდებლური მეფობის აღდგენის
შესახებ. ეს სამეფონი ჯვრის სახედ გაერთიანდებიან და ანტიქრისტეს დაამარცხებენ! მეგობრებო!
თქვენ იცით, რომ დღეს საბჭოთა კავშირის ლანძღვა-გინება მოდაშია, მაგრამ უფროს თაობას
ხომ მაინც გახსოვთ, როგორ ვცხოვრობდით ყველანი ერთად სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით?!
განა არ გახსოვთ, რა სოციალური გარანტიები გვქონდა იმდროინდელ ყოფაში? განა რომელიმე
თქვენგანს ახსოვს ქართველი, რომელიც ნაგავში იქექებოდა? განა რომელიმე თქვენგანს შიოდა?
გვეუბნებიან რომ საბჭოთა კავშირში ტაძრებს ანგრევდნენ.. შეიძლება იყო ერთი-ორი შემთხვევა,
მაგრამ თუკი იქ ტაძრებს ანგრევდნენ, სამაგიეროდ ადამიანებს შორის სიყვარულის ხიდებს
აგებდნენ, სიკეთეს თესავდნენ, სულიერ ტაძრებს აშენებდნენ! მეგობრებო! ნუ მოგატყუებთ კაპიტალისტური
ამერიკის - ამ სიცრუის მანქანის - პროპაგანდა! ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო, სადაც მართლმადიდებლობისა
და კომუნიზმის პრინციპები ერთმანეთთან იქნება შერწყმული, სახელმწიფო, რომელიც მუდმივად
იდგება მოქალაქეების ზნეობის სადარაჯოზე! (ტაში და შეძახილები: ვაშააააა!).
ქვეყანაში
მიმდინარე მოვლენებისა მიუხედავად დაჩი თავს გადასარევად გრძნობდა. ნინისთან პაემანი
უკვე რამდენჯერმე ჰქონდა. ერთმანეთს შესანიშნავად გაუგეს. დაჩი თვალს ვერ აცილებდა
და ყოველ მეორე წუთს ეუბნებოდა ,,რა ლამაზი ხარო’’, რამდენიმეჯერ კინოშიც იყვნენ, თეატრშიც,
კონცერტზეც. გარკვეულ მომენტში გადაავიწყდათ კიდევაც, რაც ხდებოდა ქვეყანაში. შვებულების
დღეებს დაჩი ბრწყინვალედ ატარებდა, ასეთი სასიამოვნო ,,არდადეგები“ კარგა ხანია, რაც
არ ჰქონია. ერთ-ორჯერ მაინც მოუწია ოჯახთან აგარაკზე ასვლა და თეასა და სიდედრის დაჯღანული
სახეების ატანა. ტრადიციულად, ძილის წინ, თეა მეუღლის ტვინის ბურღვას იწყებდა:
- რამდენი ხანია სახლში რემონტი გვაქვს გასაკეთებელი.
რით ვერ მოგროვდა ეს სარემონტო ფული, მრცხვენია უკვე, სახლში სტუმარი ვეღარ მიმიღია,
რა უბედურებაა. დედაჩემმა მითხრა რაღაცით მეც დაგეხმარებითო.
- აუ, რა დედაშენი, ეხლა დედაშენის იმედად მამყოფე კიდე..
- რა იყო, შენს თავმოყვარეობაზე მოქმედებს? მაშინ კეთილი
ინებე და მოახერხე რამე, ხალხი ორ და სამ სამსახურში მუშაობს, რაღაცას რომ მიაღწიონ.
აგერ თემუკა, რამაზის ბიჭი, ოცდახუთი წლისაა და ხუთიათას ლარიან სამსახურში მუშაობს,
ერთი ბინა ვაკეში იყიდა, მეორე ვაჟაზე, ჩვენს მეზობლად. ეს ვაჟას ბინა გაქირავებული
აქვს და ცხოვრობს გადასარევად თავის კრასავიცა ცოლთან ერთად.
- მეც კრასავიცა ცოლი მყავს.
- აუ, არ გინდა ეხლა ეს უნიჭო ირონია რა, ჩვიდმეტი წელია
შენი ცოლი ვარ და აღარ მეცინება უკვე.
- აღარ გეცინება და ნუ გეცინება, მაგაზე მადარდე ეხლა.
- შენ კარგად იცი, რაზეც უნდა იდარდო. გეუბნები, ჩვენ
მოვაგროვოთ-მეთქი რამე და დედაჩემიც დაგვეხმარება და დავიწყოთ ეს ოხერი რემონტი.
- აუ, ნუ მომიტყანით ტვინი შენ და ამ დედაშენმა რა ბლინ...,
- დაჩი ლოგინიდან წამოდგა და ნერვებმოშლილი ოთახიდან გავიდა. ქვედა სართულზე, ტელევიზორის
ოთახში ჩავიდა. ტელევიზორი ჩართო, მაგრამ რაღაც უაზრო გადაცემებისა და სულელური ფილმების
გარდა, ვერაფერი ნახა. გამორთვას აპირებდა, რომ ერთ-ერთ უცნობ არხზე საეკლესიო გალობის
ხმა შემოესმა, გადაცემის ქუდი იყო. მერე სტუდიაში, წიგნებით დატვირთულ მაგიდასთან მჯდომი
ორი საშუალო ხნის მამაკაცი გამოჩნდა, ერთი წვერიანი, მეორე უწვერული. ორივე არაამქვეყნიური
გამომეტყველებითა და აღმაფრენით.
- მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ,,ჟამი სიმართლისა“
და ჩვენ ამ გადაცემის წამყვანები გახლავართ, ბატონი დავით კოპალიანი და მე - თქვენი
მონა-მორჩილი - გიორგი ავალიანი. მსურს გადაცემა დავიწყო მოლოცვით, მეგობრებო. როგორც
იქნა დადგა ის ჟამი საქართველოში, როდესაც ჩვენ სერიოზულად დავიწყეთ საუბარი მეფობის
აღდგენის შესახებ და უნდა ითქვას, რომ ქართველი ერის საბედნიეროდ ეს დღე ახლოვდება.
საქართველოს დამარცხება არ უწერია, ჩემო ძვირფასებო, და დღეს ახლად აღორძინებული ეროვნული
მოძრაობა ამის დამადასტურებელია. დღევანდელი გადაცემა, ტრადიციულად, სულიერ თემებზე
საუბარს დაეთმობა. სულიერება, მეგობრებო, არის ის ბალავარი, ის საძირკველი, რაზეც უნდა
დააშენოს ჩვენი ეროვნული, ქრისტიანული სახელმწიფო და მართლმადიდებლობა არის ის იდეოლოგია,
რომლითაც უნდა ავაშენოთ ეს სახელმწიფო და მხოლოდ მართლმადიდებლური მონარქიის პირობებშია
ეს შესაძლებელი. მოგეხსენებათ, რა სულიერი მნიშვნელობა აქვს მეფობას. მირონცხებული
მეფე სასუფევლისკენ მიუძღვის თავის ქვეშევრდომებს, მირონცხებული მეფე არის მშვიდობისა
და სტაბილურობის გარანტი, მირონცხებული მეფე საღვთო ცხოვრების წესს შთააგონებს ერს.
ერს სჭირდება პატრონი, რომელიც მას დაიცავს, მშობელივით მოეფერება და ქრისტიანულ ცხოვრებას
ასწავლის და მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამგვარი პიროვნებაა ბაგრატ ბაგრატიონი.
ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად ბაგრატ ბაგრატიონს, დამიჯერეთ, რამეთუ მაქვს ბედნიერება
მას პირადად ვიცნობდე, აქვს შესაფერისი გამოცდილება და სულიერი ხედვა, რათა წინ წარუძღვეს
ერსა, მისცეს მას სულიერი აღმაფრენის ფრთები და შთაუნერგოს რწმენა, ეს განსაკუთრებით
ახალგაზრდობისთვისაა აუცილებელი, რამეთუ ახალგაზრდები ხშირად ნიჰილისტურად არიან განწყობილი
ეროვნული საკითხების მიმართ. მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ეყოლება ისეთი
მეფე, როგორიც არის ჩვენი ღვთივსულიერი ბაგრატ ბაგრატიონი. თქვენ არ იცით მისი მორწმუნეობისა
და თავმდაბლობის, მისი სიბრძნის შესახებ, ოცდათხუთმეტი წლის ახალგაზრდა კაცი ოთხმოცი
წლის ცხოვრებაგამოვლილი ბრძენკაცივით ლაპარაკობს. მე მას რამდენიმე თვის წინ მალიბუს
სანაპიროზე, ერთ-ერთ ღამის კლუბში შევხვდი და ჩვენ იქ საოცარი სულიერი საუბარი გვქონდა.
უფლისწულმა ბაგრატმა, ჯერჯერობით ასე მოვიხსენიოთ ჩემო დავით, ჰი-ჰი-ჰი.. უფლისწულმა
ბაგრატმა გამაცნო თავისი გეგმები, თავისი სურვილები საქართველოს აღორძინებისა. მისგან
დახატული სურათი ნამდვილად არის ჩემთვის იდეალური საქართველო და მე ნამდვილად მწამს,
რომ ეს ახალგაზრდა კაცი შეძლებს თავისი გეგმების განხორციელებას, რამეთუ თვით უფალია
ჩვენი შემწე და თუკი უფალია ჩვენი შემწე, ვინაა ჩვენი წინააღმდგომი, არა ჩემო დავით?
- ჩემო გიორგი, თუ სულ შენ უნდა ილაპარაკო, მე წავალ
მაშინ, გინდა? მე მგონი ამას ცდილობ აგერ უკვე რამდენიმე გადაცემაა, არა?
- რას ამბობ დავით? რატომ უნდა წახვიდე?
- ნუ აბა არ მაცლით თქვენ, ბატონო გიორგი, მე, რომ ერს
სულიერი საზრდო მივაწოდო, გადაცემა დაიწყო და სულ შენ ლაპარაკობ.
- კაი, დავით რა მოგივიდა, ორიოდე სიტყვა ვთქვი ჩვენს
მეფეზე, ეს თუ გეწყინა..
- ეგ არ მწყენია, უბრალოდ ისეთი შთაბეჭდილება მექმნება,
რომ სულ შენ გინდა ლაპარაკი და არ გინდა, რომ მე ვილაპარაკო, არ გინდა, რომ ერს წმინდა
მამათა სწავლება გავაცნო.
- რატო არ მინდა, რაებს მაბრალებ დავით, ორსიტყვიან
შესავალში რა დაინახე ისეთი, რომ ლაპარაკს არ გაცლიდე და არ მინდოდეს, რომ ერს წმინდა
მამათა სწავლება გადასცე?
- ნუ აბა სხვა რა უნდა დავინახო კაცო?
- კაი ნუ ვიჩხუბებთ.
- არ ვჩხუბობ, უბრალოდ მიგითითე, როგორც მოყვასს.
- კაი ბატონო, ხმას აღარ ამოვიღებ, დაიწყე, რის შესახებაც
გსურს ლაპარაკი.
- მაშ ასე, ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, სანამ საუბარსა
და წმინდა მამათა ნაშრომების კითხვას დავიწყებდე, მინდა იმ სენსაციური აღმოჩენის შესახებ
მოგიყვეთ, რომელსაც აი, სულ რამდენიმე დღის წინათ ჰქონდა ადგილი რუსეთში, ნიჟნი ტაგილის
რაიონის სოფელ რაზვალინაში. საქმე ისაა, რომ სოფელ რაზვალინის მცხოვრებმა ივან სერგეევიჩ
ბეზრასუდნიმ, არც მეტი, არც ნაკლები, ჯოჯოხეთი აღმოაჩინა!
- რას ლაპარაკობ?
- დიახ, დიახ... აი, ეხლავე, ეს ჟურნალი ამოვბეჭდე ინტერნეტიდან,
საეკლესიო ჟურნალი ,,ცერკოვნიე ვედემოსტი ტაგილსკოგო კრაია“, რომელიც იუწყება რომ სოფელ
რაზვალინის მკვიდრმა ივან სერგეევიჩ ბეზრასუდნიმ სოფელში, ტუალეტისათვის, ჩვენებურად
რომ ვთქვათ, ჩეჩმისათვის საჭირო ორმოს თხრისას, ჯოჯოხეთი აღმოაჩინა. საქმე ისაა, რომ
მიწის გარკვეულ სიღრმეში ჩასვლისას მას საზარელი ხმები შემოესმა თურმე. აი, ასეთი ხმები
,,ოი, კაკ ბოლნოოოოო, პამოგიტეეე, პამოგიტეეეე..“, ბუნებრივია ივან სერგეევიჩი შეცბა
და ხმებს კარგად მიაყურადა, - წამყვანი თავის მონაყოლს არტისტულად ასახიერებდა, - მერე
თურმე, სრულიად გარკვევით, გაუგია ასეთი განწირეული ყვირილი: ,,ოი, ოი, პამაგიტეეეე...
უ მენია ოგნენნაია ვილკა ვ ზადნიცე“ - ო, და ივანს თურმე თავზარი დაეცა.
- კაი კაცო... ეს სენსაციური ისტორიაა, ჩემო დავით!
- მაგრამ უფრო შემზარავი ამბავი თურმე კიდევ წინ ელოდა
ივან სერგეევიჩს!
- დიახ, გისმენთ.
- ივან სერგეევიჩმა თურმე თხრა შეწყვიტა, მაგრამ ხმები
გაძლიერდა და ცეცხლის გიზგიზის ხმაც კი გაიგონა და როგორც თვითონა წერს, მოიცა წავიკითხო...
ჰო, აი, თვით ივანის სიტყვები: ,,ია ტაკ ისპუგალსა ჩტო ჩუტ ნე აბასრალსია“ -ო, ესე
იგი, რამხელა შიში უგრძვნია მოყვასს, რომ ამგვარად გამოუხატავს საშინელების ის შეგრძნება,
რომელიც მას ჯოჯოხეთის ბჭესთან დაეუფლა. მერე თურმე უარესი მომხდარა. მიწიდან ეშმაკი
ამოძვრა, აი, ზუსტად ისეთი, რომ გამოსახავენ ხოლმე, რქიანი და ჩლიქებიანი, თან თურმე
ცეცხლოვანი ასო ჰქონია და ივანს გამოჰკიდებია.
- რას ამბობ დავით?!
- აბა! ივანი თურმე იხსენებს: ,,ოჩევიდნო ჩტო ონ ხატელ
იზნასილოვატ მენია“ - ო. წარმოადგინეთ ივანის თავს დატეხილი საშინელება! ივან სერგეევიჩი,
ეს პატიოსანი, მლოცველი ქრისტიანი გარბის და ბოროტი მოსდევს მას თავისი ბილწი, ცეცხლოვანი
ასოთი! მერე თურმე, - აქ დავითი ცოტა ხნით შეჩერდა, აბზაცი ბოლომდე ჩაიკითხა, - ჰო,
ნუ აღარ წაგიკითხავთ, მოკლედ მოგიყვებით...მერე თურმე ივანს ავსულისთვის უკითხავს:
,,ტი კტო ტაკოი, კაკ ტებია ზვატ,“ - ო, ავსულს უპასუხია, რომ ნამდვილ სახელს არ ეტყოდა,
მარა შენ ალა პუგაჩოვა დამიძახეო. ივანს დიდ ხანს ურბენია, ბოლოს ავსულს ეკლესიაში
შეასწრო და ამგვარად გადაირჩინა თავი. მეორე დღეს სოფლის ხალხს, სამღვდელოების ხელმძღვანელობით,
იმ ადგილისათვის მიწა მიუყრია და ჩეჩმის მაგივრად იქ რუსეთის პატრიარქის ბიუსტი აღუმართავთ.
- რა საოცრებებს ჰყვები, ჩემო დავით! რაც ეხლა მომიყევი,
ნამდვილად დამაფიქრებელია.
- ნამდვილად, ნამდვილად.. ასე რომ ჩემო ძვირფასებო,
ვილოცოთ, ვილოცოთ, რამეთუ არ ვიცით როდის და საიდან მოვა საფრთხე. ამიტომ საჭიროა მარადის
მღვიძარებაში ვიყოთ, რამეთუ ბოროტი ჩასაფრებულია და სულ უნდა რომ გვაცდუნოს, ჩვენ კი
ღვთის რწმენა საჭურვლად უნდა გვქონდეს და ლოცვა და სიყვარული - იარაღად, სხვანაირად
ვერ გადავრჩებით ჩემო კარგებო, და ვერც ვერავინ გვიშველის. მაშ, ჩემო კეთილებო, რისთვის
შეგვქმნა ჩვენ და სრულიად სამყარო უფალმა? იმისთვის ხომ არა, რომ მუდმივად მას მივესწრაფოდეთ,
მის სიყვარულსა და სიწმინდეს? ჩვენ, ჩემო ტკბილო ძმებო და დებო, არ უნდა დაგვავიწყდეს,
რომ უფალია სამყაროს შემქმნელი და არ უნდა მოვტყუვდეთ თანამედროვე დარვინისტული ცრუ-სწავლებით,
რომელიც ქადაგებს, რომ ადამიანი მაიმუნისაგან წარმოიშვა და თითქოს სამყარო თავისთავად
შეიქმნა. ნუთუ შეგვიძლია ჩვენ ვიფიქროთ, რომ მაგალითად, ეს წიგნი ან ეს ჭიქა ან ეს
მაგიდა თავისთავად წარმოიშვა? ხომ უაზრობა იქნება? - ეს ანალოგია ბატონ დავითს იმდენად
გენიალურ მიგნებად ეჩვენა, რომ თვალები გაუბრწყინდა და სახე გაებადრა, - მაშ, როგორ
შეგვიძლია, ვამტკიცოთ, რომ ეს სამყარო ან სიცოცხლე თავისთავად გაჩნდა? ჩვენ გვეუბნებიან
და გვაჯერებენ თითქოს ოდესმე არსებობდნენ რაღაც ურჩხულისმაგვარი არსებები, რომელსაც
დინოზავრები ჰქვიათ, რომლებიც ასე დადიოდნენ, დაბაჯბაჯებდნენ და ვაუუუუ, ვაუუუუ, ღრიალებდნენ
დაკრეჭილი კბილებით, - ბატონი დავითი დინოზავრის განსახიერებას შეეცადა, - ან მამანტები
თუ რასაც ეძახიან იმ სპილოსმაგვარ არსებებს, და სურთ აგვაცდინონ ჭეშმარიტი ბიბლიური
სწავლებას, მაგრამ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი უსიტყვოდ ენდობა წმინდა წერილს..
- ჩემო დავით, ბოდიში, ჩაგეჭრები, სხვათა შორის, მამონტებთან
დაკავშირებით მინდა ვთქვა. მამონტები დღესაც არსებობენ და ცხოვრობენ ციმბირის ტყეებში,
დინოზავრებზეც არის მსგავსი ფაქტები, რომ ზოგიერთი დინოზავრი დღესაც დადის საფიჩხიას
ტყეში, მგონი ვიდეოზეც არის დაფიქსირებული. ასე რომ ლაპარაკი იმაზე, რომ დინოზავრებისა
და ადამიანების თანაცხოვრება ერთმანეთს არ ემთხვევა, აბსურდია. დინოზავრები და მამონტები
არსებობდნენ, მაგრამ ეს არ არის იმის საწინააღმდეგო არგუმენტი, რომ დედამიწა რვა ათასი
წლისაა. დედამიწა ნამდვილად რვა ათასი წლისაა და სამყარო ნამდვილად შვიდ დღეში შეიქმნა,
შვიდ ოცდაოთხსაათიან დღეში. ახლა ზოგიერთები ამბობენ, მზე მესამე დღეს შეიქმნა და ოცდაოთხსაათიანი
დღეები არ იგულისხმება ამაშიო, მაგრამ ამ ამაოდმეტყველთ ავიწყდებათ, რომ მზე ჩვენ გვჭირდება
დროის გამოსათვლელად, თორემ ღმერთს ოცდაოთხი საათის გასაზომად რაში სჭირდება მზე? ასე
რომ დადუმდით ცრუდმეტყველნო!
- ჩემო გიორგი, შემთხვევით დარვინისტების წისქვილზე
ხომ არ ასხამ წყალს, შენდა უნებურად?
- რატომ, დავით, გენაცვალე, რა დაინახე ჩემ ნათქვამში
დარვინისტული?
- არა მამანტებისა და დინოზავრების არსებობას ამტკიცებ
და სად წერია ბიბლიაში ის, რომ მამანტები და დინოზავრები არსებობდნენ, ჩვენ ხომ ვიცით,
რომ მათი არსებობა ეშმაკისეულ დარვინისტთა ბოროტი მონაჭორია?
- არა, ასე რადიკალურად მე არ დავაყენებდი საკითხს.
მამონტის ბეწვი ციმბირის ტყეშია აღმოჩენილი, ეს დადასტურებული ფაქტია ნამდვილად.
- და რანაირად გაარჩიეს, იქნება კურდღლის ბეწვი იყო?
- ნუ არსებობს გარკვეული მეთოდები მამონტოლოგებს შორის,
რითაც დაადგინეს, რომ ნამდვილად მამონტის ბეწვი იყო.
- და იმ მამანტოლოგებმა საიდან იციან რით განირჩევა
ერთმანეთისაგან მამანტისა და კურდღლის ბეწვი?
- არის გაყინული მამონტი აღმოჩენილი.
- და საიდან ვიცით, რომ ეს გაყინული მამანტი დარვინისტების
მიერ გაყალბებული არაა, როგორც მაგალითად, ეს ეგრეთ წოდებული ადამიანის მსგავსი მაიმუნები?
- ახლა მაგაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ მე როგორც იუტუბზე
მაქ ნანახი, მამონტის ბეწვი სხვანაირია.
- როგორი სხვანაირი?
- უხეში და ყავისფერი უფრო.
- და იქნებ ყავისფერი კურდღლისა იყო? ნუთუ ასე ჰაიჰარეალზე
უნდა ვერწმუნოთ ვიღაც მეცნიერებს?
-მე არ გეუბნები ჰაიჰარალეზე ერწმუნე-მეთქი..
- აბა, მაშ, რას მეუბნები?
- იმას გეუბნები, რომ მამონტის არსებობა ბიბლიას არ
ეწინააღმდეგება-თქო.
- ეწინააღმდეგება და შენც ბიბლიის მოწინააღმდეგე გამოდიხარ,
ჩემო გიორგი. თუ ხვდები ამას?
- რატომ გამოვდივარ ბიბლიის მოწინააღმდეგე?
- იმიტომ რომ
იმ არსებათა არსებობას ამტკიცებ. რომლებიც ბიბლიაში არ იხსენიებიან.
- რატომ არ იხსენიებიან, იქ არის რაღაც დიდ სპილოსმაგვარ
არსებებზე ლაპარაკი, ურჩხულისმაგვარ არსებებზეც.
- სად? რომელ წიგნში?
- ნუ, ზუსტად არ მახსოვს ეხლა, რატომაა მამონტის არსებობა
ბიბლიის საწინააღმდეგო მაინც ვერ ვხვდები? ბეწვით ნამდვილად დადასტურებულია მათი არსება.
- და მაშინ მითხარი, შე დალოცვილო, რით განსხვავდება
მამანტის ბეწვი კურდღლის ბეწვისგან?
- ხო გითხარი, ყავისფერია და უფრო უხეში-მეთქი, ვაჰ..
- და იქნება ყავისფერი, უხეშბეწვიანი კურდღლისა იყო
ეს დალოცვილი ბეწვი იმ ციმბირში? გამორიცხავ? არ შეიძლება?
- არა, მე არაფერს გამოვრიცხავ, შეიძლება, როგორ არ
შეიძლება, მარა გენეტიკური ანალიზი ჩაატარეს.
- კაი, გიორგი, მორწმუნე კაცი მსგავს ანალიზებს როგორ
ენდობი?
- კი მარა უშველებელი ბღუჯა იყო ის ბეწვი, როგორ შეიძლება
ამხელა ბღუჯა ბეწვი პატარა კურდღელს დაეტოვებინა, დავით, რას მეუბნები?
- გიგანტური კურდღლების შესახებ არაფერი გსმენია?
- კაი, ეხლა რა გიგანტური უნდა ყოფილიყო ეს კურდღელი
ამხელა ბღუჯა ბეწვი, რომ დაეტოვებინა?
- რამხელა ბღუჯა იყო?
- ა, ამხელა, - ხელით აჩვენა გიორგიმ, - ნუ განახებ
რა მერე ინტერნეტში.
- და შენ ამტკიცებ
რომ მაგხელა ბღუჯა ბეწვს გიგანტური კურდღელი ვერ დატოვებდა?
- ნუ.. აი, რამხელა კურდღელს ეძახი შენ გიგანტურს?
- რამხელას და ჩემხელას, ჩემზე დიდსაც, მეტრა და ოთხმოცდაათს
მაგალითად.
- ნუ გადამრიე დავით, მაგხელა კურდღელი სად გინახავს?
- ჩემთან აგარაკზე, კოჯორში. მეგობრებთან ერთად ვქეიფობდი
და ტყეში მომინდა გასვლა, ნუ ცოტა ნასვამი კი ვიყავი, მაგრამ ბუჩქებიდან გამოძვრა უშველებელი
კურდღელი და მომიახლოვდა, თათებზე, რომ შესდგა, ჩემზე მაღალი იყო. თან ყავისფერი, რო
დაბაჯბაჯებდა, ბეწვების უშველებელ ბღუჯებს ტოვებდა, იმიტომ გეუბნები.
- მაგხელა კურდღლის არსებობა წარმოუდგენელია, ჩემო დავით.
- და რას ამბობ, მომელანდა ესე იგი?
- მაგი არ მიკადრებია, ნუ, ჰო შეიძლება ნასვამი იყავი,
რაღაც სხვა ცხოველი იყო, დათვი მაგალითად, და შენ კურდღელში აგერია.
- დათვი კურდღელში რაფერ უნდა ამრეოდა, შე დალოცვილო?!
ზუსტად იმხელა ბეწვის ბღუჯებს ტოვებდა, რამხელაც მაგ შენმა ვითომ მეცნიერებმა ციმბირის
თუ საღაცა ტყეებში აღმოაჩინეს, ასე რომ, გულუბრყვილო და გაუნათლებელი ადამიანის ადვილად
მოტყუება შეიძლება.
- მე ვარ ესე იგი გულუბრყვილო და გაუნათლებელი?
- შენზე არ ვამბობ, შენ უბრალოდ შეცდი, გიგანტური კურდღლის
ბეწვი მამანტისას მიამსგავსე.
- რა ფერის იყო ეგ კურდღელი რა თქვი?
- ყავისფერი.
- იქნება სხვანაირი ყავისფერი იყო?
- რანაირი სხვანაირი, რამდენნაირი ყავისფერი არსებობს?
- როგორ გეკადრება, ჩემო დავით, ახლა მე მხატვრობაში
რაღაც გამეგება და დანამდვილებით შემიძლია გითხრა, ამაში მაინც დამეჯერება და შენც
იცი ეხლა ჩემი კომპეტენცია მხატვრობაში, რომ თითოეულ ფერს ძალიან ბევრი შეფერილობა,
სპექტრი აქვს.
- ნუ, კაი ახლა, რანაირად უნდა გაარჩიო მამანტის ბეწვის
ყავისფერი გიგანტური კურდღლის ყავისფრისაგან?
- ნუ, შეფერილობით, მამონტისა უფრო მუქია, კურდღლის
უფრო ბაცი იქნება. თან კურდღლის უეჭველი უფრო რბილი და ფაფუკია და მამონტის გაცილებით
უხეში. ხელით მოსინჯე მაგ კურდღლის ბეწვი კოჯორში, რომ შეგხვდა?
- ნუ, მომიხდა.. რომ მოვიდა, ჩამეხუტა და მოფერება დამიწყო,
ძალიან რბილი ბეწვი ჰქონდა, მეც რაღაცნაირად დავიბენი, საპასუხო მოფერებით ვუპასუხე,
- დავითს აშკარად შეეტყო, რომ გაწითლდა, - მთვრალი ვიყავი, თან ცოლთან ნაჩხუბარი, რაღაცნაირი
ემოციური შეხვედრა გამოვიდა... კაი, აღარ გვინდა ეხლა ამ კოჯრის კურდღლის გახსენება.
- აი, ხომ ხედავ, კურდღლის ბეწვი უფრო ფაფუკი ყოფილა,
მამონტისა კი გაცილებით უხეშია.
- კი მარა მე ხომ ყველა გიგანტურ ყავისფერბეწვიან კურდღლებთან
არ მქონია... - აქ დავითი შეყოვნდა, ხველება აუტყდა, წყალი მოსვა და გააგრძელა, - მე
ხომ ყველა ყავისფერბეწვიანი გიგანტური კურდღლები არ მინახავს, იქნება უხეშბეწვიანი
გიგანტური კურდღლებიც არსებობენ?
- ნუ, ასე ახლა, ყველაფრის დაშვება შეიძლება დავით.
მე ვერ ვხვდები რატომაა მამონტების არსებობა ბიბლიის საწინააღმდეგო?
- კაი, მე გეტყვი მაშინ. თუ ჩემი არ გჯერა, ახლა ისეთი
ავტორიტეტის ნათქვამი გამახსენდა, მაგის თუ არ დაიჯერე, მართლა არ ვიცი, შენ მართლმორწმუნეობაში
ნამდვილად ეჭვი შემეპარება. მე რომ ამ რამდენიმე წლის წინ რუსეთში ვიყავი, ხომ გახსოვს?
- კი, მერე?
- მერე ის რომ იქ წმინდა ვალენტინა მარგანცოვკას სახელობის
დედათა მონასტერში მომიწია ყოფნა, ეკატერინებურგთანაა ახლოს. ჰოდა, იმ სავანეში მცხოვრებმა
წმინდა დედაო ანტონინამ მომიყვა, აქვე ტყეში ერთი მურა დათვისხელა ყავისფერბეწვიანი
კურდღელი ცხოვრობს, ჩემთან მოდის და სტაფილოს ვაჭმევ ხოლმეო. ახლაც არა გჯერა? - ნიშნისმოგებით
ჰკითხა დავითმა ოპონენტადქცეულ თანაწამყვანს.
- ნუ, არ ვიცი, ეგეთი არაფერი გამიგია, მარა წმინდა
დედაოს სიტყვებს, როგორც მორწმუნე, ვენდობი, ბუნებრივია, მის ავტორიტეტში ნამდვილად
არ შემაქვს ეჭვი.
- ჰოდა, შენ აგაშენა ღმერთმა..კაი, გენაცვალე, რაზე
ვიყავით ესე იგი გაჩერებული? ჰო, ჩემო ძვირფასებო თქვენთვის მინდოდა წამეკითხა საოცარი
სიტყვები სიყვარულზე, რომელსაც მეოთხე საუკუნის ცნობილი ასკეტი წმინდა ვალერი ეფესელი
წერს თავის ,,მოღვაწეობით თავებში“. მაშ ასე, წმინდა ვალერი გვასწავლის: ,,სიყვარული
ადამიანებს შორის უმნიშვნელოვანესი რამაა, სიყვარული აკავშირებს ერთმანეთისათვის უცხო
პიროვნებებს, შეადუღაბებს მათ ერთობას, სიყვარული ამოძრავებს მთელ ჩვენს ცხოვრებასა
და დედამიწას, მთელ სამყაროს. სიყვარულით ვაშენებთ და სიყვარულით ვშრომობთ, სიყვარულით
ვქმნით და სიყვარულით ვმღერით. სიყვარულის გარეშე ცხოვრებას აზრი ეკარგება, ირგვლივ
ყველაფერი უფერული ხდება და ყველაფერს აზრი ეკარგება, ამიტომ სიყვარულის მოხვეჭა აუცილებელია,
მის გარეშე სამყაროს არსებობას აზრი არა აქვს. წარმოგიდგენიათ დღე, რომელიც უსიყვარულოდ
თენდება? დღე რომელსაც უსიყვარულოდ ატარებთ და დღე, რომელიც უსიყვარულოდ ღამდება? უსიყვარულობაა
სწორედ ჯოჯოხეთი და ქვესკნელის წყვდიადი, რომელიც გვფარავს, როდესაც სიყვარული გვტოვებს.
ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სიყვარული შევინარჩუნოთ ჩვენ ცხოვრებაში. მაგრამ
როგორ უნდა გამოვხატოთ სიყვარული? ფორმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია ფიზიკური
შეხება, ხორციელი კონტაქტი, ჩახუტება, კოცნა, მოფერება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ აღმოჩნდით
საყვარელი მამაკაცის ძლიერ მკლავებში, მან მთელი ძალით შემოგაჭდოთ ხელები, გკოცნით,
გეფერებათ და თქვენ სიამოვნებისგან თრთით, თავს კარგავთ სიყვარულის ზღვაში, თქვენც
ეხუტებით და მთელი ტანით ცახცახებთ, მთელი არსებით შეიგრძნობთ მის დაკუნთულ სხეულსა
და ცხელ სუნთქვას..
- მოიცა, კაცო რას კითხულობ?
- ვაიმე, მეც ვერ გავიგე.. რა წიგნია ეს.. - ეს დავითი სახეზე წამოწითლდა,
დაიბნა, - საიდან მოხვდა აქ ეს წიგნი?
- რა წიგნია, კაცო? - გიორგიმ წიგნი გამოართვა და სათაურს
დახედა, - ნაირა ბოლქვაძის ,,კარგი სექსი ჯანმრთელობის საწინდარია.“ დავით, რა არის
ეს, საიდან მოხვდა ეს წიგნი შენთან?
- ვაიმე, არ ვიცი, ბავშვმა ჩამიდო ეტყობა, ტელემაყურებელთან
ბოდიშს ვიხდი. მომიტევეთ, ხდება ხოლმე მსგავსი გაუგებრობები. ბოროტი ძალა გვებრძვის,
- ბატონი დავითი საშინლად დაბნეული და გაწითლებული იყო, - უეჭველია ბავშვმა ჩამიდო
ჩანთაში..
- კარგი დავით, არა უშავს. განვაგრძოთ.
- კარგით, ჰო..ესე იგი... მოდით ახლა წავიკითხოთ ნაწყვეტები
წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგებებიდან.. მაიცა, კაცო ესეც სხვა წიგნი არ იყოს, ჰიჰიჰი..
დაჩის
კიდევ უნდოდა ამ საოცარი ხალხისთვის ეყურებინა, მაგრამ ძილმა დასძლია და ჩართულ ტელევიზორთან
ჩაეძინა. ეს ორი კი თითქოს თავისთვის აგრძელებდა ლაპარაკს, ტელევიზორის შუქით მკრთალად
განათებული ოთახის კუთხეში და იყო რაღაც სევდიანი და ამაღლებული მათ საუბარში, ღამის
სიბნელესა და მძინარე სახლის სიმყუდროვეში.
აგარაკზე
ორდღიანი ყოფნის შემდეგ დაჩი თბილისში დაბრუნდა. დაბრუნდა შესანიშნავი იდეით, ის და
ნინი სადმე რამდენიმედღიან ლაშქრობაში წასულიყვნენ, რადგან ნინისაც მალე შვებულება
უნდა ჰქონოდა. კარგა ხანია, რაც დაჩის თავის ასე ბედნიერად არ უგრძვნია, განსაკუთრებით
მაშინ, როცა ფილმის ყურებისას, ნინის ხელი გადახვია და აკოცა. ამ მომენტში თითქოს ხელახლა
დაიბადა. თავი ისევ თექვსმეტი წლის თინეიჯერი ეგონა სკოლის უკანა ეზოში, რომ კოცნიდა
გოგოებს. თითქოს ახალი სიცოცხლე მისცეს, ძარღვებში ახალმა სისხლმა დაიწყო დენა, ყოველი
დღის გათენება პატარა ბავშვივით უხაროდა, იმიტომ რომ იცოდა, ნინის შეხვდებოდა აუცილებლად.
ყველანაირი პრობლემა დაავიწყდა, ნერვიულობა რა იყო, აღარც ახსოვდა. დილით გაიღვიძებდა,
გაიზმორებოდა და წამოიძახებდა: ,,ღმერთო! ცხოვრება მშვენიერია!“ ღმერთის არ სწამდა,
მაგრამ მის ცხოვრებაში ნინის გამოგზავნისათვის მაინც მადლობას უხდიდა მამაზეციერს.
ირგვლივ ყველაფერი გახალისდა, გაფერადდა. ცხოვრება აღარ იყო ისეთი უფერული და მოსაწყენი,
როგორც ცოტა ხნის წინ, როცა უზრო სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს, დაღლილსა და დაქანცულს
თეას წუწუნისა და ჭყიპინის მოსმენა უწევდა. მართალია ამ შესანიშნავ განწყობას ხანდახან
იმის გახსენება უშხამავდა, რომ მალე ოჯახი აგარაკიდან ჩამოვიდოდა და ყველაფერი კვლავ
ჩვეულებრივ კალაპოტში ჩადგებოდა და ნაცრისფერი ყოველდღიურობა ისევ ტალახიანი ნიაღვარივით
შემოიჭრებოდა მის ცხოვრებაში. ამიტომ გადაწყვეტილება უნდა მიეღო, მტკიცე გადაწყვეტილება,
რაც შეიძლება მალე და გადაუდებლად. ,,ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიიღე ისეთი გადაწყვეტილება
შენთვის რომაა სასარგებლო..სხვებს როდემდე ვუყურე, მეც მაქვს ბედნიერების უფლება,“
- სარკეში ეუბნებოდა თავის თავს. გრძნობდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდებოდა,
მაგრამ იძულებული იყო, სხვანაირად აღარ შეეძლო. ,,ბავშვები? - გაახსენდა უცებ, - ბავშვები
კარგად იქნებიან, - უპასუხა თითქოს სხვა ადამიანმა - უკვე დიდები არიან და მიხედავენ
თავიანთ თავს. იციან რომ მშობლები შორდებიან ხოლმე. რამდენ მაგათ კლასელსა და მეგობარს
ეყოლებათ გაშორებული მშობლები.“ ამ აზრმა სიმტკიცე და ხალისი შემატა. ცხოვრება ისევ
გაფერადდა და გახალისდა და დაჩიმ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თეას დაშორებოდა.
იმ საშინელების ატანა, რაც ამ გადაწყვეტილების ხმამაღლა გახმოვანებისას მოუწევდა, ნამდვილად
ღირდა იმ ბედნიერებისათვის, რაც ცოლთან გაშორების შემდეგ ელოდა. ცოლს დაშორდებოდა და
საცხოვრებლად ნინისთან გადავიდოდა (ბინა თეას სახელზე იყო გაფორმებული). ასე გადასარევად
დაალაგა უახლოესი მომავლის გეგმები დაჩიმ, მაგრამ როგორც წესი, ყველაფერი ისე არ არის
ხოლმე, როგორც ჩვენ გვინდა და ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა დაჩის გეგმები თავდაყირა
დააყენა.
ერთ საღამოს
დაჩის კარზე ზარი გაისმა. დაჩიმ კარი გამოაღო და გეგა დაინახა ვიღაც მწვანედ თმაშეღებილ
ბიჭთან ერთად.
- გეგა? რა მოხდა, ხომ მშვიდობაა?
- აუ, რავი, ამას თუ მშვიდობა ჰქვია.. გაიცანი, ეს სანდროა,
სანდრო - ბიძაჩემი - დაჩი კორინთელი.
- ძალიან სასიამოვნოა, შემოდით.
- ჩემთვისაც..., - მორიდებით ჩაილაპარაკა სანდრომ და
გეგასთან ერთად სასტუმრო ოთახში შემოვიდა. ბიჭები ტახტზე მოთავსდნენ. დაჩიმ ახლა შენიშნა,
რომ გეგას შუბლზე ჩალურჯება ჰქონდა.
- რა მოხდა? - ახლა ორივეს შეეკითხა დაჩი.
- აუ, რა მოხდა და ეს გიჟი დედამოტყნულები დაგვესხნენ
რა თავს..
- ვინ გიჟი დედამოტყნულები?
- აი, ესენი, რა.. ვინც არიან კაროჩე, ფანატიკოსები,
ვიღაც წვერიანი ტიპები. ბარში ვისხედით ჩვენთვის და შემოცვივდნენ ეგენი, ,,საქართველოს
დალოცვილ მიწაზე გეი ბარების არსებობას არ დავუშვებთო“ თუ რაღაც ეგეთს ჰყვიროდნენ.
ჰოდა, მე და სანდროსაც მოგვხდა რა ერთი-ორი, ჩვენი ბარმენი, აი შენც ხომ იცნობ, ნიკო,
თმებით ითრიეს ,,შენს სნეგუროჩკა დედას შევეციო,“ ღრიალებდნენ და მერე ჭიქები დაამტვრიეს,
თეფშები დალეწეს, მაგიდები და სკამები ააყირავეს... აუ, მაგრად შემეშინდა რა.
- დაცვა სად იყო?
- დაცვა სცემეს, მაგიდები ურტყეს თავში.
- კი მარა პატრული რატომ არ გამოიძახეთ?
- გამოვიძახეთ, - უპასუხა სანდრომ, - მარა ერთი საათის
დაგვიანებით მოვიდა, არადა, ცენტრშია ეს ბარი, რა უნდოდა იქ მოსვლას, თან პოლიციის
შენობა მაგ ბარიდან ზუსტად ხუთას მეტრშია. ნუ, ბოლოს როგორც იქნა მოვიდნენ, რაღაცები
გამოგვკითხეს, ჩვენებები დაგვაწერინეს, მერე გვითხრეს საქმე აღიძვრებაო და წავიდნენ,
ეგ, როგორც ყოველთვის, ნიშნავს, რომ არც არაფერი მოხდება და არც არავინ დაისჯება.
- რა საგიჟეთია... მაგ დალურჯებულზე რამე ცივი უნდა
მიიდო, არ გტკივა?
- არა, იყოს, არაფერია ისეთი..
- სულ უფრო ტრაკისკენ მიდის საქმე... ჩაი ან ყავა ხომ
არ გინდათ?
- აუ, კი რა..
- კაი, მოგიტანთ ეხლავე, ჩაი თუ ყავა? ყავა... კაი.
- ჰოდა, არ ვიცოდი რა სად წავსულიყავი და შენთან მოვედით.
- სწორად მოიქეცით, ჩემთან რომ მოხვედით.
- აი, ადრე, ვაბშე, არანაირი პრობლემა არ იყო ქალაქში
მოძრაობისას, ჩვეულებრივად, საყურითაც და შეღებილი თმებითაც დავდიოდი. ეხლა უკვე მართლა
მეშინია ქალაქში ასე გასვლის. რაც ამ მეფობის აღდგენაზე თუ რაღაც ხუიზე დაიწყეს ლაპარაკი,
ვაბშე გარეკა ამ ხალხმა. იმ დღეს, რუსთაველზე, დღისით, მზისით, ვიღაც წვერებიანმა მუჟიკებმა
ჩვენი მეგობარი გააჩერეს. ,,საყურე რატო გიკეთია, პიდარასტი ხარო, თმები რამ შეგაღებინა
შენი სოდომიტი დედას შევეციო“ და ყველას თვალწინ სცემეს. პატრულმა, საქმე აღიძვრებაო.
ბოლოს ჩვენთან მოვიდა ეს საწყალი ბიჭი, აუ, ისე იყო ნაცემი, დასისხლიანებული იყო სულ,
თან ტიროდა. ადრე იყო ხოლმე ეგეთი შემთხვეევბი, მარა ღამით, თან სადღაც მიყრუებულ ქუჩებში.
ეხლა დღისით და მზისით ხდება, ვაბშე არავის აღარ ეშინიათ. პატრული საერთოდ თითსაც არ
ანძრევს.
- რავი, არასწორად არ გამიგოთ, - ყავის ჭიქებით მოვიდა
დაჩი, - მარა თქვენს ადგილს გამომწვევად სიარულს მოვერიდებოდი. ხომ გესმით როგორი სიტუაციაა
ქვეყანაში, მოკლედ, მდგომარეობა აშკარად უარესობისკენ იცვლება.
- ჩვენც ვხვდებით, ვილაპარაკეთ, მოკლედ, მე და სანდრომ
და უეჭველი მოგვიწევს ამ ქვეყნიდან წასვლა, რა... თავშესაფარი უნდა ვითხოვოთ სადმე...
- სხვა შემთხვევაში გეტყოდით, ძალიან ნუ იჩქარებთ მეთქი,მაგრამ
ეხლა ისეთი სიტუაციაა, რომ მაგის თქმის უფლება ნაღდად არ მაქ. მოკლედ, ვიჩალიჩებ რა
რაღაცებს. გერმანიის საელჩოში ნაცნობები მყავს და გავიკითხავ რისი გაკეთება შეიძლება.
პრინციპში, ეხლა ადვილად შეიძლება თავშესაფრის მიღება, ხო ხედავენ საელჩოები, საერთოდ
ევროპელები, რა ხდება ქვეყანაში, დღე დღეზე შეიძლება ,,მამულიშვილთა ალიანსი“ მოვიდეს
ქვეყნის სათავეში.
- აი, სად დაგვენძრევა.
- ჰოო, აი, მანდ უეჭველი ყველას დანძრეული გვაქვს,
- დაჩის მობილურმა დაურეკა, დახედა, ნინი იყო. იმ წამსვე ყველაფერი გადაავიწყდა და
უპასუხა:
- ჰო, ნინი?
- აუ, დაჩი, სახლში ხარ?
- კი, კი. რა იყო?
- რო გამოვიდე, გცალია?
- კი, გამოდი, რაზეა ლაპარაკი, ჰო მშვიდობაა?
- არა, რა მშვიდობა... მოვალ, მოკლედ, და გეტყვი, რა..
- ხო, კაი, სახლში ვარ მე. გელოდები, - დაჩი ხასიათი
გაუფუჭდა. ასე, ოც წუთში, ნინიც მოვიდა. დაჩიმ გეგა და სანდრო გააცნო. ნინი მაგიდასთან
დაჯდა, ჩანთა დადო და ღრმად ამოისუნთქა.
- რა იყო, რა მოხდა? - კითხა დაჩიმ
- ვაიმეე, შენ არ იცი, ჩვენ რა დღეში ვიყავით.
- ვინ თქვენ? რა დღეში იყავით?
-მოკლედ, ,,საქართველოს ფემინისტური ასოციაციის“ შეხვედრა
გვქონდა ჩვენთან, ოფისში რა, ჰო იცი სადაც ვართ?
- ჰო, მერე?
- ნუ, მერე ის რომ შუა თათბირში ვართ, ათას რაღაცას
განვიხილავთ, რომ ქუჩიდან წივილ-კივილი შემოგვესმა. ფანჯრიდან გავიხედეთ, ვიღაც ქალები
იყვნენ შეკრებილი, ხელში რაღაცები ეჭირათ, ჯერ ყვავილები მეგონა, მერე კარგად რო დავაკვირდი,
მივხვდი, ჭინჭრები იყო. ჯვრებითა და ხატებით იყვნენ მოსულები. კიოდნენ, ,,ქრისტე, ფემინისტებმა
აცვით ჯვარსო, ფარისევლები და სადუკეველები ფემინისტები იყვნენო“, რა ბრალდება აღარ
გამიგია ჩვენ მისამართით, ქრისტეს ჯვარცმა პირვალად დაგვაბრალეს. ატყდა, ერთი ამბავი.
გოგოებმა პატრულში დარეკეს, პატრული არ მოდიოდა. ამასობაში ეს გადარეულები სადარბაზოში
შემოცვივდნენ, ჩვენს სართულზე ამოვარდნენ და კარზე ბრახუნი ასტეხეს, ,,დასაწვავები
ხართ სუყველანიო.“ კარის შემოლეწვა უნდოდათ. კარი კარგად გვქონდა ჩაკეტილი, მარა ხის
კარია და რამდენს გაუძლებდა. ჩვენ სკამები და კარადები მივაყუდეთ, რაც შეგვეძლო, ვაკავებდით.
ნაწილი ჩვენ გვივარდებოდა, ნაწილი ქვევით დარჩა და იქიდან კიოდა და წიოდა. ხალხი, გამვლელები,
მეზობლები უყურებდნენ, რაც ხდებოდა, შენც არ მომიკვდე, ხმა არავის ამოუღია. ვაიმე,
ერთ ქალს ოთხი თუ ხუთი წლის ისეთი საყვარელი ბიჭი ეკავა ხელში, ეს ბავშვი სახეზე ჭარხალივით
იყო აწითლებული და მთელ ხმაზე კიოდა: ,,ელესი, ელესი... დაწვით ეს ელეტიკოსი ალქაჯებიო“.
პროსტა უნდა გენახა რა ხდებოდა. შიშით კინაღამ გამისკდა გული. გოგოებიდან ზოგიერთს
შიშის პანიკური შეტევა დაეწყო, ზოგმა ფანჯრიდან სცადა გაქცევა, მაგრამ ყველგან ეს არანორმალურები
იყვნენ, ყველა ფანჯარა, კარი და გასასვლელი გადაკეტილი ჰქონდათ. ნუ, იქ ამბავი ტრიალებდა... ბოლოს შემოლეწეს და
შემოანგრიეს კარი, როგორც იქნა. აი, ჯოჯოხეთი თუ გინდა, იქ უნდა გენახა, რაც ხდებოდა.
აი, პირდაპირ, არაფერს არ ვაჭარბებ, ამ ქალებმა ჩვენი თანამშრომლები პირდაპირ დაკბინეს.
ხელებზე, ლოყებზე და თითებზე... თან ჭინჭრებს ურტყამდნენ. მე, თიკო და ნანუკა მაგიდის
ქვეშ დავიმალეთ, ჩვენი მდივანია, თამრიკო, ის ისე დაკბინეს, რომ დაასისხლიანეს, ქალი
ცუდად გახდა, წაიქცა, ვიღაც ბებო ზედ ფეხებით შესდგა, ჭინჭარს ურტყამდა და თან გაჰკიოდა
,,დაწვით ეს დედამოტყნულებიო.“ ჩვენ ჯერ თითქოს ვერავინ გვხედავდა, მერე რაღაც ტკივილი
ვიგრძენი ფეხის არეში, აი, აქ, - ნინიმ შარვალი აიწია, ქუსლის ზემოთ ნაკბენი ეტყობოდა,
- და რას ვხედავ, ის ბავშვი, ქუჩაში რო დავინახე, აი, ასე პატარა ფინიასავითაა ჩაფრენილი
ჩემს ფეხს და ძაღლივით იღრინება, თან ცალ ხელში პატარა ჯვარი უჭირავს და ფეხზე მირტყამს.
ვაიმეეე, მე, თიკო და ნანუკამ ძლივს გავაშვებინეთ, არ მოგვეშვა, ეხლა თიკოს შეახტა
ზედ და ძუძუზე უკბინა, თიკომ ტკივილისგან ვეღარ მოითმინა და კივილი დაიწყო, ხოდა გაიგეს,
მაგიდის ქვეშ, რო ვიყავით, რამდენიმე მსუქანი ქალი მოგვარდა, ჭინჭრებით გაგვლახეს.
ნანუკა თმებით ითრიეს და ლეპტომი ურტყეს თავში, ,,სატანის ნაშიერი და ანტიქრისტეს კახპა,“
ეძახეს. გოგო კიოდა, მდუღარე ცრემლით ტიროდა. მერე ვიღაც ქალი გამომეკიდა კივილით
,,ჯოჯოხეთში მოხვდები და ლენინი და ტროცკი მორიგეობით მოგტყნავენ მთელი მარადისობაო.“
მე, აღარ მახსოვს, ფურცლები და კორდონი თუ რაღაც მქონდა აფარებული... ყველა ოფისში
იყო შემოვარდნილი, დალეწეს იქაურობა, დამტვრეული სკამებისგან საკონფერენციო დარბაზში
კოცონი დაანთეს და ბოვუარის პორტრეტი, მე რო საფრანგეთში სტაჟირებაზე ვიყავი და იქიდან
ჩამოვიტანე ჰო იცი? ჰოდა, ის პორტრეტი ჩააგდეს ცეცხლში და დაწვეს. თან ,,რომელი ქერუბიმთას“
გალობდნენ. მე თიკომ და ნანუკამ რაღაცნაირად ფანჯრის გაღება მოვახერხეთ და მეორე სართულიდან
გადავხტით, რომელიღაც მანქანის სახურავზე დავხტით, იქ ისეთი ქაოსი იყო, გვიან გაიგეს
ჩვენი გაქცევა. ვიღაც მძიმეწონოსანი ქალი გამოგვიდგა, მთელ ხმაზე კიოდა ,,ანტიქრისტემ
შეგცათ პროჭებშიო,“ ვაიმეეე... ძლივს გამოვასწარით, ნანუკასთან მივედით სახლში, სული
მოვითქვი, ასეთი რამ, აი, ცხოვრებაში არ დამმართნია, ფილმებშიც არ მაქ ნანახი.
დაჩი ნინის
ჩაეხუტა. ნინის თვალები აუწყლიანდა და ტირილი დაიწყო, მაგრამ ტირილს მალე მორჩა, თავი
ხელში აიყვანა, საუბარი გააგრძელა:
- არ ვიცი რა ეშველება ამ ქვეყანას, ამ ,,მამულიშვილთა
ალიანსმა“ თუ გაიმარჯვა, ყველას ემიგრაციაში მოგვიწევს წასვლა
- ჰო, ჩვენც მაგაზე ვაპირობდითო ეხლა. რაც მოგიყევი..ნუ,
არ ვიცი... კატასტროფაა, მე მგონი აღარაფერი გვეშველება, ხელისუფლება ჰო ხედავთ, არაფრის
მაქნისია, პატრულიც არაფერს აკეთებს, ევროპასაც მაგრად ვკიდივართ.
- რა უნდა ვქნათ?
- არაფერი, სასწაული თუ გვიშველის მარტო.
- სასწაულს ხო არ დაველოდებით?
- აბა, რა ვქნათ?
- რა უნდა ვქნათ და რამე საპასუხო უნდა დავუპირისპიროთ
ამ სიბნელეს, მათ ვინც ჯერ კიდევ სინათლისა და პროგრესის მხარესაა ამ ქვეყანაში.
- და რა უნდა დავუპირისპიროთ ამ გავეშებულ ბრბოს? ჰობსისა
და ლოკის პოლიტიკურ კონცეფციებზე ხომ არ დაუწყებ ლაპარაკს?
- საპასუხო აქცია. ყველა უნდა შევიკრიბოთ ვისაც კი საღი
აზროვნების უნარი შერჩენია ამ ქვეყანაში.
- მაგ საპასუხო აქციაზე ეროვნულ-სარწმუნოებრივი ძალების
საპასუხო აქცია მოჰყვება და მერე უნდა ნახო იქ შენ, დედა შვილს არ აიყვანს ხელში.
- აუ, დაჩი, რავი, მეც ვეთანხმები ნინის, - ჩაერთო საუბარში
გეგა, - ეს ქვეყანა ჩვენც გვეკუთვნის და რავი, რაღაც ფორმით თუ მაინც არ გამოვხატეთ
პროტესტი, მე მგონი, სწორი არ იქნება ჩვენი მხრიდან. მოქმედება ყველა ვარიანტში საჭიროა.
ნუ, ეხლა ადვილი რო არ იქნება და ამ არანორმალურებთან დაპირისპირება რო მოგვიწევს,
ეგ ფაქტია.
- და მაგათთან დაპირისპირება გინდა ეხლა შენ ბარში რო
შემოგიცვივდნენ?
- სად ბარში შეცვივდნენ? - იკითხა ნინიმ.
- გეგა და სანდრო იყვნენ ერთ-ერთ ბარში, ეს გიჟები რო
შეცვივდნენ და დალეწეს იქაურობა, ერთი-ორი ამათაც მოხვდათ, - გაიღიმა დაჩიმ.
- რა გვეშველება..
არა, არა პასუხი უნდა გავცეთ, თორე ასე ჯდომით და ყავის ჭიქით ხელში ლაპარაკით ქვეყანა
თვალსა და ხელს შუა გვეცლება.
- და რამდენი ადამიანი გამოვა, შენი აზრით, ამ აქციაზე?
არ იცი, რომ უტრაკო მეტრაკეების ქვეყანაში ვცხოვრობთ?
- რამდენიც უნდა გამოვიდეს, არა აქვს მაგას არსებითი
მნიშვნელობა, მთავარია დავაფიქსიროთ რო ჯერ კიდე ჩვენც ვარსებობთ ამ ქვეყანაში და გვაქვს
აზრისა და გამოხატვის თავისუფლება.
- ჰოდა, მაგ აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას გადაგვახევენ
თავზე, რო იცოდეთ..
- შენ როდის აქეთია ასეთი მშიშარა გახდი?
- მშიშარა რა შუაშია, პროსტა რეალურ სურათს გიხატავთ
რა.
ნინიმ ფეხზე იტაცა ხელი. დაჩიმ ნაკბენზე დაწვდა, დაუზილა.
- რა იყო, ძაან გტკივა?
- არა უცებ მეტკინა ეხლა, ისეთი არაფერი..
- წამო ექიმთან.
- კაი დაჩი, რა ექიმთან, პატარა ბავშვის ნაკბენია.
- ჰო მარა რა ვიცი, არ გაგიმიზეზდეს, ამ ქვეყანაში უკვე
აღარაფერი გამიკვირდება.
- გამიმიზეზდეს არა ის... ცოფიანივით კი იქცეოდა ის
ბავშვი, მარა მართლა ცოფიანი ძაღლის ნაკბენი ხო არაა.
- კაი, რავი როგორც გინდა, იოდი ან სპირტი მაინც წაგესვა,
- იოდი და სპირტი კი არა გესმის რასაც გეუბნები? მაგ
პროტესტის ორგანიზება რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ.
- მეც გეთანხმები და ყველანაირად დაგეხმარებით, ნინი
- გახალისდა გეგა, სანდროც აჰყვა:
- ჩვენგან რაც იქნება საჭირო, არაფერზე არ დაგზარდებით.
- ძალიან კარგი, აი, მესმის ახალგაზრდული ენთუზიაზმი,
- ნინი გეგასა და სანდროს მონდომებამ გაახარა. დაჩიმ ირონიული ღიმილით ამოიოხრა, როგორც
სკეპტიკოსებსა და პესიმისტებს სჩვევიათ ხოლმე, როდესაც რაიმე წამოწყებისა არ სწამთ,
მაგრამ იძულებული არიან ამ წამოწყებაში თავადაც ჩაერთონ.
- მოკლედ, მე საორგანიზაციო კომიტეტზე ვიზრუნებთ, ჩვენ
გოგოებს დაველაპარაკები.
- ჩვენც ჩვენი ხოდებით შევეცდებით ხალხის შეგროვებას,
ფეისბუკზე უნდა გავაგებინოთ ხალხს.
-ჰო, ფეისბუკზე, ტვიტერით, ინსტაგრამით, საერთოდ ყველანაირი
საშუალებით. წინასწარი შეხვედრებიც უნდა გავმართოთ, ოღონდ ისე, რომ ამ გიჟებმა არ გაიგონ.
- ფეისბუკზე, ტვიტერით და ყველა საინფორმაციო საშუალებით
თუ გამოდეთ ყველაფერი, გიჟები კი არა გრენლანდიაშიც გაიგებენ, - დამცინავი ღიმილით
ჩაერთო დაჩი, - ცოტა მეტი კონსპირაციაა საჭირო.
- მოვახერხებთ რაღაცას. მთავარია მაქსიმალური რაოდენობის
ხალხი შევკრიბოთ, არ უნდა შეგვეშინდეს. მოკლედ ჩვენ ჩვენი უნდა ვცადოთ.
შეთანხმდნენ,
დაასკვნეს და მოქმედებაზეც გადავიდნენ. მართალია, მთლად კონსპირაციულად არ გამოსვლიათ,
მაგრამ რამდენიმე წინასწარი შეხვედრის გამართვა მოახერხეს. ლიბერალური ბანაკი დიდი
სიხარულითა და ენთუზიაზმით გამოეხმაურა ამ წამოწყებას. გამოსვლის დღედ 25 ივლისი დათქვეს
და მაქსიმალური მობილიზაცია გამოაცხადეს. მართალია ლიბერალ აქტივისტთა შორის დიდი შიში
იყო, მაგრამ ხალხის სიმრავლის იმედი ამ შიშს ასე თუ ისე ახშობდა. კონსპირაცია, საბოლოო
ჯამში, არ გამოვიდა. სადღაც თხუთმეტი ივლისისათვის უკვე მთელმა მედიამ და საზოგადოებამ
იცოდა დათქმული აქციის შესახებ. ბუნებრივია, ეროვნულ-სარწმუნოებრივმა ძალებმაც არ დააყოვნეს
და მათაც მაქსიმალური მობილიზაცია გამოაცხადეს. ლიბერალებიდან ზოგიერთმა უკან დაიხია
და თანამოაზრეებს აქციის გადატანა შესთავაზა ისეთ დღეს, რომელიც ეროვნულ-სარწმუნოებრივებს
არ ეცოდინებოდათ, მაგრამ ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ, პრინციპში სრულიად ლოგიკურად,
თქვეს, რომ აქციის დღის საიდუმლოდ შენახვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ერთ-ერთმა ყველაზე
რეიტინგულმა ქართულმა არხმა პირდაპირ ეთერში მიიწვია ნინი, როგორც ლიბერალთა მხრიდან
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ქალბატონი მაყვალა განდეგილი, ,,მართლმადიდებელი აქტივისტი,“
როგორც ის საკუთარ თავს უწოდებდა.
- ქალბატონებო, მადლობას გიხდით პირდაპირ ეთერში მონაწილეობისათვის,
- დაიწყო წამყვანმა, ახალგაზრდა კაცმა შემაწუხებლად წვრილი ხმით, - ქალბატონო ნინი,
თქვენგან დავიწყებ. თქვენ ხართ 25 ივლისისათვის დაანონსებული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი,
რას უკავშირდება თქვენი აქცია და რის გაპროტესტებას აპირებთ?
- ჩვენი აქცია ატარებს სრულიად მშვიდობიან ხასიათს.
ჩვენ გვსურს საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ ქვეყანაში ერთ კონკრეტულ ჯგუფს ან ერთ კონკრეტულ
იდეოლოგიას არ უნდა ჰქონდეს მონოპოლია. დღეს ყველა მეფობის აღდგენაზე ლაპარაკობს და
ყველა ელოდება ბაგრატ ბაგრატიონის ჩამოსვლას. ეკლესია და ე. წ. ეროვნულ-სარწმუნოებრივი
ძალები ირაზმებიან, ლიბერალებს მტრის ხატად აცხადებენ და პირდაპირ რუსეთის წისქვილზე
ასხამენ წყალს. ადგილი აქვს მასობრივ ძალადობას ყველა განსხვავებულად მოაზროვნის წინააღმდეგ,
ადგილი აქვს ზიზღისა და სიძულვილის გავრცელებას. ჩვენ - საღად მოაზროვნე მოქალაქეები
- არ ვაპირებთ შევეგუოთ ამ მასობრივ ფანატიკურ ისტერიას და გვსურს ვაჩვენოთ ყველას,
რომ ჩვენც საზოგადოების წევრები ვართ და, ჩვენი განსხვავებულობისა მიუხედავად, ჩვენც
გვაქვს უფლება გვქონდეს ჩვენი აზრი. საქართველოს ყველა მოქალაქე არის კანონის წინაშე
თანასწორი ეთნიკურობის, რასის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებებისა და სექსუალური
ორიენტაციის მიუხედავად. 25 ივლისს ჩვენ სწორედ ჩვენი თავისუფლების დაცვას ვაპირებთ
და მე იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს აქციის მშვიდობიან ჩატარებას.
- ქალბატონო მაყვალა, თქვენ ხართ საპირისპირო აქციის
ერთ-ერთი ორგანიზატორი, თქვენ და თქვენგან დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის შესახებაც
ალბათ გვეტყვით.
- დიახ, მოგახსენებთ აუცილებლად. პირველ ყოვლისა, უნდა
გითხრათ, რომ აი, ეს ქალბატონი, აქ რომ ზის, ასე ურცხვად, გაშიშვლებული, გადმოუყრია
ყველაფერი..
- ქალბატონო მაყვალა, გთხოვთ, შეურაცხყოფის გარეშე.
- არავითარი შეურაცხყოფა, მე სიმართლეს გელაპარაკებით,
აგერ, ხედავთ ყველა, როგორც გამოწყობილა ეს ქალი. მომისმინე შვილო, - ანთებული თვალებით
მიუბრუნდა მაყვალა ნინის, - ჯერ ეს ერთი სახლიდან, რომ ქალი გამოდიხარ, თავშალი უნდა
გეფაროს აუცილებლად, მეორეც, ასე თამამად დიაცს ვინ მოგცა ლაპარაკის უფლება? ან მამაოს
კურთხევა გააქ ტელევიზიაში, რომ მოდიხარ, წამოსკუპდი აქ და რაღაცებს ქადაგებ?
- აი, ეს რას ჰგავს ეხლა, - გაბრაზდა ნინი, - ხომ ხედავთ,
რა კატეგორიის ხალხი გვიმართავს საპასუხო აქციას?
- ქალბატონო მაყვალა, გთხოვთ, თემას რომ დავუბრუნდეთ.
- თემა, თემა... თემა ის არის, რომ ეს ელჭიპიტები გამართავენ
ოცდახუთში აქციას და ჩვენ ისეთ კონტრაქციას გავუმართავთ, სულ თავ-ბედს ვაწყევლინებთ.
- გვემუქრებით?
- გემუქრებით გენაცვალე, აპა, რავა.., - მაყვალამ ჭრელი
თავშალი შეისწორა, - აპა, თქვენ, გენაცვალე, სხვანაირად არ გესმით და... გემუქრებით,
გემუქრებით, ვნახავ ერთი რა აქციასაც ჩაატარებთ იქ.
- თქვენგან დაარსებული ორგანიზაციაც აპირებს კონტრაქციაში
მონაწილეობის მიღებას? - შეეკითხა ჟურნალისტი.
- აპირებს, აპა, არ აპირებს? მე და ჩემმა თანამებრძოლებმა
ამ რამდენიმე კვირის წინ, მამა ამირან მინტიაშვილის კურთხევით, დავაარსეთ ,,წმ. ქრისტეფორე
ძაღლისთავიანის სახელობის მართლმადიდებელ მკბენართა ერთობა“, დავკბენთ სუყველას ვინც
სოროსელია და მართლმადიდებლობას ებრძვის. აპა, რავა!
- რას იზამთ?
- დავკბენთ, დავკბენთ, არ გეყურება შენ? შენც ხომ არ
გინდა გიკბინო, კაი დაკბენა კი მოგიხდებოდათ ჟურნალისტებს, ჰაჰაჰაჰაჰაჰა...
- ჩემს აღშფოთებას საზღვარი არა აქვს, - ნინი სიბრაზისგან
წამოწითლდა, - ამ კრიმინალებმა ამ რამდენიმე დღის წინ ოფისი დაუნდობლად დაგვირბიეს
და პასუხის მომთხოვნი არავინ აღმოჩნდა.
- კრიმინალი თავი გაბია, შე ტუტუცო დედაკაცო, უყურე
ამას შენ... ხო არ გინდა გამოგთხარო ეგ თვალები?! რაც თქვენ ფემინისტკებს და ელჭიპიტიებს
გაქვენ დანაშოული ჩადენილი ამ ქვეყნის წინაშე, რა ჯოჯოხეთი გამოხშირავს თქვენს ცოდვებს!
გაწყდა თქვენი ჯიში და ჯილაგი და მეისპო თქვენი სახსენებელი!
- მე ვთხოვ სამართალდამცავებს, - კამერას მიუბრუნდა
ნინი, - რომ დაგვიცვან ამ კრიმინალებისა და მოძალადეებისაგან, რამე თუ მოხდება პირდაპირი
პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს!
- ამ გველის წიწილს უყურე! - მაყვალა გავეშდა, ადგა
და ნინისკენ გაქანდა, დაცვამ ძლივს მოახერხა მისი გაკავება, სამაგიეროდ დაცვა დაკბინა
საშინლად, სტუდიიდან ძლივს მოაშორეს. ჟურნალისტი ინციდენტისთვის ბოდიშს იხდიდა, შეშინებული
ნინი სტუდიის კუთხეში იყო მიყუჟული და რაღაცას ლაპარაკობდა, ოღონდ აღარავის ესმოდა.
რამდენიმე
დღე დაჩიმ და ნინიმ აქციის საკითხების მოგვარებას მოანდომეს. ერთ-ერთ მშვიდ საღამოს,
როცა აქციასთან დაკავშირებულ მორიგ საკითხს განიხილავდნენ, დაჩის კარზე ზარი და ბრახუნი
გაისმა. გულგახეთქილი კარს მივარდა და ჭუჭრუტანაში გაიხედა, გეგა იყო სანდროსთან ერთად.
კარი სასწრაფოდ გააღო. გეგა და სანდრო ოთახში შემოვარდნენ.
- კარი დახურე რა დროზე, დახურე, - ისტერიულად დაიყვირა
გეგამ. დაჩიმ კარი მიაბრახუნა და ჩაკეტა. სანდრო კოჭლობდა, სახე დასისხლიანებული ჰქონდა,
მაისური შემოგლეჯილი და ტანზე და ხელებზეც სისხლი სდიოდა.
- რა მოხდა, რა ამბავია? - იყვირა დაჩიმ, ნინიც გამოვიდა,
სანდროს დანახვაზე შეიცხადა.
- ქუჩაში ვიყავით, - სული ძლივს მოითქვა გეგამ, ტახტზე
რომ ჩამოსხდნენ, - უცებ, რა ვიცი სად ჯანდაბიდან... დაგვესივნენ ეს არანორმალური ქალები..
დაგვესივნენ და სანდრო დაითრიეს და დაკბინეს, ხუთი ქალი ერთად კბენდა, სისხლი თქრიალით
მოდიოდა. მე იქვე, რაღაც ჯოხი ეგდო, ის ავიღე და იმით მოვიგერიე, მერე ვიღაც კაცები
მოგვეშველნენ და ქალები მოაშორეს იქიდან, ჩვენ გამოვიქეცით, დავინახე, რომ ერთ-ერთი
მოხუცი ქალი უკან მოგვდევდა, ნაბიჯს ავუჩქარეთ და, როგორც იქნა თვალს მიეფარა, მარა
რა ვიცი, შეიძლება სხვები აგვყვნენ..., - გეგას სუნთქვა უჭირდა, - აუ, გაიხედე რა ფანჯრიდან,
შეიძლება ქუჩაში არიან.
დაჩიმ
ფანჯრიდან ფრთხილად გაიხედა. ქუჩაში სიწყნარე იყო, საეჭვო არაფერი შეუნიშნავს.
- კაი, სასწრაფოდ საავადმყოფოშია ბავშვი მისაყვანი,
- წამოიძახა ნინიმ, - მანქანით გავიყვანოთ დაჩი, სასწრაფო დახმარება ჭირდება.
- კაი, წავიდეთ.
- აუ, მეშინია გარეთ გასვლის.., - წამოიკნავლა სანდრომ.
- აბა, აქ ხო არ იქნები ასე, ექიმმა უნდა გნახოს სასწრაფოდ.
ნუ გეშინია, აქედან კარგად ჩანს ყველაფერი, ქუჩაში სიწყნარეა. უცბად ჩავალთ, მანქანა
აქვე მყავს გაჩერებული, ჩავსხდებით და წავალთ, აქვე რომც იყონ ჩასაფრებულები, მაინც
ვერ დაგვეწევიან.
- კაი, გავიდეთ მაშინ დროზე, - თქვა ნინიმ და სანდროს
მხარში ამოუდგა. ქვემოთ ლიფტით ჩავიდნენ და სადარბაზოს შემოსასვლელიდან გაიხედეს.
- სიწყნარეა, - გამოცდილი სპეცრაზმელივით თქვა დაჩიმ
და ეზოში გაჩერებული მანქანისკენ დაიძრა. დანარჩენებიც მას მიჰყვნენ, სასწრაფოდ მანქანაში
ჩასხდნენ და საავადმყოფოსკენ გაეშურნენ. სანდროს აუცილებელი პირველადი დახმარება აღმოუჩინეს
და პალატაში დატოვეს. გეგა ნერვიულობდა, დაჩი და ნინი მთელი საღამო გეგას დაწყნარებას
მოუნდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, გეგა დამშვიდდა და იქვე, საავადმყოფოს მოსაცდელში ჩასთვლიმა.
სამივენი გვიანობამდე შემორჩნენ, ექიმმა სახლში წასვლა ურჩია. დაჩიმ გეგა ფრთხილად
გააღვიძა. სამივე ძალზე დაღლილი იყო, ქანცგამოლეულები სახლს მიაშურეს. იმ დღეს გეგა
და ნინი დაჩისთან დარჩნენ. მძიმე დღის მიუხედავად, დაჩი ბედნიერი იყო, რომ გეგა და
ნინი მასთან ერთად იყვნენ. იყო რაღაც სასიამოვნო და ამაღელვებელი ამ ექსტრაორდინარულ,
კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც ცხოვრების ყოველდღიური, მოსაბეზრებელი რუტინა იცვლება
და რაღაც არაჩვეულებრივი ხდება, ის რაც ადრენალინის ჭარბ გამოყოფას უზრუნველყოფს.
,,ადრენალინი ოცდახუთში ნახე შენ“ - ფიქრობდა დაჩი, სხვას არა, მაგრამ თავს უტყდებოდა,
რომ ძალიან ეშინოდა, არა საკუთარი თავის გამო... არა, საკუთარი თავის გამოც, მაგრამ
უფრო მეტად სხვების გამო, გეგასა და ნინის გამო. ,,ამათ რამე რო დაემართოთ, მერე მე
რა უნდა ვქნა,“ - ნერვიულობდა. გადაწყვიტა ოცდახუთში თვალი არ მოეშორებინა არც ერთისთვის.
,,რაც არ უნდა იყოს გეგა და ნინი სამშვიდობოს უნდა გამოვიყვანო,“ - ფიქრობდა დაჩი და
ამ ფიქრებში ჩასთვლიმა.
აქციის
ორგანიზებისათვის თითქმის ყველაფერი დამთავრებული იყო. ,,წესით ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს,“
- თავიანთ თავებსა და ერთმანეთს აიმედებდნენ ნინი, დაჩი და აქციის სხვა ორგანიზატორები.
საერთო დაძაბულობა კარგად იგრძნობოდა. ერთმანეთს ატყუებდნენ, ევროპელების თვალში, რომ
არ შერცხვნენ, სახელმწიფო იძულებული იქნება დაგვიცვასო. ეროვნულ-სარწმუნოებრივი ძალების
მხრიდან კი ისტერიამ პიკს მიაღწია, რადგან ოც ივლისს საქართველოს ეწვია მეფობის კანდიდატი
ბაგრატ ბაგრატიონი, რომელსაც აეროპორტში საპატრიარქოს, ,,მამულიშვილთა ალიანსისა“ და
სხვა ეროვნულ-სარწმუნოებრივი ძალების წარმომადგენლები არნახული ზეიმით შეხვდნენ. ჩოხოსანთა
ანსამბლები მრავალჟამიერს აგუგუნებდნენ, მღეროდნენ პატარა ჩოხოსნები, მგალობლები
,,შენ ხარ ვენახსა“ და სხვა ძველ ქართულ საგალობლებს ასრულებდნენ. თეთრ, ოქროსფრად
მოვარაყებულ ჩოხაში გამოწყობილი შავგვრემანი უფლისწული თვითმფრინავის ტრაპიდან ამაყად
ჩამოვიდა და ასევე ამაყად შევიდა აეროპორტში, სადაც ჩოხოსანთა ამალა გაშიშვლებული ხმლებით
შეეგება. ,,მრააააავაააალ... - დაიწყო ,,მრავალჟამიერის“ სიმღერა. უფლისწულს თავი საკუთარი
უპირატესობის შეგრძნებით შეემართა და მაქსიმალურად ცდილობდა ისეთი გამომეტყველება მიეღო,
რაშიც ერი სევდასა და სიამაყეს ერთდროულად ამოიკითხავდა. იქვე, აეროპორტში, უფლისწული
შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა. აეროპორტი ხალხით იყო გადაჭედილი, უცხოელები გაკვირვებით
უყურებდნენ ამ შეკრებას და ვერ მიმხვდარიყვნენ, რა ხდებოდა. უფლისწულმა ერს მიმართა:
- ჩემო შვილებო! ჩემი ახალგაზრდული ასაკისადა მიუხედავად
მე მაქვს უფლება ასე და ამგვარად მოგმართოთ, რამეთუ აჰა დადგა ჟამი დიდ ხნით ნანატრი
და საქართველოს დაუბრუნდა მისი პატრონი - მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა...
- აქ უფლისწული ცოტა ხნით შეყოვნდა, ყურში ვიღაცამ რაღაც ჩასჩურჩულა, - შაჰანშა და
შირვანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთისა თვითმფლობელობით მპყრობელი. მე მოვედი!,
- აქ ერმა ისეთი იღრიალა, აეროპორტს კინაღამ სახურავი აეხადა, - მამულიშვილნო! - მარჯვენა
ხელი გაიწოდა უფლისწულმა ერისკენ, - დეე, ეშინოდეთ ანტიქრისტიანულ და ანტიეროვნულ ძალებს,
რამეთუ დღეის იქით დიდი ეროვნული მოძრაობა იწყება საქართველოში, ეროვნული მოძრაობა,
რომელიც მსოფლიოს დაანახებს ქართველი ერის სიბრძნესა და ძალას, დაანახებს თუ რა შეუძლია
ამ პატარა ქვეყანას მსოფლიოს მასონურ-ურიულ-ანტიქრისტიანული ძალების საწინააღმდეგოდ!
მაგრამ ვიდრე მსოფლიო მასშტაბით ბრძოლაზე გადავალთ, საჭიროა, რათა ჯერ საქართველოში
მოვუღოთ ბოლო ადგილობრივ მასონურ-სოროსისტულ ძალებს! ჩემი სამეფო ტახტზე ასვლის შემდეგ
ეს პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, მაგრამ ეს დიდი ეროვნული საქმე ახლა უნდა დავიწყოთ!
- უფლისწული ცოტა ხნით შეყოვნდა, შეკრებილ საზოგადოებას თვალი მოავლო, ერთ-ერთმა გამომწვევად
ჩაცმულმა მანდილოსანმა, მასთან ახლოს, რომ იდგა და თვალებში შესციცინებდა, წამიერად
მოსწყვიტა თვალი. ,,აუ, რა ძუძუები აქ,“ -თავისდაუნებურად გაუელვა უფლისწულს.
- მაშ, ფხიზლად ქართველებო! - გააგრძელა - მართალია
ჩვენ საზეპურო ერი ვართ, მაგრამ ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს! ღმერთი მხოლოდ მას
შემდეგ გადმოხედავს თავის ერს, რაც ის ლოცვითა და მარხვით, ჭეშმარიტი ქრისტიანული მცნებებითა
და ცხოვრების წესით განიწმინდება და უფალს სუნად სუნელად ჭეშმარიტ, უსისხლო შესაწირავს
მიართმევს. მაშ ასე, გილოცავთ ქართველებო, ივერიის გაბრწყინება ახლა იწყება!
მქუხარე
ტაშმა და ოვაციებმა იგრიალა. ერი ხარობდა და განსცხრებოდა, ფრიად. ყველა ტელევიზიის,
რადიოსა და ჟურნალ-გაზეთის კორესპონდენტი აქ იყო, აეროპორტი კამერების, ფოტოაპარატებისა
და მობილურების შუქით კაშკაშებდა. ტელევიზიები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ მეფის
ჩამობრძანებას, ახლა მეფე პირდაპირ საპატრიარქოში მიემგზავრება, რათა ერის სულიერი
მამისაგან მომავალ ღვაწლზე კურთხევა აიღოსო. მეფემ და მისმა ჩოხოსანმა ამალამ ძლივს
გაარღვია ხალხის კორდონი და სამეფო მანქანისაკენ გაემართა. უზარმაზარი, შავი, სარკესავით
კრიალა ჯიპი მის უდიდებულესობა უფლისწულს ელოდა. ჩოხოსნებმა კარი გაუღეს, უფლისწული
მანქანაში შეხტა, ჩოხოსნებმა კარი მიხურეს და უშველებელი ჯიპი ადგილიდან ნელა დაიძრა.
ჩოხოსნები მანქანას ძუნძულით მიჰყვებოდნენ. ავტომობილის ირგვლივ ხალხი და ჟურნალისტები
იყვნენ შემოჯარული და ყურისწამღები გნიასი
იდგა, ჩაწეული ფანჯრიდან უფლისწული ხელს უქნევდა ერს. მერე ღამესავით შავი ფანჯარა
ასწია და შავ ჯიპში მიიმალა. მანქანამ სიჩქარეს მოუმატა და, როგორც იქნა, აეროპორტის
გზაზე გავიდა. მას წინ და უკან ათი ავტომობილი მიჰყვებოდა. მანქანაში ჩამჯდარმა უფლისწულმა
ამოისუნთქა და თავის მომავალ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესს ანდუყაფარ ჩოლოყაშვილს გადახედა.
- აუ, არ გამაკუებინეს კაროჩე, ესენი ვინ არიან, ლამის
სველი ყლეები მირტყეს სახეში... უუუჰ.. დავიღალე მაგის დედა ვატირე, რამდენი საქმეა..
- საქმე აწი უნდა ნახო შენ.
- აუ კაროჩე რა, მეფე რო გავხდები ჰო შენ გაუძღვები
ამ რაღაცებს, სახელმწიფო საქმეებია თუ რაღაც სირობები? შენი ჭირიმე, ვიღაც ყლეებისთვის
არ მასმენინო.
- ნუ გეშინია, შენ ბევრი ტვინის ბურღვა არ მოგიწევს,
უბრალოდ ეს პერიოდი უნდა გადავაგოროთ რა.
- ნუ ხო, ამ პერიოდს რაღაცნაირად გადავიტან რა... აუ,
სასწაულად მეტყნაურება, დაინახე? ჩემ წინ ისეთი ნაშა მედგა, ისეთი ძუძიები ჰქონდა,
თავი ძლივს შევიკავე არ ამდგომოდა, თორემ ჩემი ყლე სახეზე პირდაპირ მომავალ მეჭურჭლეთუხუცესს
მიედებოდა..., - უფლისწულმა სიცილი დაიწყო, - შენც რო გენახა ვაბშე დაგავიწყდებოდა
რისთვის ჩამოგიყვანეს ამერიკიდან ამ საყლევეთში.
- მე ის ასაკი აღარ მაქ უკვე..
- ჰა, მაიცა რა ანდუყაფარ-ჯან, გენაცვა.. ხო გაგიგია,
ძველი თოფი ერთხელ მაინც გაისვრისო, ხოდა ნუ გადაიწურე იმედი. რამდენი წლისა ხარ?
- სამოცდათხუთმეტის.
- ეუფ, ორმოცი წლით ხარ ჩემზე უფროსი?..მდაა.. მე კიდე
ხანდახან ჩემი თავი მგონია ბებერი
- ბებერი? ვაიი..ოცდათხუთმეტი წლის ასაკში დამაბრუნა
და მერე მე ვიცი.., - სევდიანად ამოიოხრა ანდუყაფარმა, ძველი დროება გაახსენდა და გულზე
დარდები შემოაწვა.
- ჰა, ძია, აბა, ეხა ცხვირის ჩამოშვების დრო არ არის-
- შეუძახა უფლისწულმა, - ეხლაა შენი ცხოვრების მთავარი საქმე გასაკეთებელი. ერთხელაც
უნდა მოვიკრიფოთ ძალა და ბოლო აკორდია დასასმელი რა.
- მართალი გითხრა, ტახტი თითქმის გარანტირებული გაქ.
ამდენი მუშაობის და ამდენი პროპაგანდის მერე ეგ რო პაჩტი გარანტირებული არ იყოს, თავები
გვექნებოდა დასაჭრელი მთელ შენ ნაზირ-ვეზირებს.
- ესენი ჰო არ გაატრაკებენ?
- ვინ ესენი?
- ეს მთავრობა რა..
- გაატრაკებენ და დედაც მოეტყვნებათ..ნეტა ერთი შენ,
რისი გამტრაკებლები არიან, ვერ ხედავ რა ჩაჯმულებიც დაგვხვდნენ, თან დიდი ფულია ძმაო
ჩადებული, ეგრე არაა, ამათი ღორი დედას რო შევეცი მე, ძაან ბევრი ფული მოგვთხოვეს განზე
დასადგომად, მაგის მერეც თუ გაატრაკეს, მე ამათზე ისეთი კომპრომატები მაქვს, იციან
რო ეგრევე დედა აღარ ეყოლებათ, ტაკ ჩტო, ნოუ ფრობლემ.
- ხო, რა, კაია, მემგონი ყველაფერი ისე მიდის, როგორც
დაიგეგმა. ესენი.. ლიბერასტები?
- რა ლიბერასტები? მაგათ, ბიჭო, ვაბშე რისი თავი აქვთ,
ქათმებივით არიან. ნახევარი ისედაც დატერორებულია, დანარჩენი ნახევარში ჩვენი ფულია
ჩადებული, ყველაზე ნაკლები პრობლემა მაგათგან შეგექმნება. ნუ ეხლა ვინც გულწრფელია,
იდეინნი და რამე, იმას მივაბეგვინებთ და მომენტალურად მიყუჩდებიან რა.
- ეს საელჩოები ჰო წიკვინებდნენ რაღაცებს?
- ხო, მერე რა... როდის იყო ჩასვრილი ევროპა რუსეთის
წინააღმდეგ რეალურად რამეს აკეთებდა? ეგ ევროპელები ჩმორები არიან, ამერიკელებმა დააჩმორეს,
გააქათმეს და ეგეთ ქათმებად დარჩებიან სანამდე ეგ სირობა ევროკავშირი არ დაემხობათ
თავზე. ჰოდა, ამერიკას რაც შეეხება, ნუ კრემლმა ისეთები შესთავაზა, რო სუ ყლეზე ახატიათ
ვაშინგტონში ეგ შენი დალოცვილი ივერია. ტაკ ჩტო, ეგეც გაიასნებულია.
- შენ რო არ მყავდე ძია, რა მეშველებოდა, შენ გენაცვალე
მაგ ულვაშებში. ტაკ.. ესე იგი..სავაზირო დააკომპლექტე უკვე? მეჭურჭლეთუხუცესად უეჭველი
ეს წვერებიანი სირი უნდა იყოს, ფხასაძე თუ რა გვარია?
- ლევან ნასაძე.
- ხო, ეს ნასაძე რა გვარია? თავადია?
- აბა მე რა ვიცი... რაღაც საბუთები მოვუგონეთ, ეს გაყლევებული
ისტორიკოსი როა, აღარ მახსოვს სახელი, გვარებს რო იკვლევს, მაგას მოვაყომარებინეთ ეგ
ამბავი, მაგაშიც დიდი ფული გვაქ ჩადებული.
- დანარჩენები?
- დანარჩენები ნუ.. ამირსპასალარობა უეჭველი ამ დავით
სააკაძეს უნდა მივცეთ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ბევრი იყიყინა მაგან ჩვენ სასარგებლოდ
ძაან..
- აუ, ისე რა ყლეა ჰო? უეჭველი პრობლემებს შეგვიქმნის,
რაღაც თავის ყლე აზრების პროპაგანდას დაიწყებს.
- კი, კი მოსალოდნელია, მარა მაგის გაჩუმების გზებიც
ვიცი, ასე რომ, ძაან თუ გაატრაკა, მერე მივსვამთ პარაშასთან. დალშეე.. მანდატურთუხუცესობა
გიორგი ჯანდიერს უნდა მივცეთ, მსახურთუხუცესობა თამაზა საგინაშვილს, და კაროჩე არიან
რა კიდე ვიღაცეები, პრობლემა არაა. ჩვენ ერთ გაკუებაზე ყირაზე გადადგებიან, ერთი ესაა,
დავით სააკაძე, რაღაც თავისი ფანტაზიები, რო აწუხებს, მარა ხო გეუბნები, დიდ პრობლემას,
ვარიანტი არაა, ეგ ჩვენ ვერ შეგვიქმნის.
- გამეფების მერე რა ღონისძიებებს ვატარებთ?
- ნუ რა ღონისძიებებს და..პირველ რიგში შევქმნით სააჯო
კარს.
- ეგ რა არი?
- ბიჭო სირცხვილია, ცოტა მაინც წაიკითხე ეს ,,ქართლის
ცხოვრება“, ვიღაცამ რაღაცა გკითხოს..
- ,,ქართლის ცხოვრება“ არა ყლე... ეგ სირობები მაკითხე
ეხლა, ქალი ვერ მომიტყნია ხუთი კვირაა, ყველა გამადიდებელი შუშით მაკვირდება.
- სააჯო კარი ანუ უზენაესი სასამართლო. ჩვენს ხელში
იქნება, სასამართლოზე აბსოლუტურ კონტროლს დავამყარებთ, მაგის გარეშე არ გამოვა არაფერი.
მერე, ჰო... ეს ყლეთა ჯოგი პარლამენტი მთლიანად ჩვენ ჯიბეში იქნება, უმრავლესობაც და
უმცირესობაც. რაც ჩვენ გვინდა იმ კანონებს მივაღებინებთ. პირველად მიიღებენ კანონს
,,მისი უდიდებულესობის შეურაცხყოფის შესახებ“. შენი ყოველგვარი შეურაცხყოფა დაისჯება
შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთით და ქონების დაყადაღებით. მერეე.. ჰო ამ ხუცებს უნდა
ვასიამოვნოთ, ეგენი ჩვენი მთავარი იდეოლოგიური ძალაა, მივიღებთ კანონს ,,რელიგიურ გრძნობათა
შეურაცხყოფის შესახებ“ და საჩვენებლად ერთი-ორ ლიბერალს ჩავაგდებთ ციხეში. ჰო, ნუ ეს
ოპოზიციონერები და ვიღაც პროტესტანტები ადვილად მოგვარებადი საკითხია, ერთი-ორს ჩავაგდებთ
ციხეში, იქაც თუ გაატრაკებენ, საქათმეში შევაგდებთ და მერე სხვებიც ისწავლიან ჭკუას.
აქციებს, კაროჩე, ისე დაუნდობლად უნდა გავუსწორდეთ, რომ მეორეჯერ სამ კაცს აღარ მოუნდეს
შეკრება ჩვენ წინააღმდეგ. სუსი ისედაც მთლიანად ჩვენ ხელშია უკვე, მოსმენა და მიყურადება
პრობლემა არაა, ვინ სად გააკუებს ჩვენ წინააღმდეგ, ყველაფერი გვეცოდინება..მდაა...ჰო,
კიდევ რა..
- აუ, ცოლი უნდა შევირთო?
- ჰო, მა რა, ეგ აუცილებელია.
- კაროჩე რა, მთელი ცხოვრება დაოჯახებას გავურბოდი და
მაინც ამეკიდება ვიღაც ყლექალა.
- მემკვიდრე აუცილებელია, შენც რა დაგემართა, ძაან დაგიშლის
ეხლა შენ დაოჯახება ნაშებთან გართობაში ხელს..
- ჰო, ნუ არ შემიშლის, მარა ხო აზრზე ხარ, პრესა და
მედია, სადღაც რო გაჟონოს რო მეფე ცოლის გარდა კიდევ სხვა ქალებსაც ტყნავს, კაროჩე,
მე ხო რაღაც ქრისტიანული ზნეობის იდეალი უნდა ვიყო თუ რაღაც ეგეთ პონტში, ჰოდა, ტეხავს
რა იმიჯისთვის.
- ვაიმე, შენ თუ მაგის გეშინია... მედია ჯიბეში გვეყოლება
და ახლა შენ თუ მაინცდამაინც დღისით, მზისით, რუსთაველზე არ ჩახადე ვინმეს, ისე ვინ
საიდან უნდა გაიგოს? ნუ ნერვიულობ მაგაზე, ბიჭო, ამდენ ხანი ვიფიქრე და ვგეგმე ყველაფერი,
რამე გამომრჩებოდა? ჰო, შეიძლება რაღაც დეტალები ვერ გავთვალე, ადამიანები ვართ მაინც
და რაღაცები გვეშლება, მარა ძირითადი გეგმა ზუსტადაა გათვლილი და ყველაფერი, როგორც
წესი და რიგია, ისე სრულდება.
- აუ, იმ კაცთან დიდ ხანს გავჩერდებით?
- ვინ კაცთან?
- ვინ კაცთან და ვისთანაც მივდივართ, პატრიარქთან?
- არა კაცო, რა დიდ ხანს, თავზე დაგადებს ხელს, დაგლოცავს,
ერთი-ორ სიტყვას ვეტყვით ერთმანეთს და მერე სასტუმროში ეგრევე.
- კიდევ კარგი თორე ეხლა მაგათი მეტანიების თავი ნაღდად
არ მაქვს.
სამეფო
ესკორტმა აეროპორტის გზიდან თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ პროსპექტზე შეაჭრა და უშუალოდ
საპატრიარქოსკენ აიღო გეზი. გზები გადაკეტილი იყო, რათა მომავალ მეფეს თავის მომავალ
სატახტო ქალაქში თავისუფლად ემოძრავა. საღამოს ქუჩებსა და აივნებში გამოფენილი ხალხი
თავიანთ მომავალ მონარქს დიდი სიხარულით, ყიჟინითა და ზეიმით ეგებებოდა. ჭეშმარიტად
დიდი იყო მართლმადიდებელი ერის შვება და სიხარული და ჭეშმარიტად ხარობდა თბილისიც.
მესამე თავი
აქციამდე
სულ ორი დღით ადრე, ოცდასამ ივლისს, ფრიად საგანგაშო ამბავი მოხდა. დაჩის სახლში გეგამ
მოაკითხა. ნამტირალევი იყო. იმ დღეს დაჩიმ ისედაც ცუდ განწყობაზე გაიღვიძა და გეგას
ასეთ მდგომარეობაში განცხადებამ კიდევ უფრო მეტად გაუფუჭა განწყობა.
- რა იყო, გეგა, რა მოხდა?
- აუ, სანდრო...
- რა სანდრო, რამე გართულება ხომ არა აქვს ნაკბენებზე?
- არა, ჯანმრთელობის ამბავში ნორმალურადაა, მარა..
- აბა, რა მარა.. ვინმემ სცემა? აგინეს?
- არა..
- აბა, რა მოხდა, დავიტანჯე კაცი..
- იმათნაირი გახდა.
- ვინ იმათნაირი?
- აი, გიჟებისნაირი, რა...
- რას ჰქვია მაგათნაირი გახდა? ასე, დილით გაიღვიძა
და მაგათნაირი აღმოჩნდა? - ნაძალადევად გაიცინა დაჩიმ, მაგრამ ხვდებოდა, რომ სასაცილოდ
არ იყო საქმე.
- აუ, რა ვიცი. იმ დღეს მივწერე, წამო ბარში გავიდეთ-მეთქი
და არაფერი უპასუხია. კიდევ მივწერე, მერე კიდე, ხუთი მესიჯი გავუგზავნე, ვმესიჯობთ
ხოლმე როგორც წესი. მერე დავურეკე. არ უპასუხია. ერთი-ორი საათის მერე თვითონ გადმომირეკა
და შენთან შეხვედრა მინდა, რაღაც საქმე მაქო. ისეთი ხმა ჰქონდა, გეგონებოდა სხვა ადამიანი
მელაპარაკებოდა. კაი-მეთქი. შევხვდით. რაღაც შავ საროჩკაში და შავი ნაჭრის გაცვეთილ
შარვალში იყო გამოწყობილი. წვერი ჰქონდა მოშვებული და თმა გაკრეჭილი. გამიკვირდა, რა
ნარიადზე ხარ, რა ხდება-მეთქი. რა ხდება და სოდომიტური ცხოვრების წესს თავს ვანებებ
და შენც მოგიწოდებ, ვითარცა მოყვასს, შეეშვაო. მე გაკვირვებისგან კინაღამ ყბა ჩამომივარდა.
ვერაფერი ვუპასუხე. იმან, მამაოსთან ვიყავი, ყველაფერი შევინანე და ახლა თქვენთვის,
სოდომიტებისა და გარყვნილ-გათახსირებული ხალხისთვის ვლოცულობ, რათა შეინანოთ და ჯოჯოხეთში
არ მოხვდეთო. მე გამეცინა, კაი, მორჩი ღადაობას, რაებს ლაპარაკობ მეთქი. არ ვღადაობ,
წესიერი ცხოვრება დაიწყე, თორე არავის დაგინდობთ, ღვთივკურთხეულ ივერიას თქვენ არ წაგაბილწვინებთ,
კოცონებს დავანთებთ და ყველას შიგ გამოგწვავთ, აი ნახე თუ ეგრე არ მოვიქცეთ, უეჭველი
ეგრე იქნება მეფის მოსვლის მერეო. მე რაღაცებს ვბურტყუნებდი, რა მეფე, რა კოცონები,
შენ ხო არ გამოყლევდი მეთქი, ბოლოს ვუყვირე. შეინანეთ, თორემ ყველანი დაისჯებითო, გიჟივით
იმეორებდა. მე ვუთხარი, შენი არ მჯერა, რაღაცას მეღადავები მეთქი და ჩახუტება დავაპირე.
ხელი გამარტყა. მე სახტად დავრჩი, ვერაფერი ვუპასუხე. მამაოს კურთხევაა, სოდომიტი თუ
ნახევარ მეტრზე მოგიახლოვდათ, ხელი გაარტყითო. მერე წავიდა ისე, რომ უკანაც არ მოუხედავს.
მე ეგრევე შენთან წამოვედი, - დაამთავრა მოყოლა გეგამ და ცრემლებად დაიღვარა. ,,ბიჭო,
რა ხდება, ტო, რა ამბავია ჩვენს თავს,“ - ბუტბუტებდა დაჩი. უცებ ნინი გაახსენდა. სასწრაფოდ
მობილურს ეცა და დაურეკა. მობილური გათიშული ჰქონდა. საშინლად ანერვიულდა. აღარ იცოდა
რა ექნა.
- ნინი უნდა მომანახვინო.
- ნინი? რატო, რა ხდება, ხომ კარგადაა? - ცრემლები მოიწმინდა
გეგამ.
- მე ვიცი, მგონი, რაც ხდება
- რა იცი? რა ხდება?
- მე მგონი, ყველაფერი მაგ ნაკბენების ამბავია, რა.
- რა ნაკბენთან, კაი რა დაჩი... ზომბი აპოკალიფსი ხო
არაა?
- ამაზე მეტი ზომბი აპოკალიფსი რაღა გინდა? წამო მეთქი...
დაჩი და
გეგა ჯერ ნინი სახლში მივიდნენ, ზარი რეკეს, კარზე აბრახუნეს, არავინ გაუღო. მერე ნინი
ჯერ ერთ სამსახურში მივიდნენ, მერე მეორეში. არსად მისი ჭაჭანება არ იყო. ბოლოს დარბეულ
ოფისში მივიდნენ. აქ სრულიად არაჩვეულებრივი სანახაობა დახვდათ. მთელი ოფისი მართლმადიდებელ
მკბენართა საზოგადოებას დაეკავებინა. ყველგან ხატები და ჯვრები იყო გამოფენილი. ოფისი
მართლმადიდებელი მკბენარებით იყო გადაჭედილი. გეგას ძალიან შეეშინდა, მარა დაჩიმ უშველებელი
ჯვარი აიღო, იქვე, შესასვლელთან ვიღაცის ჯვრიან ქუდს დაავლო ხელი და ის დაიხურა, გეგას
პატარა ხატი მისცა ხელში და ასე ოფისში ღვთივსათნო გამომეტყველებით შევიდნენ. ხალხი
ლოცულობდა, უფრო ზუზუნის ხმას გამოსცემდა, ალბათ, ასეთი იყო მართლმადიდებელ მკბენართა
ლოცვა. დაჩიმ და გეგამ კარგა ხანს იბორიალეს ოფისში, მაგრამ ხალხმრავლობასა და საშინლად
შეხუთულ ჰაერში დაიბნენ. მთელი ოფისი საკმევლისა და ოფლის სუნით იყო გაჟღენთილი. დაჩი
წასვლას აპირებდა, რომ გეგამ მაგრად მოქაჩა მკლავზე. ,,დაჩი, ნახე... იქითკენ.. - დაჩის
გულმა რეჩხი უყო, გაიხედა და მართლმადიდებელ მკბენარ ქალებს შორის, ხატების წინ მჯდომარე,
თავშალწაკრული ნინი დაინახა. ნინის ისეთი სახე ჰქონდა, როგორც მეცხრამეტე საუკუნის
ევროპულ სტილში შესრულებულ რუსულ ხატებზე აქვთ ქალწულმოწამეებს, მშვიდი და ოდნავ სევდიანი...
თვალდახრილი იჯდა და რაღაცას ჩურჩულებდა. დაჩის ცივმა ოფლმა დაასხა. თავბრუ დაეხვა,
მაგრამ თავი შეიკავა, გეგას დაეყრდნო. ,,წამო, გავიდეთ,“ - უთხრა გეგას და გარეთ გავიდნენ.
ჰაერი ღრმად შეისუნთქა და ამიოხრა.
- აქვე დაველოდოთ, - მტკიცე, ცივი ხმით თქვა დაჩიმ.
გეგა და დაჩი ოფისთან ახლო მდებარე სკვერში სკამებზე ჩამოსხდნენ. დაჩიმ თავი ხელებში
ჩარგო.
- იქნება, თამაშობს, სპეციალურად შევიდა მათ წრეში,
რო მაგათიანად მოაჩვენოს თავი და მაქსიმალური ინფორმაცია გამოიტანოს, - ამშვიდებდა
გეგა ბიძას.
- აუ, გეგა.. არ გინდა ეს ჯეიმს ბონდი თეორიები რა..,
- დაჩიმ სიგარეტი ამოიღო და გააბოლო. გეგამ შეატყო, რომ ძალიან ნერვიულობდა.
რამდენიმე
საათს ელოდნენ, ბოლოს, როგორც იქნა, ნინი გამოვიდა და დინჯი ნაბიჯით გაუყვა ქუჩას.
თავზე თეთრი თავშალი ეფარა, ტანზე ყვავილებიანი კაბა ეცვა, ისეთი, ბებიამისის დროსაც,
რომ აღარ იყო უკვე მოდაში. ხელში კალათა ეჭირა, რომელსაც თეთრი ნაჭერი ჰქონდა გადაფარებული.
დაჩი პირდაპირ მიეჭრა.
- ნინი... - აკანკალებული ხმით დაიწყო დაჩიმ. ნინი მშვიდი,
მაგრამ გულგრილი მზერა შეაგება.
- გისმენ, მოყვასო.
- რა მოყვასო, ნინი, მე ვარ, დაჩი, რა დაგემართა?
- არაფერი.. გიცანი, დაჩი, მოყვასო. მე შენთვის ვლოცულობ
ხოლმე.
- რას ლოცულობ, ნინი, რას მიედ-მოედები, გოგო... ღადაობ,
ხო? რამე აგენტურულ საქმიანობას ეწევი ამ გიჟებში თუ რა ხდება?
- ამაოდმეტყველებისათვის არა მცალია, მოყვასო. ეკლესიაში
მივდივარ, ჩვენი მომავალი მეფისათვის პარაკლისი აღევლინება და უნდა მოვისმინო. შენც
გირჩევ, წამოდი. მამა ოჩოპინტრე სიდამონიძეს გაგაცნობ, აღსარება უთხარი, გულწრფელად
შეინანე შენი ცოდვები, შენი სოდომიტი ძმისშვილიც წამოიყვანე და ერთად შეინანეთ, ყოველივე
მოგეტევებათ, თუ არა და გეენას ცეცხლი არ აგცდებათ ორივეს.
დაჩი სახტად
დარჩა.. ხმასაც ვერ იღებდა. ტირილი უნდოდა, მაგრამ ვერ ტიროდა. კარგად აკვირდებოდა
ნინი სახეს, ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ ნინი ღადაობდა, მსახიობობდა, რაიმე აგენტურულ
საქმიანობას ეწეოდა ლიბერალებისაგან მართლმადიდებელ მკბენარებში შეგზავნილი, დიდ ხანს
აკვირდებოდა ლამაზ სახეზე, ნინიც უყურებდა, უაზრო, გაშტერებული მზერით. ბოლოს ნინის
მკლავში ჩააფრინდა:
- რამ გადაგრია, მე ვარ, დაჩი, ერთად დავგეგმეთ ზეგინდელი
აქცია.. ეხლა რა მოგივიდა? ამ რამდენიმე დღეში რამ გადაგიბრუნა ტვინი?
- ხელი გამიშვი, მოყვასო, თორემ ვიყვირებ.
დაჩიმ ხელი გაუშვა.
- მოყვასო დაჩი, გეშინოდეს, რამეთუ შურისმაძიებელია
ჩვენი უფალი, ცეცხლია შემწველი და ყველა ცოდვილი მარადიული ცეცხლისთვისაა განწირული,
გარესკნელის ბნელისათვის, სადაცაა მატლი იგი დაუძინებელი და კბილთა ღრჭენა.
- ნინი... აუ, გეხვეწები რა... ნუ მექცევი ეგრე, - დაჩის
ხმას ეტყობოდა, რომ სადაცაა ტირილს დაიწყებდა, - ხომ გახსოვს რა ბედნიერები ვიყავით
ერთად.
- არ მინდა ეკლესიაში დამაგვიანდეს, მოყვასო, ამიტომ
გთხოვ, გზაზე გამატარო. გირჩევ ორმოცდამეათე და ოთხმოცდამეათე ფსალმუნები იკითხო ხშირად,
- ნინი, დაჩის გვერდი აუქცია და წავიდა. დაჩი დარჩა გაშეშებული. ბოლოს გეგამ შეანჯღრია,
გამოფხიზლდა, გეგას უაზროს შეხედა და სახლისკენ წავიდა.
სახლში
მისული ლოგინზე დავარდა და ატირდა. ტირილში ჩაეძინა. გვიან გაეღვიძა. საათს დახედა:
02:31. ქუჩაში ხმაური თითქმის მიწყნარებულიყო, მხოლოდ მანქანა ჩაივლიდა ხანდახან და
ვიღაცის ხმამაღალი ლაპარაკი ისმოდა. მერე ისიც მიწყდა. ახლად გამოღვიძებულმა დაჩიმ
გაღვიძებიდან რამდენიმე წამი ვერ გაიხსენა, რა უღრღნიდა ასე ტვინს, მერე გაახსენდა
და მთელი ტვინი და სხეული მოეწამლა. თავს საშინლად გრძნობდა. იფიქრა, დამაწყნარებელი
დაელია, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა ბოლომდე შეესვა შხამით სავსე ფიალა, ბოლომდე გამოეცადა
სიყვარულის დაკარგვით გამოწვეული სიმწარე. მარტო ნინიზე და ნინისთან გატარებულ დღეებზე
ფიქრობდა. მერე ასე ლოგინზე გდება მოჰბეზრდა და აივანზე გავიდა. ცარიელი ვაჟას პროსპექტი
ჩანდა გარეგანათებების ყვითელ შუქში. ათასში ერთხელ ვიღაც ჩაივლიდა პროსპექტზე, მანქანაც
ჩაიქროლებდა. სადღაც ლოთები წაეკიდნენ ერთმანეთს და ღრიალი და გინება ატეხეს. მერე
მიწყნარდნენ. დაჩი გაშეშებული იდგა აივანზე, სივრცეში რაღაცას მიშტერებოდა. ქარმა დაუბერა
და ხის ფოთლები ააშრიალა. უცებ დაჩიმ საშინელი სიბრაზე იგრძნო. საშინელი სიძულვილი,
სიძულვილი იმათ მიმართ, ვინც ნინი წაართვა, შურისძიების გრძნობამ აიტანა და ახლა, რომ
რომელიმე მათგანი დაეჭირა, შეიძლება შუაზეც გაეგლიჯა სიბრაზისგან. გადაწყვიტა აუცილებლად
გასულიყო ოცდახუთი ივლისის აქციაზე. რაღაც ფორმით მაინც იძიებდა შურს, ვიღაცას მაინც
გაუხეთქავდა თავს, აღარც მართლმადიდებელი მკბენარების ეშინოდა და არც კუნთმაგარი ვაჟკაცებისა.
ამ გადაწყვეტილებამ ცოტა დაამშვიდა და სიმხნევე შეჰმატა. თან გულის სიღრმეში ნინის
დაბრუნების იმედს არ კარგავდა. იქნება და დროებითი სიგიჟე იყო ეს ყველაფერი? იქნებ
და არის რამე წამალი ამ ავადმყოფობისთვის? ნინის აუცილებლად დაიბრუნებს. ჯერ იმ აქციაზე
გამოაღწიოს მშვიდობით და ნინის, აი, რადაც არ უნდა დაუჯდეს, აუცილებლად დაიბრუნებს.
მერე წავლენ ამ ოხერი ქვეყნიდან მარტო ის და ნინის, დაჩი იახტას იყიდის და სადმე ოქროსფერი
ქვიშების სანაპიროზე დასახლდებიან, სადაც მზის სხივებით მოციმციმე კამკამა ლურჯ ზღვაში
იახტა იტივტივებს და იქნება მხოლოდ მზე, ზღვა და სექსი. აღარც გაიხსენებს აქაურობას,
ოჯახზეც კი არ იდარდებს. თვითონ არავის ედარდება და მან რატომ უნდა იდარდოს სხვებზე?
ბავშვებიც კი მუდმივად თეას უჭერენ მხარს, მთლიანად ბებიის, დაჩის საძულველი სიდედრის,
გავლენის ქვეშ არიან მოქცეულები. ჰოდა, თვითონაც დაიკიდებს ყველას და ყველაფერს, ხელს
მოჰკიდებს ნინის, გახდის იმ იდიოტურ თავშალსა და კაბას, ჩააცმევს საცურაო კოსტიუმს,
მისი სექსუალური ტანი, რომ უკეთ გამოჩნდეს, და გასცურავენ ისინი ერთად, შორს, შორს,
სადმე კანარის კუნძულებზე ან ახალ ზელანდიაში... დაჩი კარგა ხანს იდგა ასე აივანზე,
სუსტი ქარი უბერავდა და სიგრილე სიამოვნებდა...მერე იგრძნო, რომ ისევ ძილი მოერია,
ოთახში შებრუნდა, ლოგინში ჩაწვა და სწრაფად ჩაეძინა.
ოცდახუთ
ივლისს დილაადრიან პარლამენტის შენობასთან შეკრება დაიწყეს საქართველოს ლიბერალური
სექტორის წარმომადგენლებმა. დაჩიც ადრე მივიდა. ძალიან არ ესიამოვნა, როცა ადგილზე
მცირე რაოდენობის ხალხი დახვდა. ,,ნუ, თორმეტი საათისთვის მოვლენ ალბათ,“ - დაიმშვიდა
თავი. ნაცნობები ნახა, გამოელაპარაკა, ერთმანეთს ამხნევებდნენ, ,,რადიო თავისუფლებას“
მისცა ინტერვიუ. ,,რადიო თავისუფლებასთან“ ადრეც უთანამშრომლია, დღიურები ჩაწერა. ნაცნობი
ჟურნალისტი იყო. მერე რომელიღაც მისთვის უცნობ რადიოსაც მისცა ინტერვიუ. ბოლოს მაღალრეიტინგულმა
ქართულმა ტელეარხმაც ითხოვა ინტერვიუ. დაჩიმაც ვრცლად ისაუბრა მეფობის აღდგენის საფრთხეებსა
და საქართველოში ულტრაკონსერვატორულ-ნეონაცისტური ძალების მომძლავრებაზე. ინტერვიუთი
კმაყოფილი დარჩა. საათი თორმეტისკენ გადაიხარა, მზემ დააჭირა, ხალხის რაოდენობას კი
საგრძნობლად არ მოუმატებია. დაჩი კი იმედს არ კარგავდა, რომ პროგრესულად მოაზროვნე
ძალები ხმას აღიმაღლებდნენ სიბნელის წინააღმდეგ. თავს ნაცნობ-მეგობრებთან ლაპარაკით
ირთობდა. სრულიად მოულოდნელად ხალხში გეგა შენიშნა. ძალიან არ ესიამოვნა. გეგას ხელი
მოჰკიდა, გვერდზე გაიყვანა.
- აქ რა გინდა, სულ გადაირიე?
- რატო რა მინდა, შენ თუ მოხვედი, მე რატო არ უნდა მოვსულიყავი
ვითომ?
- შენ ჯერ ბავშვი ხარ, ჩემი ძმისშვილი თან და პასუხისმგებლობა
მე მეკისრება, გაიგე?
- ჯერ ეს ერთი ბავშვი არ ვარ, ოცი წლის ვარ უკვე, მეორეც
შენ მამაჩემი არ ხარ და მე კიდე, როგორც ზრდასრულ ადამიანს, უფლება მაქ დამოუკიდებლად
მივიღო გადაწყვეტილება.
- აუ, არ გინდა ეხლა ამ ევროპული კონვენციებით ნუ მელაპარაკები
რა, - შეუტია დაჩიმ, გეგას სიტყვები ,,მამაჩემი არ ხარო“ ძალიან ეწყინა, მაგრამ არ
შეუმჩნევია.
- და რამე რო დაგემართოს, რო დაგიჭირონ მართლმადიდებელმა
მკბენარებმა?
- დამიჭირონ და დამიჭირონ, რა ვქნა, ერთი ორს მაინც
გავუხეთქავ თავს.
- რისი თავის გამხეთქავი ხარ, ბიჭო, გამომივიდა ეხლა
ესეც რემბო, რა... ჩემთან ერთად იყავი და გვერდიდან არ მომშორდე, გაიგე? - გეგას მკლავზე
მოუჭირა ხელი და მავედრებელი თვალები მიაპყრო.
- ჰო, კაი, კაი, - უხალისოდ დათმო გეგამ.
დაჩის
ბანერი ეჭირა წარწერით ,,ძირს მეფე, გაუმარჯოს რესპუბლიკას!“ გეგას ლგბტ დროშა ეკავა,
ცისარტყლის გამოსახულებით. აქციაზე სიმშვიდე იყო, ნაცნობები ერთმანეთთან ლაპარაკობდნენ,
ხალხის მასიდან რამდენიმე ბანერი, ევროკავშირისა და ლგბტ დროშები იყო ამოშვერილი.
- მოკლედ, აშკარად ბევრმა დაგვაღალატა ბატონო ლევან,
- ეუბნებოდა დაჩი თავის უნივერსიტეტის მასწავლებელს, ძველი ბერძნული ფილოლოგიის ლექტორს,
ასაკოვან ინტელექტუალს, - მე უფრო ბევრი მეგონა, რომ მოვიდოდა.
- არა უშავს, საზოგადოების მგრძნობელობა არაა ჯერ კიდევ
ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს. ნელ-ნელა ვვითარდებით, ამ ძალების აღზევება
დროებითი მოვლენაა. ერთი ათ-თხუთმეტ წელიწადში მათი ნასახიც აღარ იქნება, აი, დაიმახსოვრეთ.
დაჩის
ბატონი ლევანის ოპტიმიზმი ძალიან გაუკვირდა. ,,რა შეატყო ამ დალოცვილმა, რომ ვვითარდებით,“
- ფიქრობდა თავისთვის. სადღაც თვალი ცნობილ კინომცოდნესა და ინტელექტუალს, გივი გახარიას
მოჰკრა.
- როგორ ბრძანდებით, ბატონო გივი? - მოიკითხა დაჩიმ.
- მადლობა დაჩი, შენ როგორა ხარ, რამდენი ხანია არ მინახავხარ.
რა ხდება შენკენ?
- მადლობა, ძველებურად, თქვენკენ ხომ მშვიდობაა, ბატონო
გივი? იმ დღეს წავიკითხე, გაზეთი ,,ანავალ-განავალი“ წერდა, გივი გახარია ჯოჯოხეთში
დაიწვებაო, მაგათ, მე მგონი, ძველებურად უყვარხართ, არა?
- უი, კიდე მახსენებენ? არ ვიცოდი. ჰო, როგორც ჩანს,
ძველი სიყვარული არ დაჰკარგვიათ. ძალიან მახარებს.
- მე მგონი ცოტაა, არა, ბატონო გივი, ხალხი მოსული?
- ჰო, რატომღაც მეც უფრო მეტს ველოდი, მარა მთავარი
ენთუზიაზმია. მე მგონია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. პროგრესის გამარჯვება,
საბოლოო ჯამში, გარდაუვალია, - თქვა ბატონმა გივიმ და თავისებურად გაიცინა, - აჰაჰაჰაჰა,
ჰა-ჰა, ჰა...
- რა ვიცი, მეც მაგის იმედი მაქ, მართალია ეს რაოდენობა
მთლად ოპტიმისტურად არ განმაწყობს, მარა მაინც, კაცი იმედით ცოცხლობს, - გაიცინა დაჩიმ
და გივიც აჰყვა თავისებური სიცილით.
აქცია
ჩვეულებრივად, მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობდა, რამდენიმე სიტყვით გამომსვლელიც ჰყავდათ.
ყურადღება ყველას მოუდუნდა, მზე შუადღისკენ გადაიხარა და ის იყო, ვალმოხდილი ლიბერალები
დაშლაზე ფიქრობდნენ, რომ საიდანღაც, მოწმენდილ ცაზე, რომ მეხი გავარდება, აი, ისეთი
გრგვინვა მოისმა:
- უწმინდესოოოოოოოოო! - ათასობით კაცი ღრიალებდა ერთად.
რუსთაველის მხრიდან რამდენიმე ათასი გავეშებული ეროვნულ-სარწმუნოებრივი ადამიანი მოემართებოდა,
უფრო სწორად მთელი ,,რაზგონით“ მოჰქროდა და თან ,,უწმინდესოს“ ღრიალებდა (ეს, შემოკლებით,
მათ ენაზე ნიშნავდა ,,უწმინდესო, გვაკურთხე ამ საქმეზე!“). მოჰქროდნენ ისინი ჯვრიანი
ალმებით, ხის უშველებელი ჯვრებითა და ხატებით და მათ წინ მართლმადიდებელ მკბენართა
ასეული მოუძღოდა, რომელიც განსაკუთრებული მონდომებით წიოდა ,,უწმინდესოს.“ ამის შემხედველი
ლიბერალები შიშმა მოიცვა. ინსტინქტურად ყველანი თავისუფლების მოედნისკენ გაიქცნენ,
მაგრამ ახალ იმ მხარეს მოისმა ათასობით ადამიანის გრგვინვა:
- აააააააააა!!!! უწმინდესოოოოოოოო!!! - იქიდანაც მორწმუნეთა
აზვირთებული ტალღა მოჰქროდა. ლიბერალებში, რომელსაც, ძირითადად, გაპუტული ქათმის მსგავსი
დამჭლევებული ინტელექტუალები და მანერული გეები შეადგენდნენ, საშინელი პანიკა ატყდა.
ვაჟკაცურად მოწინააღმდეგეს მხოლოდ ცისარტყელას დროშებით შეიარაღებული ლესბოსელები დახვდნენ.
დაჩიმ გეგას მოჰკიდა ხელი და მთაწმინდისკენ გაქცევა დააპირა, მაგრამ მართლმორწმუნეთა
ნაწილი აქედანაც დაესხა თავს ლიბერალებს. საშინელი ცემა-ტყეპა ატყდა. მართლმორწმუნენი
,,გადაგვარებულ თანამემამულეებს“ თავში ჯვრებს ურტყამდნენ, ჭინჭრებით სუსხავდნენ და
წაქცეულებს ფეხებით თელავდნენ. მკბენარებს რამდენიმე ლიბერალი დაეთრიათ და გამეტებით
ჰკბენდნენ. დაჩი საშინლად დაიბნა, ასეთი შიში კარგა ხანია, რაც არ უგრძნია. მაქსიმალურად
ცდილობდა, გეგა მხედველობის არიდან არ დაეკარგა. გეგაც საშინელმა შიშმა აიტანა. დაჩი
დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით, გივი გახარიას მოჰკრა თვალი, მისთვის განავლით სავსე
ურნა გადმოემხოთ თავზე და ამ თავზე ჩამოცმულ ურნაზე რკინის ჯოხებს უბათქუნებდნენ. იქით, მართლმადიდებელ მკბენარებს
ბატონი ლევანი წაეგდოთ ფეხქვეშ და გავეშებით ჰკბენდნენ. ბატონი ლევანი საწყალობლად
ჰყვიროდა, მაგრამ ვაი, რომ მხსნელი და მშველელი არავინ იყო. ერთ მომენტში დაჩიმ მოიხედა
და გეგა აღარსად იყო. კინაღამ გული გაუსკდა... ხან აქეთ ეცა, ხან იქით. დიდხანს ირბინა,
რამდენჯერმე თავშიც უთავაზეს, სისხლი წასკდა და თვალებში ჩაეღვარა. სახე ხელსახოცით
ძლივს მოიწმინდა. ირგვლივ საშინელი ღრიანცელი იდგა. ჯერ ვერაფერს ხედავდა, მაგრამ თვალები,
რომ კარგად ამოიწმინდა, ზუსტად რამდენიმე მეტრში დაინახა, რომ გეგა მართლმადიდებელ
მკბენარებს დაეჭირათ. ხუთი ქალი მაინც ჰკბენდა და ამ ქალებიდან ერთ-ერთში დაჩიმ ნინი
ამოიცნო. ნინი განსაკუთრებული გავეშებით იკბინებოდა. ალბათ ეს იყო ყველაზე საშინელი
მომენტი დაჩის ცხოვრებაში. ,,გეგააააა,“ - განწირული ხმით დაიღრიალა და მისკენ გაქანდა,
მაგრამ აქ ვიღაცის ძლიერი მკლავი ჩააფრინდა. დაჩი მოტრიალდა და ნაცნობი ლესბოსელი დაინახა.
,,გეგა დაკარგულია დაჩი, თავს უშველე, შენც თუ დაიღუპე, ასე ვერავის ვერაფერს უშველი,
წამოდი ჩვენთან ერთად, მთაწმინდისკენ გავარღვევთ მოწინააღმდეგის რიგებს... წამოდი!“
დაჩიმ გეგასკენ გაიხედა. ,,წადი, წადი, დაჩი!“ - განწირული ხმით უყვირა სისხლში მოსვრილმა
ძმისშვილმა. დაჩის ცრემლები წასკდა, შეტრიალდა და ნაცნობ ლესბოსელთან ერთად გაიქცა.
დროშებით, ხელჯოხებითა და ბანერებით შეიარაღებული ლესბოსელთა რაზმი მართლმადიდებელ
მკბენართა კორდონს დაუპირისპირდა. მკბენართა ამ ფლანგს თვით მაყვალა განდეგილი მეთაურობდა.
სასტიკი ხელჩართული ბრძოლის შემდეგ ლესბოსელთა ლეგიონმა მტრის რიგები გაარღვია და მთაწმინდისაკენ
გაიჭრა. ,,უკან ვიხევთ, უკან, მწყობრი უკანდახევა!“ - იძახდა რაზმის მოკლედ თმაშეკრეჭილი
მეთაური, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ქალი. მთაწმინდისაკენ გაჭრილ ლესბოსელთა რაზმს
რამდენიმე მართლმადიდებელი მკბენარი გამოედევნა, მაგრამ ლესბოსელებმა მდევარი მოიგერიეს
და, საბოლოოდ, როგორც იქნა, სამშვიდობოს გააღწიეს.
მეოთხე თავი
ყოველივე
იმ საშინელების მერე, რაც დაჩიმ გადაიტანა, დეპრესია გასაკვირი ნამდვილად არ იქნებოდა.
და დაჩისაც ეწვია ღრმა და ყოვლისმომცველი დეპრესია, რომელიც სიცოცხლის ყოველგვარ ხალისს
ახშობდა და სამყაროს მხოლოდ ნაცრისფრად ხატავდა.
მთელი დღეები ტახტზე ეგდო და რაღაც უაზრო თურქულ არხებს უყურებდა, არაფერი ესმოდა,
მაგრამ ეს მაინც საათობით მიშტერებოდა თურქული სერიალებით აჭრელებულ ტელეეკრანს. დეპრესია
კიდევ უფრო გაუღრმავდა, როცა ტელევიზორში, შემთხვევით, გეგას მოჰკრა თვალი. ერთ-ერთი
ყველაზე შავრაზმელი ეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონ განდონიანის, სტიქაროსნად მსახურობდა.
ის და სანდრო ერთად იდგნენ უშველებელი ჯვრებით ხელში და აღფრთოვანებულები შესცქეროდნენ
მეუფე სპირიდონს, მზად იყვნენ მის ერთ დაძახილზე ადამიანი შუაზე გაეგლიჯათ... დაჩის
აღარაფრის თავი ჰქონდა. მაგრამ ცხოვრება ხომ მშვენიერია, ადამიანს ერთმანეთზე უარეს
სიურპრიზებს უმზადებს. დაჩის ოჯახმა ჩამოაკითხა აგარაკიდან. თეა და ბავშვები სრულიად
გადასხვაფერებულიყვნენ. სახლში ლოცვით შემოვიდნენ, მერე ერთ-ერთ კუთხეში ხატები გააწყვეს
და მეტანიების კეთებას და ,,უფალო შეგვიწყალეს“ ლოცვას მოჰყვნენ. თეა ოცდაოთხი საათი
ეგნატე ბრიანჩანინოვისა და თეოფანე დაყუდებულის ციტატებით ლაპარაკობდა. ,,საერთოდ სხვანაირები
გახდნენ, - ფიქრობდა დაჩი, - არა, ეს ჩემი ცოლი ისევ ისეთი ყლექალაა, რაც იყო, უბრალოდ
ეხლა რელიგიურ ყლექალად იქცა.“ ყველაფერი აშკარა გახდა, როდესაც სანდროს ნაცნობმა უთხრა,
რომ მისი სიდედრი აგარაკზე მართლმადიდებელმა მკბენარებმა დაკბინეს და მერე ამ უკანასკნელმა
თეა და ბავშვები დაკბინა. ერთხელაც თეამ დაჩი მაგიდასთან დაისვა და გამოუცხადა ,,მე
ყველაფერი ვიცი, ვიცი რომ საყვარელი გყავდა, ამიტომ მრუშობით შებილწულ ქორწინებაში
მე ვერ ვიცხოვრებ, წადი, მოშორდი აქედანო.“ დაჩი იძულებული გახდა სახლიდან წასულიყო
და გლდანში ექირავებინა ბინა. ახლა იქიდან დადიოდა სამსახურში. ცოცხალი მძორივით დალასლასებდა.
დეპრესიამ თითქმის მთლიანად შთანთქა და თითქოს მხოლოდ მისი ლანდიღა დაეხეტებოდა. შვილები
ენატრებოდა საშინლად, მაგრამ თეა ნახვას უკრძალავდა. ,,ბიჭები მემრუშე მამისაგან უწმინდურობის
მაგალითს აიღებენო,“ და როდესაც დაჩი მათ სკოლასთან უსაფრდებოდა, ბავშვები დაინახავდნენ
თუ არა, გარბოდნენ. სამსახურიდან დაჩი ნინის სახლთან მიდიოდა ხოლმე. საათობით იჯდა
მახლობელ სკვერში და ნინის სართულს უყურებდა. ხანდახან ხედავდა ნინის, აივანზე სარეცხს
რომ ჰფენდა. ზაფხულის ცხელი ქარი უბერავდა და სარეცხი ფრიალებდა. ნინი იყო ისევ ისეთი
მშვიდი და მორწმუნე ქალი. ეროვნულ-სარწმუნოებრივ ძალებში ახლა მას გამორჩეული ადგილი
ეკავა და ,,წმინდა ქრისტეფორე ძაღლისთავიანის მართლმადიდებელ მკბენართა ერთობაში“ ერთ-ერთ
ყველაზე გამორჩეულ აქტივისტად ითვლებოდა. ხანდახან ძალიან მოუნდებოდა ხოლმე ნინის ნახვა,
ის იყო, უნდა აეკითხა სახლში, მაგრამ მერე გამბედაობა ჰღალატობდა.
თითქმის
მთელი ღამის განმავლობაში ქუჩებში დაეხეტებოდა. იყო რაღაც მისტიკური და ამოუცნობი ღამის
გლდანში. თითქოს ეს ქუჩები რაღაცის შესახებ მიანიშნებდნენ დაჩის, ამ სულიერად ჩამოშლილ
ღამეულ მგზავრს, მოჩვენებასავით რომ დაძრწოდა ღამის ქალაქში. ქარი უბერავდა და ფოთლებს
აშრიალებდა. დაჩი გარეგანათებების ყვითელი შუქით გასხივოსნებულ სკვერებში ჯდებოდა და
ფოთლების შრიალს უგდებდა ყურს. ამ ღამეული სეირნობებისას და ხანგრძლივი ფიქრისას გადაწყვიტა
ქალაქი მიეტოვებინა და სადმე მიყრუებულ სოფელში დასახლებულიყო. იცხოვრებდა იქ და როცა
იქნებოდა, იქვე ჩაძაღლდებოდა. მაგრამ ჰოი, მუხთალი საწუთრო, რაც ჩვენ გვსურს და რასაც
ვგეგმავთ, აღსრულება, რომ არ უწერია!
ერთ დღესაც,
სამსახურიდან მომავალი დაჩი, მართლმადიდებელ მკბენართა პროცესიას შეეჩეხა. ,,აუ, ამათ
აქაც მოუღწევიათო,“ - გაიფიქრა, თავი დახარა და პროცესიას გვერდი აუარა. უკვე ეგონა,
რომ სამშვიდობოს იყო, რომ უკნიდან ბავშვის ხმა შემოესმა.
- ვაიმე, ძია პანტელეიმონ! ეს ძია, ეხა რო ცაიალა, ვიცანი.
ტელევიზოლსი გამოდიოდა ურჯულო ლიბელასტების მხარდასაჭერად!
,,საიდან გავახსენდი ამ პატარა დედამოტყნულს!“ - დაჩის
ტანში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა.
- მეგობარო! -
დაუძახეს პროცესიდან, - აბა ერთი აქეთ მოიხედე უფლის სახელით!
- დიახ, რა გნებავთ?
- აქეთ მოიწით.
- საქმე თუ გაქვთ, თქვენ თვითონ მოიწიეთ.
- უფლის ნებას ნუ ეწინააღმდეგები, მოიწიე მეთქი რო გეუბნებიან.
- ერთი თქვენი დედაც მოვტყანო, - მიაძახა დაჩიმ და გაიქცა.
უკნიდან საშინელი ღრიალი შემოესმა:
- ააააააააა !!!! უწმინდესოოოოოო!!! - ორმოცი ადამიანი მაინც მოსდევდა. დაჩიმ რაღაც
მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით ირბინა და ეგონა, რომ სამშვიდობოს გააღწია. სადღაც დამალული
უყურებდა, როგორ ეძებდნენ მას მკბენარები. როცა მდევარი თვალს მიეფარა, დაჩიმ შვებით
ამოისუნთქა და შემოტრიალდა. შემოტრიალდა და სახტად დარჩა: მის წინ ის პატარა ბავშვი
იდგა ხატითა და ჯვრით ხელში. დაჩიმ ბავშვს
დაფეთებული მზერა შეავლო და პატარამ მთელ ხმაზე იწივლა:
- უჭმინდესოოოოოოო!!!!
რა თქმა
უნდა, ამის გაგონებაზე დაჩის ყველა მდევარი იქ გაჩნდა. დაჩიმ უკვე იცოდა, რომ ვეღარ
გადარჩებოდა და სანამ მდევარი საკბენად დაესეოდა, მთელ ხმაზე იღრიალა:
- ძირს მეფე! გაუმარჯოს თავისუფლებას! გაუმარჯოს რესპუბლიკას!
- მისი ხმა მართლმადიდებელ მკბენართა ღრიანცელში ჩაიკარგა.
.
. . .
. . .
. . .
.
პალატის კარი
გაიღო და ღია კარში ზურა გამოჩნდა.
- რას შვები, შე ჩემა? რა ხდება ქვეყანაზე, შენ კიდე
წევხარ ამ პალატაში.
- შენ ესპანეთში არ უნდა იყო დასასვენებლად? - ჰკითხა
დაჩიმ.
- ჩამოვედი ბიჭო, გავიგე დაჩის რაღაც დაემართაო, ჰოდა,
ლამის პირდაპირ ესპანეთიდან მოგაკითხე, აგერ რაღაცეებიც მოგიტანე.. ნახე, შე ჩემა,
რა მაისური ჩამოგიტანე.
- ეჰ, ამქვეყნიურ ამაოებას გამოჰკიდებიხარ, ჩემო ძმაო,
- მიუგო დაჩიმ.
- რას ბოდავ ბიჭო, რა ამქვეყნიურ ამაოებას?
- საზრდელი და შესამოსელი არაა მნიშვნელოვანი, ძმაო,
- უთხრა დაჩიმ და პულტით ტელევიზორი ჩართო. ეკრანზე ტელევიზია ,,ერთმორწმუნოების“ რომელიღაც
გადაცემა გამოჩნდა.
- შენ ტვინის შერყევა ხომ არ მიიღე, შე ჩემა? რამ დაგაყლევა,
რა ფრაზებით მებაზრები, ტო?
- ძალიან გთხოვ, ბილწსიტყვაობა არ გინდა ჩემთან.
- რა ბილწსიტყვაობა? რა ენაზე ლაპარაკობ?
- არ გინდა ჩემს მოძღვართან მიგიყვანო? მეუფე სპირიდონი
ხომ იცი?
- რა სპირიდონი, ეხლა არ გადამიყვანო ჭკუიდან, - ზურამ
საჩუქრები ლოგინზე, დაჩის ფეხებთან დააწყო და დაჩის სასთუმალთან მიუჯდა და ხმადაბლა
ჩასჩურჩულა, - ბიჭო, ჰო, ვხვდები, ამათ დასანახად სიაფანდობ, მარა ჩემთან რად გინდა
ეგ არტისტობა?
- არტისტობა ჯოჯოხეთში ვერ გიშველის, ზური, ჩემო ქრისტესმიერო
ძმაო!
- ვაახ, ბიჭოო...
- რა არ მოგწონს? ნუთუ არ მოგწონს, რომ ადამიანი მაცხოვრისა
და მართლმორწმუნეობის გზას შეუდგება. მეც მაქ შენთვის საჩუქარი, - დაჩიმ პატრიარქის
ხატი ამოიღო, რომელზეც ეწერა: ,,პატრიარქი საქართველოს მფარველი წმინდანი და ღმერთია“,
და ზურას გაუწოდა.
- ბიჭო, მაგრად მაშინ უკვე, შე ჩემა...
- რა გაშინებს, მართლმორწმუნე აღმსარებელ-მაზიარებლად
რომ ვიქეცი, ის გაშინებს? ესე იგი შენ ეშმაკეული ყოფილხარ, - ,,ერთმორწმუნეობაზე“ გადაცემა
,,ჟამი სიმართლისა“ დაიწყო. წამყვანებს დავით კოპალიანსა და გიორგი ავალიანს ეთერში
სხვადასხვანაირი პრეზერვატივები მოეტანათ და ამ ნივთების ,,უშჯულო წარმომავლობაზე“
მსჯელობდნენ. დავით კოპალიანი ამტკიცებდა, რომ პრეზერვატივები თავის დროზე სპეციალურად
ქართველი ერის გამრავლების შესაჩერებლად გამოიგონეს. დაჩის თითქოს გადაავიწყდა ზურას
პალატაში ყოფნა, გადაცემას თვალს ინტერესით ადევნებდა.
- შენ მართლა დაყლევებულხარ, ძმაო, - დაასკვნა ზურამ.
- ბილწსიტყვაობა არ გინდა მეთქი.
- რავი, იმედი მაქ, რო გამოგწერენ, უკვე ჭკუაზე იქნები.
- მე კი იმედი მაქ, მე რო გამომწერენ, შენ მეუფე სპირიდონის
მრევლში იქნები.
ზურა ცოტა ხანს ჩუმად იყო. მერე წამოდგა.
- კაი, წავედი მე, საჩუქრები აგერაა.
- მაიცა, ზურა!
- რა იყო?
- მომიახლოვდი, გადაგეხვიო, ამდენი ხანი არ მინახავხარ.
ზურად
დაჩის სურვილი ეუცნაურა, მაგრამ მეგობარს ხათრი ვერ გაუტეხა და გადასახვევად გაიწია.
ამ დროს დაჩი წამოვარდა, ზურას მკლავში ჩააფრინდა და რამდენიმეჯერ უკბინა. ზურამ ღრიალი
მორთო და პალატიდან დასისხლიანებული მკლავით დერეფანში გავარდა. მისი გინება და ყვირილი,
ერთხანს, არღვევდა საავადმყოფოს მყუდროებას. მერე ხმაური მიწყდა. პალატაში ექთანი შემოვარდა,
,,რა მოხდაო,“ - იკითხა შეშფოთებულმა. ,,არაფერიო“ - უპასუხა დაჩიმ, გაიკრიჭა და პალატაში
შემოსულ ექთანს თეთრი, სისხლიანი კბილები შეანათა. პალატაში ჩამოწოლილ სიჩუმეში ტელევიზორის
ჩაწეული ხმა ისმოდა. წამყვანები დავით კოპალიანი და გიორგი ავალიანი ვარდისფერი პრეზერვატივის
მავნებლობას განიხილავდნენ და მისი აკრძალვის აუცილებლობაზე მსჯელობდნენ, თუმცა წამყვანთა აზრი აქაც იყოფოდა. ბატონი დავითი ყველაზე
სახიფათოდ ვარდისფერ პრეზერვატივებს მიიჩნევდა, ხოლო ბატონი გიორგი - ლურჯებს. თანაწამყვანები
შესაბამისი არგუმენტთა მოშველიებით კამათობდნენ. პალატაში სიმყუდროვემ დაისადგურა.
მხოლოდ წამყვანთა ხმა და ჩიტების ჭიკჭიკი არღვევდა ზაფხულის მშვენიერი დღის სიჩუმეს.
თბილისი
2019 წლის ივნისი
No comments:
Post a Comment