ალბათ, რთულია საქართველოს ისტორიის სხვა ისეთი საკითხის
მონახვა, რომელიც იმდენ დაბნეულობასა და გაუგებრობას იწვევდეს, როგორც საქართველოს
ეკლესიის ავტოკეფალია (და ზოგადად, კანონიკური სტატუსი) გვიანანტიკურ ხანასა და ადრეულ
შუა საუკუნეებში. რატომ იქცა ეს პრობლემა ასეთ თავის ტკივილად ქართველი თუ არაქართველი
ისტორიკოსებისა თუ თეოლოგებისთვის? მიზეზი რამდენიმეა: უპირველეს ყოვლისა, წყაროთა
სიმწირე და წინააღმდეგობრივი ხასიათი. ეს ბევრ მკვლევარს სერიოზულად აბნევს და შეხედულებათა
საოცარ სიჭრელეს იწვევს. თან საკითხი ძალიან სპეციფიკურია და მხოლოდ ისტორიკოსის ცოდნა
მის გადასაჭრელად არ კმარა. მეორე მიზეზი საბჭოური მიდგომაა. საბჭოთა იდეოლოგია საეკლესიო
საკითხების (და კიდევ ბევრი სხვა პრობლემის) შესწავლას აფერხებდა. ამის ნათელსაყოფად
ერთი მაგალითიც კი კმარა: ქართველ ისტორიკოსებს შორის გავრცელებული „ზეპირი გადმოცემის“
თანახმად, ისტორიის ინსტიტუტში სხვადასხვა თემის გადანაწილებისას დიდი ქართველი ისტორიკოსი
ნიკო ბერძენიშვილი ყოველთვის აწყდებოდა ერთ სერიოზულ პრობლემას. როგორ და რანაირად
შეეფუთა (ანუ როგორ გაეფორმებინა) სამუშაო თემა ახალგაზრდა ისტორიკოსის ‒
ბაბილინა ლომინაძისთვის. ბაბილინა ლომინაძის საკვლევი თემა საქართველოს ეკლესიის ისტორია
იყო. ასე, აშკარად, საეკლესიო საკითხებზე მუშაობა მეოცე საუკუნის პირველ ნახევარსა
და შუა ხანებში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ბუნებრივია, ამ ფაქტორმა საქართველოს
საეკლესიო ისტორიის სათანადო დონის კვლევა შეაფერხა. მესამე მიზეზი ქართული ისტორიოგრაფიის
მეთოდოლოგიური სიღატაკეა. ტოტალიტარულმა იდეოლოგიამ სერიოზულად დააზიანა ქართული ისტორიული
აზრი და გამოიწვია იდეოლოგიური ვაკუუმი. ქართული ისტორიოგრაფია მნიშვნელოვნად ჩამორჩა
დასავლურ სტანდარტებს. ინტერდისციპლინური მიდგომის არარსებობის გამო, დღესაც ბევრს
ჰგონია, რომ ქართლის ცხოვრება ისტორიკოსების საკვლევი ტექსტია, ვეფხისტყაოსანი კი ‒
ფილოლოგების. მორიგი პრობლემაა საქართველოს ისტორიის ამა თუ იმ საკითხის ზოგადი კონტექსტის
უგულებელყოფა ან მოკლედ მიმოხილვა. ქართველმა ისტორიკოსებმა ისე მოჰკიდეს საქართველოს
ეკლესიის კანონიკურ სტატუსთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლას ხელი, რომ დიდად
არც შეუწუხებიათ თავი ამ დიდი კონტექსტის განხილვით. არადა, საჭირო და აუცილებელზე
აუცილებელი იყო ჯერ საეკლესიო იერარქიის წარმოშობა განეხილათ, მერე კანონიკური სამართალი
შეესწავლათ, შემდეგ ბიზანტიის საეკლესიო მოწყობაში გარკვეულიყვნენ, ამის შემდეგ ტერმინთა
ისტორია ეკვლიათ და ა.შ. და ა.შ. ამის მაგივრად, ჩვენი მეცნიერები კმაყოფილდებოდნენ
იმით, თუ რა უთხრა ვახტანგ გორგასალს მიქაელ მთავარეპისკოპოსმა, მერე მან რა უპასუხა,
შემდეგ ვახტანგი როგორ მოიქცა და ა.შ.[i] მოკლედ, შედეგად გვაქვს ქართლის
ცხოვრებაში მოთხრობილი ამბების სტანდარტული გადამღერება. რა თქმა უნდა, მე იმის
თქმა არ მინდა, რომ ამ კუთხით საერთოდ არაფერი არ გაკეთებულა. ამ მიმართულებით რამდენიმე
სერიოზული კვლევაც ჩატარდა და მეტიც, დღეს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ მდგომარეობასთან
დაკავშირებით ახალი კვლევებიც გვაქვს.[ii]
მე
ამ პოპულარულ სტატიაში ძალიან მოკლედ (და, შეძლებისდაგვარად, გასაგებად) შევეცდები
ავხსნა, რას ნიშნავდა ავტოკეფალია გვიანანტიკურ ეპოქაში, რატომ არის მითი ვახტანგ გორგასლის მიერ ანტიოქიის ეკლესიისაგან
ავტოკეფალიის მოპოვება და რომელ ადგილობრივ ეკლესიებთან ჰქონდა ყველაზე ახლო კავშირი
იბერიის ეკლესიას. სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის გამო მრავალრიცხოვანი წყაროებისა
და სამეცნიერო ლიტერატურის დამოწმებით არ გადამიტვირთავს. ვისაც საკითხი უფრო ვრცლად
დააინტერესებს, შეუძლია ჩემი ინგლისურ ენაზე დაწერილი გამოკვლევა იხილოს, რომელშიც
შესაბამისი წყაროები და ლიტერატურა დამოწმებული მაქვს.[iii]
დღევანდელ
მეცნიერებაში სადავო აღარ არის, რომ ქრისტე ისტორიული პიროვნება იყო.[iv] მისმა ქადაგებამ ჩაუყარა საფუძველი
ახალ მიმდინარეობას იუდაიზმში. ეს ახალი მიმდინარეობა მალევე იქცა დამოუკიდებელ რელიგიად.
ბუნებრივია, ამ ახალ რელიგიასაც ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა (უნდა ჰქონოდა, სხვანაირად
ვერც გავრცელდებოდა და არც იქნებოდა ეფექტური). საეკლესიო იერარქიის წარმოშობა დღემდე
ბურუსითაა მოცული. მეცნიერები დავობენ იმის შესახებ, თუ რას ნიშნავდა ადრეულ ქრისტიანობაში
ისეთი ტერმინები, როგორებიცაა ეპისკოპოსი,
პრესვიტერი და დიაკვანი. ასეა თუ ისე, პირველი საუკუნის მიწურულს ქრისტიანული ეკლესიის
იერარქია უკვე ჩამოყალიბებული სახით გვაქვს. შედეგად მივიღეთ ქალაქად (უფრო იშვიათად,
სოფლად) არსებული ქრისტიანული თემი ‒ სხვადასხვა სოციალური
ფენის, ეთნოსისა და პროფესიის ქალები და მამაკაცები, რომლებსაც სახარების რწმენა აერთიანებდათ.
თემის ცენტრში იდგა ეპისკოპოსი ‒ ადამიანი, რომელსაც ქრისტიანთა სულიერ მდგომარეობაზე
მეთვალყურეობა ევალებოდა. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ეს თემი ერთმანეთისგან
დამოუკიდებელი იყო.
მაგრამ
გამოხდა ხანი. მოგეხსენებათ, სამი საუკუნე ისტორიისთვისაც კი დიდი დროა. ამ სამი საუკუნის
განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ქრისტიანობა უზარმაზარ ტერიტორიაზე გავრცელდა. მოხეტიალე
ებრაელმა მქადაგებლებმა, რომლებსაც ჩვენ მოციქულებად ვიცნობთ, ახალი სიტყვა პალესტინის
უდაბური ადგილებიდან და გალილეის ტბის ნაპირებიდან ხმელთაშუა ზღვის სხვა სანაპიროებზეც
გაავრცელეს. მათი საქმე მათმა მოწაფეებმა გააგრძელეს. ქრისტიანობა გავრცელდა მცირე
აზიაში, საბერძნეთში, იტალიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. მეორე საუკუნისთვის ქრისტიანობამ
რომის იმპერიის საზღვრებიდან სპარსეთის იმპერიის ტერიტორიაზეც შეაღწია. II-III საუკუნეებში ღვთის სიტყვა გავრცელდა
შავი ზღვის სანაპიროებზეც.[v] ბუნებრივია, მზარდ რელიგიას
ვეღარ ექნებოდა ისეთი იერარქიული მოწყობა, როგორიც პალესტინასა და ასურეთში ჰქონდა
პირველი საუკუნის შუა ხანებსა და მეორე ნახევარში. დროთა განმავლობაში ზოგიერთმა ეპისკოპოსმა
უფრო დიდი ავტორიტეტი და გავლენა მოიპოვა. ზოგიერთმა ეს მოვლენა შეიძლება შეაფასოს,
როგორც ძალაუფლების მიტაცება, მაგრამ ეს ზედმეტად ზედაპირული შეფასება იქნება. ქრისტიანთა
რიცხვის ზრდამ და თემების გამრავლებამ რამდენიმე უმაღლესი ავტორიტეტის გაჩენა გამოიწვია.
სხვანაირად წესრიგის დაცვა ეკლესიის სხეულში წარმოუდგენელი იქნებოდა. სწორედ ასე მოიპოვეს
დიდი გავლენა ისეთმა დიდმა საეკლესიო ცენტრებმა, როგორებიც იყო რომი, ალექსანდრია და
ანტიოქია. ვფიქრობ, მკითხველს არ გაუჭირდება მიხვედრა თუ რატომ მოიპოვეს სწორედ ამ
კათედრებმა ყველაზე დიდი გავლენა. პასუხი მარტივია: ეს სამი ქალაქი იმპერიის ყველაზე
დიდ ცენტრებს წარმოადგენდა. რომის იმპერიის მოსახლეობა ამ ქალაქებში ჩადიოდა სხვადასხვა
საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო საქმეების გასარჩევად, რელიგიური თაყვანისცემისა
თუ ეკონომიკური საქმიანობისთვის. ანტიკური ეპოქის ამ დიდ ქალაქთა კარიბჭეებში ხალხის
ნაკადი უწყვეტად მიედინებოდა. ამ ქალაქთა ფართო და ხმაურიან ქუჩებში ხშირად წყდებოდა
იმპერიის ბედი. აქ იღებდნენ ფილოსოფოსთა და ღვთისმეტყველთა თაობები განათლებას და,
უპირველეს ყოვლისა, სწორედ აქ ისახებოდა ახალი რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობები.
ბუნებრივია, გამონაკლისი არც ქრისტიანები იყვნენ. ვინაიდან და რადგანაც რომის, ალექსანდრიისა
და ანტიოქიის ეპისკოპოსები ახლოს იყვნენ იმპერიის დიდმოხელეებთან, მეთაურობდნენ ყველაზე
მრავალრიცხოვან თემებსა და ხშირად განათლებითა და ინტელექტითაც გამოირჩეოდნენ (რაც
ეგზომ საპასუხისმგებლო საქმისთვის აუცილებელიც იყო), მათი როლი იმთავითვე მნიშვნელოვნად
იქცა ეკლესიის ცხოვრებაში. ჯერ კიდევ ეგნატე ანტიოქიელი, იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე,
იწოდება ასურეთის ეპისკოპოსად, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ წმ. ეგნატე თავის
ავტორიტეტს არა მხოლოდ ანტიოქიაზე, არამედ მთელ ასურეთზეც ავრცელებდა (უკვე მეორე საუკუნის
დასაწყისში).
მაშ ასე, ზემოხსენებული მიზეზების გამო, რომმა საკუთარი
გავლენა გაავრცელა მთელ იტალიაზე (უფრო მოგვიანებით, საერთოდ, მთელ დასავლეთ, ცენტრალურ
და ჩრდილოეთ ევროპაზე), ალექსანდრიამ ლიბიასა და ეგვიპტეზე, ხოლო ანტიოქიამ ასურეთზე.
ამ მხარეთა ეპისკოპოსები სწორედ რომს, ალექსანდრიასა და ანტიოქიას მიმართავდნენ რიგ
პრობლემათა გადასაჭრელად. ამ დიდ ქალაქთა ეპისკოპოსები გამოდიოდნენ საეკლესიო ცხოვრების
უმაღლეს არბიტრებად და ავტორიტეტებად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ეკლესიის ნორმალური
ცხოვრებისათვის აუცილებლობას წარმოადგენდა. სხვანაირად ეკლესია ქაოსსა და ანარქიას
მიიღებდა. სახარება კი საერთოდ არ ქადაგებს არც ქაოსს და არც ანარქიას.
ადამიანები
რომლებიც არ არიან ეკლესიის ისტორიასა და ღვთისმეტყველებაში მაინცდამაინც გათვითცნობიერებულნი
(ან უარესი, საეკლესიო საკითხებში სრული და აგრესიული უვიცობით გამოირჩევიან), ხშირად
ლანძღავენ ნიკეის კრებას (325 წელი). მათი აზრით, ნიკეის კრებამ თავდაპირველი, უბრალო
ქრისტიანობა მოსპო, ეკლესია გარყვნა, დაუქვემდებარა სახელმწიფო ძალაუფლებას, შემოიღო
რაღაც ახალი ტიპის ქრისტიანობა და ა.შ. მე ისიც კი მომისმენია, ნიკეის კრებაზე თურმე
იმასაც კი განიხილავდნენ, ქალი ნამდვილად იყო თუ არა ადამიანი (ამას ერთი აღმოსავლეთმცოდნე
აცხადებდა დიდი რიხით ერთ-ერთ გადაცემაში). ბუნებრივია, ეს ყოველივე პრიმიტიულ საბჭოთა
პროპაგანდას უფრო შეეფერება, ვიდრე ნამდვილ სამეცნიერო აზრს. სინამდვილეში ნიკეის კრებამ,
ძირითადად, ეკლესიაში უკვე კარგა ხანს არსებული წეს-ჩვეულებები და მდგომარეობა დაამტკიცა.
მეტიც, მის მიერ მიღებული მრწამსიც კი არ ყოფილა რაიმე განსაკუთრებული სიახლე (ეს მრწამსი
ადრეულ ქრისტიანულ მრწამსს დაეფუძნა). ნიკეის ერთ-ერთი კანონი სწორედ ეკლესიის იერარქიას
შეეხება. კრებამ დაამტკიცა რომის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის უფლებები მათ გარშემო
არსებულ ტერიტორიებზე. ეს სიახლე კი არა, უკვე კარგა ხნის ფაქტი იყო და ნიკეის კრებამ
უბრალოდ აღიარა ეს ფაქტი და საყოველთაო კანონის სტატუსი მიანიჭა მას.[vi]
ცხადია,
ქრისტიანობის ლეგალური სტატუსი და სახელმწიფოსთან დაახლოება უკვალოდ ვერ ჩაივლიდა.
დიოკლიტიანეს რეფორმების შედეგად იმპერიის ადმინისტრაციული მოწყობა შეიცვალა. იმპერიის
ძირითად ადმინისტრაციულ ერთეულად პროვინცია იქცა. სიადვილისა და მოხერხებულობისათვის
საეკლესიო დაყოფა სწორედ საერო დაყოფას მიჰყვებოდა (ესეც სრულიად ლოგიკური და გასაგებია).
იმპერიის თითოეული პროვინციაში არსებობდა ქრისტიანული თემი და ეს ქრისტიანული თემი
ემორჩილებოდა უმაღლესი ავტორიტეტის მქონე ეპისკოპოსს ‒
მიტროპოლიტს. ეს წოდება მომდინარეობს მეტროპოლისიდან, ანუ პროვინციის დედაქალაქიდან.
რომის იმპერიაში პროვინციის მთავარი ქალაქი „მიტროპოლიად“ მოიხსენიებოდა და, შესაბამისად, მისი ეპისკოპოსი
‒ მიტროპოლიტად და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საკითხისათვის:
თითოეული პროვინციის ქრისტიანულ თემს ჰქონდა საეკლესიო დამოუკიდებლობა.
აი, ახლა მთავარი შეკითხვა: რას ნიშნავდა ამ ეპოქაში
ავტოკეფალია? ერთი რამ ცხადია: იმას სულაც არ ნიშნავდა, რასაც დღეს ნიშნავს და ჩვენს
ისტორიკოსებს რაც ეგონათ და ჰგონიათ დღემდე. დღეს ავტოკეფალია რომელიმე ადგილობრივი
ეკლესიის (საბერძნეთი, ბულგარეთი, საქართველო და ა.შ.) საეკლესიო დამოუკიდებლობას ნიშნავს,
მაგრამ ძველად, იმ ეპოქაში, როდესაც მსოფლიო საეკლესიო კრებები იმართებოდა, ავტოკეფალიური საყდარი
ნიშნავდა იმ საეპისკოპოსო კათედრას, რომელიც თავისი, ადგილობრივი მიტროპოლიტის გვერდის
ავლით პირდაპირ კონსტანტინოპოლის პატრიარქს ემორჩილებოდა. რატომ არ ჰქონდა ავტოკეფალიას
ის მნიშვნელობა, რაც დღეს? გავიმეორებ კიდევ ერთხელ: იმიტომ, რომ რომის იმპერიაში და
სხვაგანაც თითოეული პროვინციის ეკლესია ავტოკეფალიური, ანუ დამოუკიდებელი იყო. ასეთივე
დამოუკიდებლობა ჰქონდათ იმპერიის გარეთ არსებულ ეკლესიებს, მაგალითად, კელტურ და სპარსულ
ეკლესიებს, ანუ ეს ეკლესიები არ ემორჩილებოდნენ სხვა რომელიმე დიდ ეკლესიას. ისინი
დამოუკიდებელნი იყვნენ, ე. ი. იმ დროის ქრისტიანული სამყარო ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი
ქრისტიანული თემებისაგან შედგებოდა. დღევანდელი გაგებით, ყველა ამ ქრისტიანულ თემს
ავტოკეფალია ჰქონდა და არავისგან არ საჭიროებდა ავტოკეფალიის მიღებას, რამეთუ ეს საეკლესიო
დამოუკიდებლობა მათ ყოველთვის გააჩნდათ.
მაგრამ
ყველაფერი იცვლება და არც საეკლესიო მოწყობა დარჩენილა უცვლელი. რომის იმპერიაში სრულიად
ახალი და სრულიად ბუნებრივი მოვლენა დაიწყო ‒
ცენტრალიზაციის პროცესი. რომმა, ახლად ჩამოყალიბებულა კონსტანტინოპოლმა, ალექსანდრიამ
და ასევე ხელახლა წამოწეულმა იერუსალიმმა საკუთარი გავლენის გავრცელება მოისურვეს მთელი
იმპერიის მასშტაბით, ანუ ამ დიდმა საეკლესიო კათედრებმა დაიწყეს შედარებით მცირე ან
ნაკლები გავლენის მქონე ეკლესიების „შთანთქმა“. ბუნებრივია, ერთი შეხედვით, ესეც უარყოფითი
პროცესია. სინამდვილეში კი არც ეს მოვლენა ყოფილა ისტორიულ ლოგიკას მოკლებული. ცენტრალიზაცია
და ავტოკეფალიური ეკლესიების გაქრობა ეკლესიის ცხოვრების ისტორიულმა საჭიროებამ მოიტანა.
მაგალითად, დღევანდელ ბალკანეთსა და თურქეთში ძალიან მნიშვნელოვანი საეკლესიო პროვინციები
არსებობდა: თრაკია, ასია და პონტო. ეს ეკლესიები ავტოკეფალიურნი იყვნენ, მაგრამ უკვე
მეოთხე საუკუნის ბოლოს კონსტანტინოპოლის ეკლესიამ ძალზე აქტიური ჩარევა დაიწყო მათ
ცხოვრებაში. მაგალითად, იოანე ოქროპირი ისე ერეოდა ამ თემთა საეკლესიო ცხოვრებაში,
რომ რეალურად არც ჰქონდა ამის უფლება, მაგრამ რადგანაც კონსტანტინოპოლი დედაქალაქი
იყო, თრაკიის, პონტოსა და ასიის ეპისკოპოსები, ერთმანეთთან უთანხმოების შემთხვევაში
მაშინვე დედაქალაქში გარბოდნენ და კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსს მიმართავდნენ.
იგივე ტენდენციით ხასიათდებოდა ალექსანდრიაც, რომლის ძალაუფლებას ეგვიპტესა და ლიბიაში
ისედაც არავინ აყენებდა ეჭვქვეშ. ანტიოქია, საერთოდ, მთელი აღმოსავლეთის დიოცეზზე აცხადებდა
პრეტენზიას. ანტიოქიის ეპისკოპოსებმა კვიპროსის ეკლესიაზეც მოისურვეს თავიანთი იურისდიქციის
გავრცელება. კვიპროსის ეკლესია უძველესი დროიდანვე ავტოკეფალიური იყო, ამიტომაც ეფესოს
კრებამ (431 წელი) დაიცვა ამ ეკლესიის დამოუკიდებლობა.
საბოლოო ჯამში, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში
ჩამოყალიბდა ბიზანტიური საეკლესიო მოწყობის ძალიან ცნობილი კონცეპტი: პენტარქია, ანუ
ხუთის მმართველობა. ამ თეორიის თანახმად, მთელი ქრისტიანული სამყარო (რომის იმპერია
როგორც მინიმუმ) გადანაწილებული უნდა ყოფილიყო ხუთ დიდ საპატრიარქოს შორის: რომის,
კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის. ბუნებრივია, ამ თეორიას
არაფერი საერთო თავდაპირველ ქრისტიანულ მოწყობასთან არ ჰქონდა. პენტარქია ქრისტიანული
სამყაროს მოწყობის ბიზანტიური აღქმაა. ბუნებრივია, ტენდენციური და იმპერიულ ინტერესებზე
მორგებული.
ახლა
ვნახოთ, თუ როგორი იყო ქართლის ეკლესიის კანონიკური მდგომარეობა? მეოთხე საუკუნის
30-იან წლებში ქართლი ქრისტიანობაზე მოექცა. მეოცე საუკუნის დასაწყისიდანვე აქ რატომღაც
ბევრს აეკვიატა კითხვა: ვის ემორჩილებოდა ქართლის ეკლესია (ანუ, მეცნიერთა გადმოსახედიდან,
მაინცდამაინც ვინმეს უნდა დამორჩილებოდა)? ცხადია, კითხვის ასე დასმა, იმ ეპოქის გათვალისწინებით,
როდესაც ყველა საეკლესიო თემი ავტოკეფალიური იყო, ანაქრონიზმია. არც არავის არ ემორჩილებოდა,
რადგან მეოთხე საუკუნის დასაწყისში არც იყო ამის აუცილებლობა. დღევანდელი კვლევების
მონაცემების გათვალისწინებით, ქართლის ანტიოქიისადმი მორჩილების თეორია, შეგვიძლია
ვთქვათ, რომ ბიზანტიელი ავტორების მდიდარი ფანტაზიის ნაყოფია (რასაც ზოგიერთი ქართველიც
ეთანხმებოდა და ეთანხმება). ეს ცნობები პირველად მეთერთმეტე საუკუნის ბიზანტიელი ავტორის,
ანტიოქიის მახლობლად მოღვაწე ბერის, ნიკონ შავმთელის, თხზულებაში გვხვდება (რომელიც
ვითომ ადრე არსებულ, ძალზე საეჭვო ღირებულების წყაროს ე.წ. ანტიოქიურ ქრონოგრაფს ეყრდნობა).
ნიკონ შავმთელის ცნობებს, სამწუხაროდ, უკრიტიკოდ იმეორებს ეფრემ მცირე. შეიძლება არაისტორიკოსისათვის
ჩვეულებრივია,ყველაფერს უკრიტიკოდ ენდოს, მაგრამ ნორმალური ისტორიკოსისთვის მეთერთმეტე
საუკუნის დოკუმენტით მეოთხე საუკუნის (ანუ შვიდასი წლის წინანდელ) ამბებზე მსჯელობა,
მსუბუქად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. მით უმეტეს, გვიანდელი ავტორები სწორედ ამ პენტარქიის
პრიზმიდან უყურებენ ყველაფერს. დღეს ჩვენ რუსებს ვუყენებთ ტენდენციურობის ბრალდებას.
ეს ასეცაა, რადგან რუსეთის ეკლესიამ იმპერიული იდეოლოგიით დაამახინჯა ქრისტიანობა,
მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნაკლები ტენდენციურობით არც ბიზანტიელები გამოირჩეოდნენ.
ბერძნული (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა) წყაროების უკრიტიკო ნდობა მხოლოდ მკვლევრის
არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს. ბიზანტიელი ავტორები იშვიათად მოქმედებდნენ უანგარო
ქრისტესმიერი გრძნობებით. მათ ჰქონდათ თავიანთი მოტივაცია, ფინანსური და პოლიტიკური
დაინტერესება და ამ ინტერესების შესაბამისად ამახინჯებდნენ ისტორიულ წარსულს (ისევე
როგორც რუსები).
ბუნებრივია, ანტიოქიის ეკლესია შეპყრობილი იყო ამ თეორიით.
ანტიოქიის პატრიარქები ყველას უმტკიცებდნენ თავიანთ ავტორიტეტს, მნიშვნელობა არ ჰქონდა,
ემორჩილებოდა თუ არა ესა თუ ის ეკლესია მათ წარსულში. ანტიოქიელების (და ზოგადად ბიზანტიელი
იერარქების) მოტივი ძალიან ცხადი იყო: ფული და ძალაუფლება. მეთერთმეტე საუკუნეში (დაახლოებით
1055 წელს გამართული კამათისას) ანტიოქიის პატრიარქი პეტრე გიორგი ათონელს უმტკიცებდა,
საქართველო ანტიოქიას უნდა ემორჩილებოდეს და ჩვენი იურისდიქციის გარეთ რატომ ხართო.
გიორგი ათონელისთვის ქართლის ანტიოქიისადმი მორჩილება, საერთოდ, უცხო რამ იყო. კამათში
მან მოციქულ ანდრიას მიმოსვლაზე დაყრდნობით ანტიოქიის პატრიარქის პრეტენზიები
მოიგერია. დიდი ალბათობით, ამ კამათს გულისხმობდა მეთორმეტე საუკუნის ანტიოქიის პატრიარქი
თეოდორე ბალსამონი (ცნობილი ბიზანტიელი კანონისტი), რომელიც აცხადებდა, რომ ანტიოქიამ
იბერიას პატრიარქ პეტრეს დროს მიანიჭა ავტოკეფალიაო (თეოდორე ბალსამონმა პატრიარქ პეტრესა
და გიორგი ათონელის შორის მომხდარი კამათი ასე გაიგო, თავისებურად. უფრო სწორად, როგორც
ხელს აძლევდა, ისე გაიგო, თითქოს ანტიოქიის პატრიარქმა საქართველოს ეკლესიას დამოუკიდებლობა
„უწყალობა“. სინამდვილეში ეს ამბავი საერთოდ არ მომხდარა. გიორგი ათონელმა დაიცვა საქართველოს
ეკლესიის დამოუკიდებლობა, რომელიც მანამდე საქართველოს უკვე ჰქონდა და ანტიოქიისაგან
ამგვარ წყალობას არც საჭიროებდა). ანტიოქიის პატრიარქებს არც მერე დაუკლიათ ცდანი საქართველოს
ეკლესიის საქმეებში უკითხავად ჩარეულიყვნენ, იქნებოდა ეს მეთხუთმეტე საუკუნე თუ მეჩვიდმეტე.
არადა, გვიანანტიკური ეპოქისა და ადრეული შუა საუკუნეების არცერთი წყარო არ ადასტურებს
ქართლის ანტიოქიისადმი მორჩილებას. შემორჩენილია მეექვსე საუკუნით დათარიღებული სია
იმ ეპისკოპოსებისა, რომლებიც ანტიოქიას ემორჩილებოდნენ ორი ბერძნული და ერთი უძველესი
ასურული რედაქციით. ამ სიაში იბერიის ეკლესიის ხსენებაც კი არაა. ასევე შემორჩენილია
ცნობილი მიაფიზიტი ეპისკოპოსისთვის, მარუთა მაიფერკატელისთვის, ანტიოქიის მიაფიზიტი
პატრიარქის, იოანეს, მიერ გაგზავნილი წერილი, რომელშიც პატრიარქი მარუთას ატყობინებს,
რომ სელევკია-ქტეზიფონის პატრიარქ ბაბაის მკვლელობამდე (ანუ 484 წლამდე) სპარსეთის,
სომხეთისა და ქართლის ეკლესიები ჩვენს ეკლესიას, ანუ ანტიოქიას ემორჩილებოდაო (სინამდვილეში
484 (ან 481) წელს დაიღუპა კათალიკოსი ბაბოე და არა ბაბაი[vii]). საინტერესოა, რომ პატრიარქი
ამ წერილში თან სიმართლესაც წერს და თან იტყუება. სიმართლეს წერს იმიტომ, რომ აღიარებს,
წერილს მიწერის დროს, ანუ მეშვიდე საუკუნის 30-40-იან წლებში ქართლის ეკლესია ანტიოქიას
არ ემორჩილება. ამას პატრიარქი იოანე, როგორც ფაქტს, ისე აღწერს, მაგრამ პატრიარქი
იტყუება, როდესაც ანტიოქიისადმი ამ ეკლესიათა მორჩილებაზე წერს, რადგან ცნობილია, რომ
სპარსეთისა და სომხეთის ეკლესიები არასდროს ყოფილან ანტიოქიის იურისდიქციის ქვეშ.
„აბა,
ვახტანგ გორგასალზე რას გვასწავლიდნენ და გვასწავლიან?“ ‒იკითხავს
გაოცებული მკითხველი. „ვახტანგ გორგასალზე ბევრ სისულელეს გვასწავლიდნენ და გვასწავლიან,
ისევე როგორც საქართველოს ისტორიის მთელ რიგ საკითხებზე“ ‒
ვუპასუხებ მე. საერთოდ, ვახტანგ გორგასალზე ძალიან ცოტა რამ ვიცით. ზოგიერთი ქართველი
მეცნიერი დარწმუნებულია, რომ ლამის ვახტანგ გორგასლის დიალოგებიც კი გვაქვს ქართლის
ცხოვრებაში შემორჩენილი (ამ საკითხზე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ სერიოზულ ფილოლოგთან
ვიდავე კიდეც. მეცნიერი ქართლის ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით მთელი
სერიოზულობით მიმტკიცებდა, რომ ეს ეპიზოდი გვიანდელი ჩანართი კი არა, ვახტანგის საუბრის
ნამდვილი ჩანაწერი ყოფილა), მაგრამ ეს უფრო მათი პატრიოტული ფანტაზიის ნაყოფია. ვახტანგ
გორგასლის ცხოვრება, ძირითადი ქართული
წყაროა, რომელიც აღწერს ვახტანგ გორგასლის ცხოვრებას. ეს თხზულება, უმეტესწილად, ლეგენდარულ-ზღაპრული
ხასიათისაა. ამ ლეგენდარული ხასიათის მიუხედავად, ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ
ვახტანგ გორგასალი ისტორიული ფიგურა იყო. ამაზე დღეს ორი აზრი არც შეიძლება იყოს, რადგან
ვახტანგის ეპოქის სომეხი ავტორი, ლაზარე პარფელი, რომელიც ძალიან კარგად იცნობდა ქართლში
არსებულ სიტუაციას, მეფე ვახტანგს ახსენებს. უბრალოდ, ქართული წყაროებისგან განსხვავებით,
სომეხი ავტორი უფრო რეალისტურად აღწერს ქართველ მეფეს და მას არა როგორც დაუმარცხებელ
გოლიათსა და მსოფლიო მნიშვნელობის მონარქს, არამედ როგორც საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის
მებრძოლ მოღვაწეს წარმოაჩს, რომელიც მიზნის მისაღწევად კომიკური ტყუილების მოგონებასაც
არ ერიდებოდა (შეგვიძლია ჰუნების მოსვლასთან დაკავშირებული „წარმოდგენა“ გავიხსენოთ).
აქ ვახტანგი არც იმხელა მნიშვნელობისა და გავლენის მეფედ წარმოგვიდგება, როგორც ქართველებს
გვსურს, რომ წარმოვიდგინოთ. ჩემი შეხედულებით, ვახტანგის მოღვაწეობის აღწერილობიდან
ყველაზე დიდ ნდობას მისი საეკლესიო რეფორმები იწვევს. ვახტანგის ცხოვრებაში აღწერილი
მოვლენები კარგად ესადაგება იმდროინდელ ქრისტიანულ სამყაროში არსებულ კანონიკურ სიტუაციას,
მაგრამ თანამედროვე ისტორიკოსებმა ვახტანგის საეკლესიო რეფორმებს სრულებით სხვა მნიშვნელობა
მისცეს (ესეც იმიტომ, რომ საეკლესიო-კანონიკური საკითხების საფუძვლიანი კვლევით თავი
არავის შეუწუხებიათ მაინცდამაინც).
საქმე ისაა, რომ ვახტანგს ქართლისათვის საეკლესიო დამოუკიდებლობა
კი არ მოუპოვებია, მან ქართლის ეკლესიის მეთაურს მოუპოვა კათალიკოსის საპატიო
ტიტული. ამ ტიტულის დამტკიცებისათვის ბიზანტიელი იერარქების კურთხევა და ნებართვა სჭირდებოდა,
რადგან ვახტანგის პრობიზანტიური პოლიტიკა ეჭვს არ იწვევს. ამიტომ ვახტანგ მეფე ცდილობდა, ქართლის ეკლესია პატივით
სპარსეთისა და სომხეთის ეკლესიებს გასთანაბრებოდა და, ამავე დროს, მტკიცე კავშირი შეენარჩუნებინა
ბიზანტიის ეკლესიასთან. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დღეს საქართველოს ეკლესიის მეთაური
კათალიკოს-პატრიარქის ტიტულს ფლობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ მკითხველებისგან ცოტა
ვინმემ თუ იცის, საერთოდ რას ნიშნავს კათალიკოსი და ქალკედონურ ეკლესიათა შორის
რატომ ატარებს მას მაინცდამაინც საქართველოს ეკლესიის მეთაური და არა, მაგალითად, რუსეთის
ან ბულგარეთის ეკლესიის მეთაურები. კათალიკოსის ტიტული პირველად სპარსული ეკლესიის
მეთაურმა მიიღო, ზოგი ვარაუდით, მეოთხე საუკუნეში, სხვა (და უფრო სარწმუნო) შეხედულებით,
მეხუთე საუკუნის დასაწყისში. როდის მიიღო ეს ტიტული სომხეთის ეკლესიის მეთაურმა, წყაროთა
ბუნდოვანი მონაცემებისა და ტენდენციურობის გამო
რთული სათქმელია. ალბათ, მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარში მას ეს ტიტული უკვე
ჰქონდა. აღნიშნული საეკლესიო წოდება ეპისკოპოსთა შორის უპირატესობას გულისხმობდა. სიტყვა
კათალიკოსი წარმოიშვა ბერძნული სიტყვიდან καθολικός, რაც უნივერსალურს,
საყოველთაოს, კრებსითს ნიშნავს[viii] ე.ი. მარტივად და გასაგებად
რომ ვთქვათ, ამ ტიტულის მფლობელი ეპისკოპოსი სხვა ეპისკოპოსთა შორის უმაღლეს ავტორიტეტს
ფლობდა და მნიშვნელოვანი საკითხები საეკლესიო ცხოვრებაში მის გარეშე ვერ გადაწყდებოდა.
ქართლის ეკლესიის მიერ ამ ტიტულის მოპოვება და შენარჩუნება იმის კარგი მანიშნებელია,
რომ გვიანანტიკურ ეპოქაში ქართლის ეკლესია იანუსივით ორ მხარეს იყო მიქცეული: ერთი
მხრივ, ის ფართოდ დაეწაფა რომაულ-ბიზანტიურ ქრისტიანობას მეოთხე საუკუნის დასაწყისიდანვე,
მაგრამ, მეორე მხრივ, გვიანანტიკურ ეპოქაში ის აღმოსავლური, არა ბერძნულ-რომაული, ქრისტიანობის
განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა, რომლის ნაწილებიც იყო ასევე სომხური, ალბანური, კოპტური,
ეთიოპური და ყველაზე მნიშვნელოვანი სპარსულ-ასურული ქრისტიანული ტრადიციები (ასურეთის
ე.წ. ნესტორიანულმა ეკლესიამ ბინა სპარსეთში დაიდო, საიდანაც უკვე გვიანანტიკურ ხანასა
და ადრეულ შუა საუკუნეებში მძლავრი განშტოებები შექმნა ჩინური, ინდური და თურქული ქრისტიანული
ტრადიციების სახით).
თუმცა გაქრისტიანებისთანავე
ქართლის მთავარ ორიენტირს საეკლესიო (და ხშირად პოლიტიკური) თვალსაზრისით, კონსტანტინოპოლი
წარმოადგენდა. ბიზანტიის ეკლესიასთან, კერძოდ კი, კონსტანტინოპოლის კათედრასთან, კავშირი
ქართლის ეკლესიისათვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ბიზანტიური წყაროები ერთხმად
გვატყობინებენ, რომ იბერიის მეფემ მოციქულები გააგზავნა იმპერატორ კონსტანტინესთან
და მას სამღვდელოების გამოგზავნა სთხოვა. გელასი კესარიელი გვაუწყებს, რომ ქართლის
პირველი იერარქი კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ აკურთხა. პირადად ჩემში
ქართლის ეკლესიის იერარქიის „კონსტანტინოპოლური“ წარმოშობა და მტკიცე საუკუნოვანი კავშირი
იმპერიის დედაქალაქის ეკლესიასთან ეჭვს არ იწვევს.[ix] კონსტანტინოპოლი სწორედ ალექსანდრეს
დროს იქცა მნიშვნელოვან საეკლესიო ცენტრად. მართალია, მას ჯერ კიდევ არ ჰქონია ის ძალაუფლება,
რომელიც გვიან მოიპოვა, მაგრამ ახლადმოქცეული ქვეყნებისათვის ეპისკოპოსად ხელდასხმა
უცხო რამ არ იყო კონსტანტინოპოლის ეკლესიის არსებობის ამ ადრეულ ეტაპზე. მაგალითად,
კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა ევსებიმ (რომელიც მაანამდე ნიკომედიის მღვდელმთავარი
იყო) ვულფილას ხელდასხმა აღასრულა (გოთების ეპისკოპოსად). ასე რომ კონსტანტინოპოლის
პირველიერარქის მიერ ქართლის ეკლესიისათვის ეპისკოპოსთა დადგენაში უცნაური და უჩვეულო
არაფერია. დიდი ალბათობით, ქართლის პირველ ორ მღვდელმთავარს, იოანესა და იაკობს, სწორედ
კონსტანტინოპოლში უნდა მიეღოთ ხელდასხმა. რთული სათქმელია, სად მიიღეს ხელდასხმა შემდგომმა
ეპისკოპოსებმა. დიდი ალბათობით, მესამე მთავარეპისკოპოსს, იობს, ხელდასხმა სომეხთა
კათალიკოსისგან, ნერსეს დიდისგან (353-373 წწ.), უნდა მიეღო, რადგან ამ პერიოდში ბიზანტიასა
და სპარსეთს შორის ომი მიმდინარეობდა და ქართველებს სომხებისთვის უნდა ეთხოვათ ეპისკოპოსის
ხელდასხმა, თუმცა ეს ქართლის ეკლესიის სომხურ ეკლესიაზე დაქვემდებარებას არ ნიშნავდა.
აქვე ერთი რამ უნდა ვთქვა გარკვევით: ის ფაქტი, რომ დროგამოშვებით ერთი ეკლესია
მეორე (მაგალითად, მეზობელ) ეკლესიას მეთაურის ხელდასხმის თხოვნით მიმართავდა, აუცილებლად
არ ნიშნავდა იმას, რომ ეს ეკლესია ხელდამსხმელი ეკლესიის იურისდიქციაში იმყოფებოდა.
მეხუთე საუკუნის 20-იანი წლებიდან კავკასიის ეკლესიებზე
ძლიერდება სპარსეთის ეკლესიის გავლენა. სპარსული ან უკეთ რომ ვთქვა, სპარსულ-ასურული
ეკლესია ქრისტიანობის დამოუკიდებელი განშტოება იყო, ბერძნულ-რომაული ქრისტიანობისაგან
განსხვავებული. ეს ეკლესია სათავეს მეორე საუკუნიდან იღებს. სპარსეთში ქრისტიანობა
რომის იმპერიიდან წაყვანილ ტყვეებს, ვაჭრებსა და იქ გადასახლებულ სხვა ადამიანებს შეჰქონდათ.
ასე, ნელ-ნელა, აქ ჩამოყალიბდა ქრისტიანული
თემები. ამ თემებისათვის მთავარი ენა იყო ასურული. ისევე როგორც რომის იმპერიაში, მალე
აქაც დაიწყო ცენტრალიზაციის პროცესი. მეხუთე საუკუნის დასაწყისში სპარსეთის ეკლესიამ
რამდენიმე კრება გამართა. ამ კრებებმა მიიღეს რომის იმპერიის ეკლესიის სარწმუნოება,
ანუ ნიკეის მრწამსი და საეკლესიო კანონები. ეკლესიის სათავეში მოექცია სელევკია-ქტეზიფონის
კათალიკოს-პატრიარქი. დროთა განმავლობაში მის ხელში დიდმა ძალაუფლებამ მოიყარა თავი.
420 წლის კრების აქტებში სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებიც სპარსეთის კათალიკოსის
ავტორიტეტს აღიარებდნენ, მოიხსენიება გურზანის, ანუ ქართლის, ეპისკოპოსიც.[x] თუმცა აქ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს:
ჩვენ დანამდვილებით მაინც არ ვიცით თუ რა მასშტაბები ჰქონდა, რეალურად, ამ დროს სელევკია-ქტეზიფონის
კათალიკოსს. ზოგიერთი მოსაზრებით, კათალიკოსის ძალაუფლება მეხუთე საუკუნეში არ ყოფილა
ძალიან დიდი და კათალიკოსის ამგვარი განდიდება გვიანდელი ჩანართია, რომლის ავტორიც,
დიდი ალბათობით, ასურული ეკლესიის ცნობილი პატრიარქი ტიმოთე I
(780-823). პატრიარქი ტიმოთე საეკლესიო
ძალაუფლების ცენტრალიზაციის მომხრე იყო, ამიტომ მის მიერ ადრინდელი ისტორიული საბუთების
გაყალბება გამორიცხული არ უნდა იყოს. ასეა თუ ისე, მეხუთე საუკუნის პირველ ნახევარში
სპარსეთის (თუნდაც მხოლოდ საერო ხელისუფლების) გავლენა ქართლის ეკლესიაზე დიდ ეჭვს
არ იწვევს. სწორედ სპარსული გავლენისაგან გამოსათავისუფლებლად და კონსტანტინოპოლის
ეკლესიასთან ურთიერთობების აღსადგენად დაიწყო მოქმედება მეფე ვახტანგ გორგასალმა.
მართალია, ვახტანგ გორგასლის მეფობისთვის, მიქაელ მთავარეპისკოპოსის
მოღვაწეობის დროს, ქართლის ეკლესია აღარ იყო სპარსეთის ძლიერი გავლენის ქვეშ (ყოველ
შემთხვევაში, ამის დამადასტურებელი ცნობები არ გვაქვს), მაგრამ ვახტანგს აშკარად არ
აწყობდა მიქაელი მთავარეპისკოპოსად. მას ისეთი მღვდელმთავრი სჭირდებოდა, რომელიც მეფის
პოლიტიკას დაუჭერდა მხარს. სწორედ ამიტომ მოიშორა მან მიქაელი ქართლის ეკლესიიდან და
კონსტანტინოპოლის პატრიარქს კათალიკოსის კურთხევა სთხოვა. ამასთან დაკავშირებით ვახტანგ
გორგასლის ცხოვრებაში ძალიან საინტერესო ეპიზოდი გვხვდება. მას შემდეგ რაც ვახტანგი
კონსტანტინოპოლის პატრიარქს მიმართავს ქართლის ეკლესიისათვის ხელდასხმის თხოვნით, კონსტანტინოპოლის
პატრიარქი წერილს უგზავნის ანტიოქიის პატრიარქს და სთხოვს, რომ მან დაადგინოს ქართლის
ეკლესიისათვის კათალიკოსი და თორმეტი ეპისკოპოსი, თან ახსენებს, რომ „აღმოსავლეთი“
ანტიოქიის სამწყსოა და, შესაბამისად, ქართლის ეკლესიას კათალიკოსი ანტიოქიამ უნდა დაუდგინოსო.
რას ნიშნავს ეს „აღმოსავლეთი“? ცხადია, ამ შემთხვევაში „აღმოსავლეთი“ რომის იმპერიის
აღმოსავლეთ დიოცეზს გულისხმობს, რომელიც რამდენიმე პროვინციას აერთიანებდა და რომელზეც
პრეტენზიას აცხადებდა ანტიოქიის პატრიარქი. მართალია, ეს „აღმოსავლეთი“ მხოლოდ რომის
იმპერიას მოიცავდა, მაგრამ ფაქტია, რომ ანტიოქიას უკვე ძალიან ადრე გაუჩნდა პრეტენზიები
თავისი იურისდიქცია რომის ფარგლებს გარეთაც გაევრცელებინა. მაშ ასე, კონსტანტინოპოლის
პატრიარქის თხოვნით, ანტიოქიის პატრიარქმა ქართლის ეკლესიისათვის კათალიკოსისა და თორმეტი
ეპისკოპოსის ხელდასხმა აღასრულა, მაგრამ ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ ქართლის ეკლესია
ანტიოქიის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა? პასუხი ცალსახაა: არ ნიშნავს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ,
რომ ერთი ეკლესიის მეთაურის ხელდასხმა მეორე ეკლესიის მიერ აუცილებლად არ ნიშნავდა
დაქვემდებარებას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ უკვე, მეექვსე-მეშვიდე საუკუნეების წყაროები
არც ადასტურებს ამ დაქვემდებარებას. ვატანგმა მიიღო ის, რაც სურდა: ქართლის ეკლესიის
მეთაურისა და მისი საპატიო ტიტულის ლეგიტიმაცია ბიზანტიელი იერარქებისაგან. ახლა აქ
საინტერესო შეკითხვა ჩნდება: გრძელდებოდა თუ არა ქართლის კათალიკოსთა ხელდასხმა ბიზანტიაში
თუ მათ ადგილზე, ქართლშივე, აკურთხებდნენ?
ქართულ წყაროებში კათალიკოს საბაზე გვაქვს ძალიან საინტერესო
ცნობა. კათალიკოსი საბა (დასაბია) ქართლის ეკლესიას, სავარაუდოდ, VI საუკუნის 20-30-იან წლებში მართავდა. წყაროს თანახმად,
კათალიკოს საბამდე ქართლის ეკლესიის მეთაურები „საბერძნეთიდან“, ანუ ბიზანტიიდან, მოდიოდნენ.
კათალიკოსი საბა პირველი ქართველი იყო, რომელიც ქართლის კათალიკოსად დაადგინეს და ამის
შემდეგ ქართლის კათალიკოსებს მხოლოდ ეთნიკურ ქართველთაგან ირჩევდნენ. ქართლის ეკლესიის
მეთაურობა ხელში ორმა მცხეთურმა საგვარეულომ აიღო და, როგორც ჩანს, მცხეთელ დიდგვაროვნებში
ქართლის კათალიკოსობა მემკვიდრეობითად გადადიოდა. რთულია ამ ცნობაზე რაიმეს გადაჭრით
თქმა. მისი სრულიად უგულებელყოფაც არ შეიძლება. რას უნდა ნიშნავდეს ის ცნობა, რომ აქამდე
ქართლის ეკლესიის მეთაურებად „საბერძნეთიდან“, ანუ ბიზანტიიდან მოდიოდნენ? შესაძლოა,
ეს ნიშნავს იმას რომ ქართლის ეკლესიის მეთაურები ხელდასხმა ბიზანტიაში (სავარაუდოდ,
კონსტანტინოპოლში) იღებდნენ, ხოლო საბას შემდეგ კათალიკოსთა ხელდასხმას ადგილზევე,
მცხეთაში აღასრულებდნენ.
ქართლის ეკლესიაზე სპარსეთის ეკლესიის გავლენა VI საუკუნეში კვლავ გაძლიერდა. ეს
გასაგებიცაა. ქართლი სპარსეთის ძლიერი გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, რამაც საბოლოო ჯამში
580 წელს მეფობის გაუქმება გამოიწვია. მეექვსე საუკუნის მიწურულს ქართლის პოლიტიკური
ავტონომია აღდგა. უცნაურია, მაგრამ აშკარაა, რომ ქართლის ეკლესიაზე სპარსეთის ეკლესიის
გავლენა მეშვიდე საუკუნეშიც იჩენს თავს. ქართლის ეკლესიის რამდენიმე მეთაური აშკარად
სპარსულ სახელს ატარებს და, გარდა ამისა, მეშვიდე საუკუნეში ქართლის ეკლესიას სათავეში
ჰყავს „ცოლოსანი კათალიკოსები“, რასაც მე სპარსული ეკლესიის გავლენას ვუკავშირებ. სწორედ
სპარსულ ეკლესიაში იყო გავრცელებული ცოლოსანი ეპისკოპოსების ჩვეულება, მაშინ როცა ეს
წესი რომის იმპერიაში უკვე კარგა ხნის მოშლილი იყო.
ცხადია, რომ ქართლმა ქრისტიანობა აღმოსავლეთ რომის იმპერიისგან,
კონსტანტინეპოლის კათედრისგან, მიიღო. მცხეთის საყდარს აქტიური ურთიერთობები ჰქონდა
სომხეთისა და ანტიოქიის ეკლესიებთან, მაგრამ პირველწყაროები არ ადასტურებს ქართლის
ეკლესიის დაქვემდებარებას არც სომხეთის და არც ანტიოქიის მიმართ. V-VII საუკუნეთა მანძილზე ქართლი სპარსული ქრისტიანობის ძლიერ
გავლენას განიცდის (როგორც კანონიკური, ასევე დოგმატური თვალსაზრისით), თუმცა გვიანანტიკური
და ადრეული შუა საუკუნეების განმავლობაში ქართველები, ძირითადად, კონსტანტინოპოლზე
აკეთებდნენ სწორებას. ეს კარგად ჩანს ქართლის მოქცევის ადრეულ ეტაპზე, ვახტანგ გორგასლის
პოლიტიკიდან და შემდეგ იმ პრობიზანტიური კურსიდან, რომელიც ქართველებმა, განსაკუთრებით
კი ტაო-კლარჯეთის სამეფომ, მეცხრე საუკუნიდან აიღეს.
[i] ლიტერატურის მიმოხილვა იხ. მზია სურგულაძე,
მცხეთის სახლი (თბილისი, 2016),
207-209.
[ii] დავით ტყეშელაშვილი, საქართველოს
ეკლესიის ავტოკეფალიის ისტორიის ძირითად საკითხები (ქუთაისი, 2014). თუმცა დ. ტყეშელაშვილის
ნაშრომი რაიმე არსებით სიახლეს არ გვთავაზობს, ხშირად იმეორებს ადრე გამოთქმულ მოსაზრებებს
და ავტორიტეტად ისეთ ოდიოზურ ფსევდომეცნიერს იმოწმებს, როგორიცაა ანანია ჯაფარიძე.
საინტერესო შეხედულებები აქვს გამოთქმული ქართლის ეკლესიის კანონიკურ სტატუსთან დაკავშირებით
დ. ჩიქოვანს, Chikovani, Davit. ‘The Synod of Mar Yahbalaha (AD 419-420) and Its
Significance for the History of the Church of Kartli,’ Pro Georgica 30
(2020).
[iii] იხ. Shota Matitashvili, The Canonical Status of the
Iberian (Eastern Georgian) Church during Late Antiquity and the Early Middle
Ages. MA Thesis
in Late Antique, Medieval and Early Modern Studies (Central European University, Vienna, May 2021).
[iv] დღეისათვის ყველაზე საყურადღებო მოსაზრებები იესოს ისტორიულობასთან
დაკავშირებით ადრეული ქრისტიანობის ცნობილმა მკვლევარმა ბართ ერმანმა გამოთქვა (თავად
ბართ ერმანი აგნოსტიკოსია და არც ერთ რელიგიას არ მიეკუთვნება, თუმცა მკაცრად მეცნიერული
პოზიციიდან ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იესო ქრისტე ისტორიული პიროვნებაა და არა ლიტერატურული
ფიქცია). იხ. https://www.huffpost.com/entry/did-jesus-exist_b_1349544. რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ცნობილი
ქართველი ინტელექტუალი ქრისტეს ისტორიულ არსებობას ეჭვქვეშ აყენებდა და გამოთქვამდა
მოსაზრებას, რომ ქრისტეს ლიტერატურული სახე შესაძლოა ორი ისტორიულად არსებული პიროვნების
გაერთიანების შედეგად წარმოიქმნა. ასეთი „ორიგინალური აზრები“ ადამიანებს მაშინ ებადებათ,
როცა უახლოეს სამეცნიერო ლიტერატურას არ ეცნობიან და ამა თუ იმ საკითხზე საუბრისას
მეცხრამეტე საუკუნის მეცნიერების დონეზე რჩებიან.
[v] იქადაგეს თუ არა მოციქულებმა პირველ საუკუნეში კავკასიაში,
რთული საკითხია. წყაროების უქონლობის გამო რაიმეს მტკიცება რთულია. ჩემი აზრით, ეს
უფრო გვიანდელი ლეგენდაა და იმ ტიპის ლეგენდებს შორის უნდა განვიხილოთ, როგორებიცაა
მცხეთაში ელია წინასწარმეტყველის ხალენისა და მაცხოვრის კვართის დაფვლა და ღვთისმშობლისადმი
წილხვდომილობა, მაგრამ ქრისტიანობას კავკასიაში ადრეულ ეპოქაშივე უნდა შემოეღწია (სავარაუდოდ,
მეორე საუკუნიდან).
[vi] Peter
L’Huillier. The Church of the Ancient Councils: The Disciplinary Work of the
First Four Ecumenical Councils (New-York: St. Vladimir’s Seminary Press,
2000), 45-53.
[viii] William
Wigram. An Introduction to the History of the Assyrian Church or The Church
of the Sassanid Persian Empire 100-640 A. D. (London: Society for Promoting
the Christian Knowledge, 1910), 91.
[ix] გეორგიკა: ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს
შესახებ, ტ I. ტექსტები ქართული თარგმანითურთ
გამოსცეს და განმარტებები დაურთეს ალ. გამყრელიძემ და სიმონ ყაუხჩიშვილმა (თბილისი
1961), 193-194.
[x] დავით ჩიქოვანი, აღმოსავლეთის ეკლესიის კრებათა ისტორია
IV-V
საუკუნეებში (თბილისი, 2019), 83.
No comments:
Post a Comment